ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ

ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ




რუბრიკა „ერთი გმირის ისტორია“

ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას

გიორგი მიროტაძე - დაიბადა 1970 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისში ცნობილ დასტაქრის, პირველი აფხაზი მეცნიერის, აფხაზეთისა და ქართული უროლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მკვლევარისა და საზოგადო მოღვაწის სოკრატ არშბას ოჯახში.
1976 წელს შევიდა თბილისის I საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1987 წელს. 1987-89 წლებში მუშაობდა თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიისა და ნევროლოგიის ს/კ ინსტიტუტში სანიტრად.
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.  1992 წლის 20 ნოემბერს წავიდა მოხალისედ აფხაზეთში, როგორც „თეთრი არწივის“ სამედიცინო სამსახურის სან. ინსტრუქტორი, მე-4 კურსის სტუდენტი თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად – დაჭრილების საშველად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. 1992 წლის 29 დეკემბერს დაიღუპა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა აფხაზსკაიაში. 
დაკრძალულია ქ. თბილისში საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბაბუის გვერდით.
ლაშა ქოიავა, ექიმი, სწრაფი რეაგირების კორპუსის (ეროვნული გვარდია) I ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი: " გიორგის ომამდე ვიცნობდი, ჯერ კიდევ სკოლიდან. მართალია. ჩემზე 5 წლით უმცროსი იყო, მაგრამ ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი ბავშვი იყო და სკოლიდან მახსოვდა. რაც შეეხება აფხაზეთის ომს, ის ჩვენთან მოვიდა  ნოემბერში ჩავეწერები და წამიყვანეთო, სიმართლე გითხრათ დიდხანს წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, გადაწყვეტილი ჰქონდა და მაინც წავიდოდა. ჩაეწერა ჩვენთან, პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურში, გაიარა მომზადება თბილისის ზღვაზე და შემდეგ წავედით აგუძერაში. ჩასვლისთანავე საყოველთაო „ლუბიმჩიკი“ გახდა. ძალიან საყვარელი პიროვნება იყო, თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი  და ძალიან ზრდილობიანი. სულ მთხოვდა, რომ ბრძოლაში გამიშვიო, მაგრამ ძალიან მაღალი იყო, 2 მეტრამდე და მეშინოდა მისი ბრძოლაში გაშვება, სულ ვერიდებოდი ხოლმე ამას.
სანამ გარდაიცვლებოდა დეკემბრის დასაწყისში შეტაკება იყო, უცებ აღმოვაჩინე, რომ ერთ ჩვენ თანამებრძოლთან ერთად დაჭრილები გამოჰყავდა გიორგის. სად მიდიხართქო და არ მცალიაო ბიჭები არიან გამოსაყვანი, მარტო მე ვიციო და გაიქცა. საკმაოდ სახიფათო ადგილებში დადიოდა.გიორგიმ ბევრი დაჭრილი ატარა ზურგით. თავად კი 29 დეკემბერს დაგვეღუპა ბრძოლის ველზე. შეტაკება მოხდა ჩვენებსა და ბოევიკების მცირე ჯგუფს შორის. სადღაც დაიძახეს, დაჭრილიაო და ამის გაგონებაზე გიორგი წამომადგა, სხვათა შორის სულ ვაფრთხილებდი, რომ ბრძოლის დროს არ წამოდგე, ჯერ გაერკვიე კარგად საიდან არის სროლა როგორ, რანაირად. ის ადგა თავის 2 მეტრი სიმაღლით დაჭრილის დასახმარებლად და როგორც კი სიარული დაიწყო მაშინვე მოხვდა ორი ტყვია, ერთი ღვიძლში და ერთი ბარძაყში. სამწუხაროდ, სადაც ეს მოხდა იმ ადგილამდე მანქანა ვერ მივიდოდა. ლადო კეპულაძემ, თენგიზ წულაძემ და თანამებრძოლმა ექიმებმა გიორგი 6 კილომეტრი ხელით ატარეს ლაბადით. ის გულრიფშის საავდმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა დაგვიანდა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა, ის საოპერაციოს კართან გარდაიცვალა. ის იყო პირველი ტკივილი ჩვენს სამსახურში."
ლევან მიროტაძე გიორგი მიროტაძის მამა: „ნოემბერში წავიდა ომში. წინა დღეებში დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ ცოტა შეუძლოდ იყო, არ გადაუხდია. არ გვინდოდა, ომში რომ წასულიყო, მაგრამ არ დაიშალა. დათო თევზაძესთან მისულა. უთხოვია - ესა და ესა ვარ და წამოგყვებითო. საღამოს დაგვირეკეს - უშვებთო? ისე იყო აჩემებული წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეთ. ზუსტად იმ დღეებში ჩემი ხელით ავიყვანე თბილისის ზღვაზე, იქ იყვნენ ყველა გია  ყარყარაშვილიც, დათო თევზაძეც.. 19 ნოემბერს გაფრინდნენ. ჩავიდნენ აგუძერაში და აღმოჩნდა, რომ ბაზა ჰქონდათ ჩვენ სახლთან ახლოს, 200 მეტრში. იქ იყვნენ დაბანაკებულები, ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ მასთან ერთად. რამდენიმე საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, დადიოდა დავალებებზე. 29 დეკემბერს ათარა აფხაზსკაიაში შეტაკების დროს დაიჭრა. უთქვამს თქვენ გაარღვიეთ, მე ავიღებ ჩემ თავზეო, ტყვედაც რომ ამიყვანონ, ვერცერთი აფხაზი ვერ გაბედავს ხელი დამადოსო. იმიტომ, რომ ასე სწამდა. მისი ბაბუა სოკრატე არშბა, პირველი აფხაზი პროფესორი იყო და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზეთში. ასეთ გარემოში იყო გაზრდილი. ქართველების და აფხაზების ურთიერთობის წახდენის არავითარ შემთხვევაში არ სჯეროდა. იმიტომ რომ აფხაზებისგან მეც ძალიან ბევრი სითბო მახსოვს.
ბავშობიდან ისე იზრდებოდა, დიდი სიყვარული ჰქონდა აფხაზეთის და იქაურების მიმართ, ბოლომდე არ სჯეროდა ქართველების და აფხაზების მტრობის. როდესაც წავიდა,სულ ვეუბნებოდით, რომ თუ იქნება რაიმე საბრძოლო მოქმედებები არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე ოჩამჩირე ტყვარჩელის მხარეს-მეთქი. გიცნობენ იქ და უხერხულიათქო. რომ ჩავიდა აფხაზეთში მთელი სამედიცინო საზოგადოება იცნობდა, ყველგან მიესვლებოდა, ყველას დახმარებას სთხოვდა, ყველგან ანგარიშს უწევდნენ, რადგან უდიდეს პატივს სცემდნენ მის ბაბუას ბატონ სოკრატეს და გიორგი კიდე ყველას ძალიან უყვარდა...
ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ის აფხაზებთან ბრძოლაში დაიღუპებოდა, ალბათ, ეს თვითონაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.“
მარინა არშბა გიორგი მიროტაძის დედა: „მე ბევრი სიკეთე და სიყვარული მახსოვს აფხაზეთთან დაკავშირებით, მამაჩემი, სოკრატ არშბა, ცნობილი ექიმი, ქირურგი გახლდათ, ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ თბილისში მოღვაწეობდა, მის მიმართ და საერთოდ, ჩვენი ოჯახის მიმართ ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული არსებობდა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს.
გიორგი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო შემრიგებელი, ფიქრობდა, რომ აფხაზეთშიც, ამისთვის მიდიოდა.. მიუხედავად იმისა, რომ დედისთვის შვილზე ძვირფასი არავინ არსებობს, შვილი შენი სხეულის ნაწილია, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენმა ტკივილმა არ უნდა გაგვაბოროტოს, არა მგონია, ვინმეს ვინმეს შვილის მოკვლა ნდომოდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ შვილებს, არა სიძულვილი, არამედ სიყვარული ჩავუნერგოთ.“
1993 წელს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის გადაწყვეტილებით დაარსდა გიორგი მიროტაძის სახელობის სტიპენდია.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 11 აპრილის ბრძანებულებით გიორგი მიროტაძე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საბურთალოს რაიონში „ოჟიოს“ ქუჩას ეწოდა გიორგი მიროტაძის სახელი. 
ყოველწლიურად ტარდება „მხიარულთა და საზრიანთა“ გუნდებს შორის ღია ჩემპიონატი გიორგი მიროტაძის სახელობის თასზე. 
2005 წლის 14 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დამტკიცდა და რეგისტრაციაში გატარდა გიორგი მიროტაძის უკვდავი ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფონდი „გიორგი და ერთიანი საქართველო“.
2010 წლის 15 ოქტომბერს სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში დაიდგა დაღუპულ სტუდენტთა მემორიალი.