შერიგება ,,ნაციონალურად'', ანუ ,,დარლასამც შაეწირები''

შერიგება ,,ნაციონალურად'', ანუ ,,დარლასამც შაეწირები''




ბოლო ხანებში ნაციონალებმა შერიგებაზე დაიწყეს ლაპარაკი.
თვით სააკაშვილმაც კი, „ქართული ოცნების“ შეურიგებელმა მტერმა, რომელიც აქამდე ყოველგვარი კომპრომისის წინააღმდეგი იყო, ტონი შეარბილა და მისთვის ჩვეული ენის მოჩლექით, შერიგებაზე და ეროვნულ თანხმობაზე ჩამოაგდო სიტყვა.
შერიგება კარგია, მაგრამ ნაცებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, როგორ წარმოუდგენიათ ეს შერიგების პროცესი.
ვისთან უნდა შერიგდნენ, როგორ და რა პირობით უნდა შერიგდნენ? - ამ დეტალებზე ნაციონალები ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ.
თუ საუბარია „ქართულ ოცნებასთან“, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, შერიგებაზე, ეს შერიგება შეიძლება შედგეს, მაგრამ „ქართული ოცნება“ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, არ არის გამორიცხული, ქართველი ხალხის ისეთი პროტესტი დაიმსახუროს, რომ დღის წესრიგში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს.
ვფიქრობ, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არასოდეს შეურიგდება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებას და თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ ორივეს ზურგს შეაქცევს და მესამე პოლიტიკურ ძალაზე დაიწყებს ფიქრს.
მართალია, ეს მესამე პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ის აუცილებლად გაჩნდება, აუცილებლად ამოიზრდება იმედგაცრუებული, უკიდურესად ნაწყენი და გაბრაზებული ხალხის წიაღიდან.
ასე რომ, ეს შერიგება შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალის დაბადების წინაპირობა გახდეს და ამ შერიგებით „ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საერთო მესაფლავე გამოჩხრიკონ.
თუ რაიმე პრეტენზია აქვს ქართველ ხალხს „ქართულ ოცნებასთან“, პირველ ყოვლისა, პრეტენზია აქვს ავადსახსენებელი კოაბიტაციისა და „ნაცმოძრაობასთან“ ზედმეტად ლოიალური და შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო, რამაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი სერიოზულად დააზიანა და შეაფერხა, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს ჯერ მაინც შერჩათ იმედი, რომ უამრავი დანაშაულის ჩამდენ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ ნაავკაცარი არ შერჩებათ.
ეს მინავლული იმედი სააკაშვილის დაპატიმრებამ ახალი ძალით გააცოცხლა, თუმცა პრეზიდენტყოფილის სასამართლო პროცესებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი არ სამართლდება იმ უმძიმესი დანაშაულების გამო, რაც მას აქვს ჩადენილი საქართველოს წინაშე, რაც ქართველი საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ჯერ ძნელი სათქმელია, როგორი გაგრძელება ექნება ამ სასამართლო პროცესებს და, საერთოდ, როგორ დამთავრდება იგი.
„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებს და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს და პარალელურად შერიგებაზე ლაპარაკობს, ყოველივე ამის პარალელურად კი სააკაშვილი რევოლუციური სცენარის სხვადასხვა ვარიანტებს აანონსებს გორის ჰოსპიტლიდან.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე პარალელური ხაზი გაჩნდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ პარტიაში ერთიანობა არ არის, რაც ამ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდეს.
როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პარტია შერიგებაზე იწყებს ლაპარაკს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის და ცდილობს, პრობლემები მასზე ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტთან დაზავებით, შეთანხმებით და, სააკაშვილის ტერმინს თუ ვიხმართ, დიდი გადატვირთვით მოაგვაროს.
გაუგებარია, რა უნდა გადატვირთოს და რა უნდა გადმოტვირთოს ციხეში მჯდარმა სააკაშვილმა, რა ბერკეტები აქვს მას გარდა იმისა, რომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ისეთ ომახიან პოსტებს დებს ხოლმე, გეგონება, ეს კაცი ციხეში კი არ ზის, ისევ პრეზიდენტის სავარძელშია წამოჭიმული და ქვეშევრდომებს დირექტივებს და ინსტრუქციებს აძლევსო.
სააკაშვილი რომ აშკარად მოწყვეტილია რეალობას და რაღაც წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს, ეს წერილებსა თუ განცხადებებშიც ნათლად ჩანს, რომელსაც სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს პერიოდულად უგზავნის და რომლებშიც საქმე ისეა წარმოჩენილი, თითქოს სააკაშვილი კი არა, ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე სხედან საკნებში, ეს კი „ნადზირატელია“.
_ „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს, „ქართული ოცნება“ კრიზისშია და ჩვენ სულ მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, _ აცხადებს სააკაშვილი.
იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ კაცს, რომ ის, ვინც ციხეში ზის, ივანიშვილი კი არა, თვითონ არის და ექვსი წელი აქვს მისჯილი.
ერთხელ დავწერე, სააკაშვილი მკვდრეთით აღმდგარი ლენინია-მეთქი, თუმცა საწყალ ლენინს ის საინფორმაციო საშუალებები რომ ჰქონოდა, რაც ამას აქვს, ნიკოლოზ მეფეს ცხრაასჩვიდმეტში კი არა, ცხრაასხუთში დაამხობდა.
ლენინი რძეში აწობდა ბატის ფრთისგან დამზადებულ კალამს და ისე წერდა თავის რევოლუციურ მოწოდებებს, ეს კი, ეს სიმაღლეში დაგრძელებული ლენინი, ინტერნეტით, ფეისბუკით ავრცელებს თავის ნაბოდვარს, დღეში ხუთი-ექვსი შიკრიკი დაუდის და იმათ ატანს წერილებს, ცალკე თავის წითელ კომისრებს, თავის მრავალრიცხოვან ადვოკატებს, „ნაცისტ“ ექიმებს იყენებს ხალხთან საკომუნიკაციოდ, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ამ გონებაარეულ კაცს გონებასთან ერთად დროც აერია, ახლაც 2003 წელი ჰგონია და დარწმუნებულია, ისევ მოახდენს ახალ „ვარდების რევოლუციას“ და იმას ვერ ხვდება, რომ მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ეს შეუძლებელია.
2003 წელს საქართველომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რა წარმოადგენდა სააკაშვილი, დღეს კი ის ბოლომდე გაშიშვლებულია, ბოლომდე გაშიფრულია და მისი დაბრუნება ხელისუფლებაში ისევე გამორიცხულია, როგორც უკვე ჩავლილი მდინარის ხელახლა დაბრუნება სათავესთან.
***
და მაინც, რას ნიშნავს შერიგება ნაციონალების გაგებით?
ყოველ შემთხვევაში, იმას ნამდვილად არა, რასაც ამ სიტყვის შინაარსი გულისხმობს.
ნაციონალები შერიგებაში იმას გულისხმობენ, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაც მათ ჩაუდენიათ, შევწყვიტოთ სისხლის სამართლის საქმეები, გავაჩეროთ სასამართლო პროცესები, გავათავისუდლოთ ნაციონალი დამნაშავეები ციხეებიდან და, რაც მთავარია, დაუყოვნებლივ გავათავისუფლოთ სააკაშვილი და მივცეთ მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება.
აი, ამას ნიშნავს შერიგება ნაციონალურად.
რას მიიღებს საქართველო ამ შერიგების სანაცვლოდ?
რას მიიღებს და სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნებულ „ნაცმოძრაობას“.
ამიტომ ყოველგვარი საუბარი შერიგებაზე კატეგორიულად მიუღებელია, ისევე, როგორც კატეგორიულად დაუშვებელია გაუაზრებელი და დემაგოგიური საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე და კოალიციურ მთავრობაზე.
ვინც პოლარიზაციის განმუხტვის ვითომცდა კეთილშობილური და პატრიოტული მოტივებით „ნაცმოძრაობასთან“ შერიგებისკენ მოგვიწოდებს, ის, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გვთავაზობს.
კარგად დავიმახსოვროთ ეს ყველამ და, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ…
***
- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია დამთავრდეს! - ბრძანა ამასწინათ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ქალბატონ სალომეს არ დაუზუსტებია, როგორ და რანაირად აპირებს ამის გაკეთებას, თუმცა საზოგადოებაში უკვე გაჩნდა სხვადასხვა ვერსიები პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს.
მართალია, არა და არასოდესო, კი თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ სხვადასხვა პოლიტიკურ გარემოებათა გამო, ეს „არა და არასოდეს“ შეიძლება „კი, ბატონოთი“ შეიცვალოს და როგორც მოშიაშვილს დაუძახეს, ისე ამასაც მოულოდნელად დაუძახონ:
- სააკაშვილი, ს ვეშჩამი!
სხვათა შორის, მოშიაშვილი და სააკაშვილი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს.
სააკაშვილმა, მოშიაშვილივით, ძალიან ბევრი საიდუმლო იცის, ამიტომ ციხეში მისი დიდხანს ჯდომა დაუშვებელია - შეიძლება გუდას მოხსნას პირი და თავისი „პადელნიკები“ ერთმანეთის მიყოლებით ჩაუშვას.
შეწყალება ერთია, მაგრამ მთავარი და უპირველესი თავსატეხი სხვა რამ არის: სად მიდის მერე ეს შეწყალებული სააკაშვილი - საქართველოში დარჩება თუ ქვეყნიდან მიდის, რომ უკან არასოდეს მოიხედოს.
საქართველოში თუ დარჩა, პოლარიზაცია და თავპირისმტვრევა მერე ნახეთ თქვენ.
თუ საქართველოდან წავიდა, ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ შეწყალებული და ცოდვებისგან გარეცხილი, მოკლე ხანში უკან არ შემოგვიბრუნდება რომელიმე ტრაილერით და კვლავ რევოლუციის მოწყობას არ დააპირებს?
რით ვერ გაიგეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ სააკაშვილი ნორმალური არ არის და მის შეწყალებას თუ მასთან შერიგებას არავითარი აზრი არ აქვს - ის, შეწყალებული თუ შერიგებული, ზუსტად იგივეს გააკეთებს, რასაც აქამდე აკეთებდა.
სააკაშვილი საქართველოს აშანტაჟებს და თუ ამ შანტაჟს თავი დავუხარეთ და მის ხუშტურებს დავემორჩილეთ, ის აუცილებლად შეიწირავს ქართულ სახელმწიფოს.
როგორც არაერთგზის თქმულა, სააკაშვილის ძალაუფლებასთან მიშვება არ შეიძლება!!!
ძალაუფლებით შეიარაღებული სააკაშვილი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის უკიდურესად სახიფათო და საშიშია!
ის ხაფანგში გაება და ახლა ყველაფერს კადრულობს, რომ ამ ხაფანგიდან როგორმე თავი დაიხსნას.
რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა არ გამოუვიდა და ახლა ეროვნულ თანხმობაზე და შერიგებაზე ალაპარაკდა ხელოვნურად დაწვრილებული ხმით.
_ სამხრეთაფრიკული მოდელი გამოვიყენოთ ეროვნული შერიგების და დიდი გადატვირთვისთვის. მეწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში, შუამავლობა პრეზიდენტ მარგველაშვილს ვთხოვოთ, დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, როგორ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას. მე ქვეყნის ბედი მაწუხებს, თორემ პირადად მე არც შეწყალებას ვითხოვ და არც არაფერს, ქვეყანა გადავარჩინოთო, პატრიოტობს ეს თვალთმაქცი და ფარისეველი სააკაშვილი და ვითომ სამშობლოს ბედით გულდამდუღრული, ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებს.
ვინ ეტყვის ამ უსინდისო კაცს, რომ ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანას სჭირს, მისგან მოდის. ის თავად არის ეროვნული უბედურება, ის თავად არის იმ კრიმინალური ბანდის შემქმნელი და მეთაური, რომელმაც ქვეყანა პირწმინდად გაძარცვა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი გაასხვისა, ქართველი ერი შეურაცხყო, დაამცირა, მისი დაბეჩავება და დაჩოქება სცადა, ბოლოს კი საკუთარ სამშობლოს შეაფურთხა, მის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.
აი, ამის გამკეთებელი კაცი ბედავს და ეროვნულ თანხმობაზე და შერიგებაზე საუბრობს და ცდილობს, ამ დემაგოგიურ საუბარში მთელი ქვეყანა ჩაითრიოს.
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლება დაამხეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლეს, ეროვნული თანხმობის და შერიგების თემა პერიოდულად შემოვარდება ხოლმე საპოლემიკოდ და სადისკუსიოდ.
ცხადია, ამ დისკუსიის ინიციატორი ის ძალაა, რომელსაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და თანხმობითა და შერიგებით ამ დანაშაულის ჩამოწერას და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.
სააკაშვილიც ჭკუაში გვატყუებს ვითომ და ეროვნული თანხმობის და შერიგების მოტივით თავისი უმძიმესი დანაშაულებისგან განთავისუფლება უნდა.
_ დავსხდეთ აგერ ჰოსპიტალში სამი პრეზიდენტი და ეს საკითხი დროულად გადავწყვიტოთო, - ამბობს სააკაშვილი, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს - „ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე“.
„პატრიოტმა მოქალაქემ“, როგორც ჩანს, არ იცის, რომ, გარდა სამი პრეზიდენტისა, ამ ქვეყანას კიდევ ჰყავს სხვა პრეზიდენტი, მთავარი პრეზიდენტი, მარადიული პრეზიდენტი _ ქართველი ხალხი.
აი, ამ პრეზიდენტმა რვაჯერ უთხრა უარი გადატრიალების და გაყალბების გზით ორჯერ გაპრეზიდენტებულ სააკაშვილს და მის ბანდას, მაგრამ ამას მარგველაშვილის იმედი აქვს - მარგველაშვილს იმხელა ავტორიტეტი აქვს, მაგან თუ მიშუამდგომლა, მის სიტყვას ქართველი ხალხი როგორ გადავაო.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა, ეს კიდევ წყალწაღებულ მარგველაშვილს ებღაუჭება.
სამხრეთაფრიკული მოდელი, რომელსაც სააკაშვილი ახსენებს, ნელსონ მანდელას ინიციატივით შეიქმნა.
ნელსონ მანდელა 27 წელი ღირსეულად იჯდა ციხეში, ეს კიდევ, ეს თვითმარქვია მანდელა, ორი თვეა ციხეში ზის და ხან ტვინის აშლილობა აქვს და ხან - კუჭის.
ციხეში საჯდომად უვარგისი კაცია სააკაშვილი - ორ თვეში მთხლედ იქცა და ისტერიკები დაემართა.
თუმცა ერთი კარგი რამ კი წამოსცდა ამ საბრალოს: მოდით, სამხრეთ აფრიკის მსგავსად, ჩვენც შევქმნათ სიმართლის დადგენის და შერიგების კომისიაო.
ეტყობა, ამას მართლაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და, როგორც ჩანს, გონებიდან წაეშალა ყველა ის დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი, თორემ სიმართლის დამდგენი კომისია შევქმნათო, როგორ იტყოდა?
მართლაც რომ შეიქმნას ეს კომისია და სააკაშვილს წინ რომ დაულაგონ მისი ბოროტი ნამოღვაწარის ამსახველი ტომეულები, მერე სად მიდის - სამუდამო პატიმრობა თუ არა, მინიმუმ ოცი წელი ხომ გარანტირებული აქვს?
_ შერიგებას წინაპირობები უძღვის წინ. ეს არის სინანული და მონანიება. ჯერ ჩამოთვალონ ის დანაშაულები, რაც მათ აქვთ ჩადენილი… მერე თქვან, რომ ამ დანაშაულებს ინანიებენ, მერე ისიც თქვან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის და მეორე დღესვე შევურიგდებითო, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
შესანიშნავი შეთავაზებაა _ სამართლიანი, ობიექტური, ჰუმანური, ქრისტიანული.
აბა, ეგრე სად არი, სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ რომ უნდათ - არაფერი აღიარონ, არაფერი მოინანიონ, დღედაღამ დედამისის სული გვიტრიალონ, ჩვენ კიდევ შეგირიგდით, საყვარლებო, შეგირიგდითო, ვუძახოთ და ზედმეტი არაფერი ვაკადროთ.
***
შეიძლება სხვა საკითხებთან დაკავშირებით უსაყვედურო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ დესტრუქციულობისკენ მიდრეკილება დააბრალო, დიდი უნამუსობაა.
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან შერიგებისკენ, მიტევებისკენ, ერთიანობისკენ მოუწოდებდა ქართველ ხალხს და ამ მოწოდებას, ზოგჯერ საკუთარი ინტერესების საზიანოდ. კონკრეტული გადაწყვეტილებებით ამაგრებდა და ამტკიცებდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ელემენტარული მადლიერების გრძნობა რომ გააჩნდეს, ის ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ლანძღავდეს, მისი მადლიერი უნდა იყოს, რადგან სწორედ მან იხსნა „ნაცმოძრაობა“ ქართველი ხალხის რისხვისგან.
„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნიშნით არავინ უდევნია, არავისთვის არაფერი წაურთმევია, არავინ შეუვიწროებია.
უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებას“ ნაციონალები უფრო დიდ პატივში ჰყავდა, ვიდრე თავისი მხარდამჭერები.
„ნაცმოძრაობას“ ცოტა ხანში შიშმა გაუარა, მოფერიანდა, მოღონიერდა და თავის კეთილისმყოფელებს მოუტრიალდა და სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ ყელის გამოღადვრა დაუპირა.
„ქართული ოცნება“ ცხრა წელია მგლის, ანუ „ნაცმოძრაობის“ თავზე სახარებას კითხულობს.
ბოდიშს ვიხდი მგლებთან ამ შედარებისთვის - მგლებს გაცილებით უფრო კეთილშობილური თვისებები აქვთ, ვიდრე ნაცებს.
ნაცები ტურისა და აფთრის ნაჯვარს უფრო ჰგვანან, ვიდრე მგლებს.
კიდევ ერთი ამბავი მაოცებს ძალიან - ისე არაქართულად იქცევიან ნაციონალები, თითქოს ქართველები არც არიან და რომელიღაც უცხო პლანეტიდან მოვიდნენ.
ისიც გასაკვირია, რომ ქალიან-კაციანად ყველა ერთნაირად იქცევა, ყველა ერთნაირად მეტყველებს, ყველა ერთნაირად იგინება, ყველა ერთნაირად იწყევლება, ყველა ერთნაირად ტყუის და თვალთმაქცობს.
სად, რომელ ლაბორატორიაში გაწვრთნეს ასე ერთნაირად, ვინ არის ამათი ტრენერი, ვინ ამოაცალა ყველას ეროვნული იდენტობის მასაზრდოებელი გენეტიკური ნერვი?
აი, ასეთები და ამნაირები დღეს „ქართული ოცნებისგან“ შერიგებას ითხოვენ.
შერიგება კი არ სურთ ამ ფარისევლებს, ისე, როგორც ზვიადაური დააკლეს დარლას, ისე უნდათ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ დააკლან, რომ „ნაცმოძრაობის“ ცოდვილი სული როგორმე პოლიტიკურ სამოთხეში შევიდეს.
„ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!“ - ასეთი იყო ზვიადაურის პასუხი.
„ქართული ოცნების“ პასუხიც იგივე უნდა იყოს…

ვახტანგ ხარჩილავა