შავი ფული და შავბნელი „ნაცმოძრაობა“

შავი ფული და შავბნელი „ნაცმოძრაობა“

მეცხრე წელია, „ნაცმოძრაობას“ იერიში იერიშზე მიაქვს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ხნის განმავლობაში, ვერა და ვერ გამოიძებნა ეფექტური საშუალება ამ იერიშების აღსაკვეთად.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მასთან ერთად ხელისუფლებაც, დიდი ხანია, მივიდნენ იმ საკვნამდე, რომ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, არამედ მტერია, რომელიც ღიად და დაუფარავად ძალადობს ქართულ სახელმწიფოზე, ქართველ ხალხზე _ არ ემორჩილება კანონებს, არ ცნობს არჩევნების შედეგებს, აბუჩად იგდებს სახელმწიფო სტრუქტურებს და ღიად ეწევა მათ დისკრედიტაციას, ქვეყანას ამყოფებს მუდმივი რყევების, მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის რეჟიმში, ეწევა საბოტაჟს, აფერხებს პარლამენტის ნორმალურ მუშაობას, ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს ქვეყნის გარეთ, ცდილობს, უთანხმოება და უნდობლობა ჩამოაგდოს საქართველოსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
რვა არჩევნები ჩატარდა ამ ცხრა წლის განმავლობაში, თუმცა ეს არ იყო არჩევნები იმ გაგებით, როგორც ეს არის მიღებული ცივილიზებულ სამყაროში.
თითოეულ ამ არჩევნებს თან მოსდევდა მორიგი შეტევა „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რომელიც ვერ ეგუებოდა წარუმატებლობას და დამარცხების კომპენსაციას უკიდურესად რადიკალური ხერხებით ცდილობდა.
ცხრა წელია, ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ შტევების მოგერიების რეჟიმში ცხოვრობს.
თითქოს არჩევნებს კი არ ვატარებთ, გამუდმებულ ომში ვართ და მოძალადე „ნაცმოძრაობისგან“ თავს ვიცავთ.
იმ ზომებით, რომლებსაც ქართული სახელმწიფო ამ განუწყვეტელი შეტევების აღსაკვეთად იღებს, მხოლოდ დროებით თუ ხერხდება ამ მასიური იერიშების შეჩერება _ მცირე ხნით ჩაცხრება, მერე კი ისევ ხელახლა იწყება ყველაფერი.
ახლაც სხვადასხვა ლოკაციებზე გამუდმებული იერიშები მიაქვთ ნაციონალებს და ქართული სახელმწიფო ისევ და ისევ ამ იერიშების მოგერიებას ცდილობს.
ცხადია, ამ „ღონისძიებების“ ჩატარებას ნაციონალები კოლოსალურ თანხებს ახმარენ. მათი ძალა, მათი უშრეტი ენერგია, ფაქტობრივად, ფულზე დგას, რომელიც უწყვეტ ნაკადად მოედინება საიდანღაც და არა და არ ილევა.
2013-ში ვფიქრობდით, სადაცაა ამოეწურებათ ნაცებს ფულადი რესურსებიო, მერე იგივეს ვფიქრობდი 2014-ში, 2015-ში, 2016-შიც, მაგრამ ნაციონალების ფულის მდინარე კი არ დაიშრიტა, ახალ-ახალი შენაკადები გაჩნდა და უფრო და უფრო წყალუხვი, უფრო ზუსტად, ფულუხვი გახდა, შესაბამისად, იმატა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგმაც და 17–18 პროცენტიდან 30 პროცენტამდე ავიდა.
მართალია, „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს ხელს, არჩევნებში დიდ ფულს ხარჯავენო, თუმცა, სინამდვილეში, თავად „ნაცმოძრაობა“ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს ყოველწლიურად.
უხეში დაანგარიშებით, ეს თანხები ასეულობით მილიონს აღწევს.
აბსოლუტური სიცრუეა ნაცების მტკიცება, თითქოს მათი მხარდამჭერები მხოლოდ შიშველ ენთუზიაზმზე მუშაობენ და უანგაროდ ემსახურებიან ნაცების პოლიტიკური ინტერესებისა და ოცნებების განხორციელებას.
დადასტურებული ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ აქციების და მიტინგების მონაწილეები გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ _ „სტავკები“ 50 ლარიდან იწყება და 200–300 ლარამდე ადის.
არსებობენ ე.წ. პროფესიონალი მომიტინგეები, რომლებიც მიტინგიდან მიტინგზე, ქალაქიდან ქალაქში გადადიან და, ფაქტობრივად, ამ შემოსავლით ირჩენენ თავს და არჩენენ ოჯახსაც.
უხეში დათვლებით, ერთი ხუთიათასკაციანი მიტინგის მოწყობა, თავის ტექნიკურ ხარჯებთან ერთად, ყველაზე ნაკლები, ნახევარ მილიონამდე ჯდება.
ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი მიტინგი იმართება წლის განმავლობაში და რამდენ ნახევარ მილიონს იხდიან ნაცები მომიტინგეთა ანაზღაურებაში.
ამას დაუმატეთ პარტიული ოფისების და იქ მომუშავე ადამიანების შენახვა მთელი საქართველოს მასშტაბით, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებით დაკომპლექტებული მრავალრიცხოვანი ორგანიზაციების, „ნაცმოძრაობის“ სატელიტი არასამთავრობოების დაფინანსება სხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი ხარჯები.
ცალკე სალაპარაკო თემაა, როგორ და რა თანხებით ინახავენ ნაცები სამ მსხვილ ტელეკომპანიას „მთავარს“, TV 1-ს, „ფორმულას“, სხვა წვრილ-წვრილ ტელევიზიებს, საიტებს, პორტალებს, სააგენტოებს.
არა იდეებზე, არა კონცეფციებზე, არა ნოვატორულ პროექტებზე და გეგმებზე, არამედ მთლიანად ფულზე დგას „ნაცმოძრაობის“ „ძლევამოსილების“ საიდუმლო და სანამდე ექნებათ ეს დიდი ფული, ნაციონალებიც იქნებიან და იქნებიან.
მოდით, კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა, რომელიც ადრეც ბევრჯერ დასმულა _ რა წამომავლობისაა და ვისია ეს ფული, რითაც ნაციონალები თავიანთ „მრავალწახნაგოვან“ და „მრავალპროფილიან“ საქმიანობას აფინანსებენ?
თუ ეს ნაციონალების ფულია, საიდან შეიძლება ჰქონდეს პარტიულ ორგანიზაციას მილიონები და მილიარდები, რომლებსაც ასე უშურველად ხარჯავენ და ხარჯავენ, მაგრამ მძლავრ ნაკადად მომდინარე ფულის ნაკადს ამით არაფერი აკლდება.
შეიძლება ეს ფული იმ 16 მილიარდის ნაწილია, რომელიც, როგორც ამბობენ, ნაციონალებმა ქვეყნიდან გაზიდეს, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა _ ბუნებით ძუნწი და წუწკი ნაციონალები საკუთარ ფულს პარტიას რომ არ მოახმარენ, ეს ეჭვს არ იწვევს.
ნაციონალებმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალიან სერიოზული ბიზნესები „დაითრიეს“, თუმცა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც ამ ბიზნესისთვის თითი არავის დაუქნევია და მათი მფლობელებისთვის ზედმეტი სიტყვა არავის უთქვამს.
ნაციონალებს ყველაფერი შერჩათ, ნაციონალებმა ყველაფერი შეირჩინეს და შეინარჩუნეს და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ისინი დღემდე აკონტროლებენ ქართული ბიზნესის უდიდეს სეგმენტს თითქმის ყველა სფეროში.
ნაციონალების პარტიულ ყულაბაში, ცხადია, დიდი თანხები შედის ნაცების პირადი თუ მათი ბიზნესპარტნიორების ბიზნესებიდანაც, თუმცა არა გვგონია, ეს მაინც საკმარისი იყოს კოლოსალური ხარჯების დასაფარად.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ნაციონალებს სერიოზული სპონსორები და დონორები ჰყავთ უცხოეთში სხვადასხვა ფონდების სახით, რომელთა მთავარი საქმიანობა შავი ფულის გარეცხვას და „ატკატის“ სახით დიდი სარგებლის მიღების მაქინაციებს უკავშირდება.
ზოგიერთი ექსპერტის და ანალიტიკოსის აზრით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც რუსული შავი ფული ტრიალებს, რომელიც სხვადასხვა უცხოური კომპანიების თუ ფონდების გავლით შემოდის საქართველოში.
ამ ექსპერტების და ანალიტიკოსების მტკიცებით, „ნაცმოძრაობა“ სწორედ „პასპორტგადაკეთებული“ რუსული შავი ფულით ფინანსდება.
მიზანი: საქართველოში მუდმივი რყევების, მუდმივი უწონადობის, მუდმივი ქაოსის და არასტაბილური გარემოს შექმნა, რომელმაც ბოლომდე უნდა დაასუსტოს და დააუძლუროს ქართული სახელმწიფო.
ამ ვერაგულ მიზანს შესანიშნავად ემსახურებიან ნაციონალები, ნაციონალები კი ის ხალხი არ არის, ვინმეს რაიმე მუქთად გაუკეთონ…
ასეა თუ ისეა, ფაქტია, ნაციონალებმა პოლიტიკა დიდი ფულის კეთების საშუალებად, დიდ ბიზნესად აქციეს და ამ საქმეში საკმაოდ ნიჭიერები და ფხიანები აღმოჩნდნენ.
მათ პოლიტიკოსობა პოლიტიკის საკეთებლად კი არა, დიდი ფულის საკეთებლად სჭირდებათ, პოლიტიკა სჭირდებათ, როგორც „კრიშა“, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი. 
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა, როგორც ვთქვით, მთლიანად შავ ფულს ეყრდნობა.
სანამ არ გადაიკეტება შავი ფულის ნაკადი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ასაზრდოებს, მანამდე „ნაცმოძრაობაც“ იარსებებს და არა მარტო იარსებებს, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება.
აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენელთა ოპტიმიზმს, რომლებიც დაბეჯითებით გვარწმუნებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ აგონიაშია, „ნაცმოძრაობა“ ბოლო დღეებს ითვლის და ახლო მომავალში ის საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან.
ჩვენ ეს განცხადებები 9 წელია, გვესმის, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ არსად წასულა და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ აპირებს წასვლას.
***
კიდევ ვიმეორებთ: ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო ამ პროცესების შესაჩერებლად და მტერზე უარესი მტრის, „ნაცმოძრაობის“, შესაჩერებლად სხვა გზა და სხვა ხერხი არ არსებობს, გარდა ერთისა: „ნაცმოძრაობას“ არალეგალური და ფინანსური წყაროები, განსაკუთრებით კი შავი ფულის მძლავრი ნაკადები უნდა გადაეკეტოს, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ საზრდოობს და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, წლებია, ახორციელებს.
როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს ეს, ხელისუფლებამ ჩვენზე უფრო კარგად იცის.
სანამ შავი ფულის ინექცია დაუბრკოლებლად მიედინება „ნაცმოძრაობის“ ძარღვებში, საქართველოს შავი ღამე კიდევ დიდხანს ვერ გათენდება…

ვახტანგ ხარჩილავა