ჩვენ თავდადებული ერი ვართ, ბალიშზე თავ დადებული ერი

ჩვენ თავდადებული ერი ვართ, ბალიშზე თავ დადებული ერი




…თავ დადებულმა ერმა მშვიდად მიიღო ინფორმაცია მისი ცნობილი და თვალსაჩინო შვილის მკვლელობის შესახებ - ერთი კი წამოსწია თავი და უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა: - რა შემაძრწუნებელი ამბები ხდებაო და ისევ ბალიშზე დადო ამდენი ძილისგან გაბურსალებული თავი…
- ესენი ვინა ყოფილან, კაცო, რა არ ვქენით, რა არ მოვიმოქმედეთ, მაგრამ მაინც ვერ ავაღებინეთ ბალიშიდან თავი, - გაგიჟებულები არიან ვიღაც-ვიღაცები. 
- ამათზე არაფერი ჭრის, რა ვქნათ, კიდევ რა გავაკეთოთ ისეთი, რომ გამოფხიზლდნენ და ბალიშიდან თავი აიღონ?
- ნიშადური ხომ არ გვეცადა?
- ნიშადური რას უშველის, ამდენმა მსხვერპლმა ვერ გამოაღვიძა ესენი და ნიშადური რას უშველის - ვარდის სურნელივით შეისრუტავენ…
- მაშინ კიდევ ერთხელ ვცადოთ და რომელიმე ცნობილი, ძალზე ცნობილი, ძალზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი გავაგოროთ…
- დარჩათ ვინმე?
- კი, ჰყავთ რამდენიმე…
- პოლიტიკოსები არ შემომთავაზო ტყუილად, პოლიტიკოსებზე ესენი არ რეაგირებენ - ყველა რომ ერთ დღეს გავწყვიტოთ, ხმას არავინ ამოიღებს.
- ერთი იმ მეტაფიზიკოსს ჰკითხე, ივლისამდე კიდევ ერთ თვალსაჩინო ადამიანს მოკლავენო, რომ იძახის, ვის გულისხმობს იმ თვალსაჩინო ადამიანში?
- კითხვა რად მინდა, ისედაც ვიცი, ვისაც გულისხმობს…
- ჰოდა, შევუდგეთ მაშინ საქმეს. ისე, შენ როგორ ფიქრობ - ახლა მაინც გაამართლებს?
- ამჯერად ნამდვილად გაამართლებს! ბოლოსთვის გვყავდა ეს კაცი შემონახული და ახლა მაგის ჯერიც დადგა, უკანასკნელი სამსახური გაუწიოს თავის ერს, ანუ გამოაფხიზლოს.
- არა, არა, გადამრევენ ეს ქართველები - ჩვენ მათკენ, ესენი კიდევ ეშმაკისკენ, ანუ ბალიშისკენ.
- ბალიში კი არა, ისეთ რაღაცას ჩავიდენთ, ერთი საუკუნე ნორმალურად არ დაეძინებათ.
- ჰე, ბიჭო, დროზე ქენით სიკეთე, თორემ თითო-თითოდ რამდენი უნდა ვხოცოთ, ბოლოს შეიძლება გამოსაღვიძებელიც არავინ დარჩეს…

***
თავ დადებულმა ერმა არ იცის, რომ იმ თავის მოჭრას უპირებენ, ბალიშზე რომ უდევს ნეტარად…
როცა ძალიან თავდადებული ხარ, თავიც რომ მოგჭრან, არ უნდა გაგიკვირდეს და არც ძალიან უნდა ინაღვლო.
ბოლოს და ბოლოს, სულ ბალიშზე დადებული თავი რისი მაქნისია - გინდა გქონია, გინდ - არა…
წაგვჭრიან ამ თავს, მაგრამ სულ უთავოდაც ხომ არ დაგვტოვებენ - უთავოდ დარჩენილ კისერზე ვინმეს თავს დაგვადგამენ და თავდადებულებიდან თავ დადგმულებად ვიქცევით.
- ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს! - ჯიუტობს ლელთ ღუნია.
მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტარით ხარ ნაჩხვლეტი, მაგრამ რა დროს ეგეთი რაღაცებია - ახლა ყველას ერთი თავი უნდა ედგას, ერთი დიიდი თავი და მსოფლიოს აზრები იმ ერთ დიდ თავში უნდა მოიხარშოს…
რაღა ეგა და რაღა ათენგენობას საერთო ცეცხლზე შემოდგმული დიდი ქვაბი…
ყველანი გაერთიანებულან - ჩინგიზ ხანიც, თემურ ლენგიც, ალექსანდრე მაკედონელიც, ადოლფ შიკლგრუბერიც, ვლადიმერ ლენინიც და ერთად აპირებენ დედამიწის დაპყრობას.
ამ „შანტრაპას“ თავისი დაჟანგული ხმლით ლელთ ღუნია, აბა, რას უზამს?
***
მეტი რა უნდა ვუქნათ ამ თავ დადებულ ერს, რით ავაღებინოთ ბალიშზე დადებული თავი? _ პრეზიდენტი გამსახურდია მოვუკალით, მერაბ კოსტავა მოვუკალით, საკუთარი დედაქალაქი საკუთარი ხელით ვანგრევინეთ, ქვეყნის მესამედი წავართვით, მაინც არაფერი შველით _ არა და არ ფხიზლდებიან. ილია ჭავჭავაძეს ხომ არ გავაცოცხლებთ და ხელმეორედ ხომ არ მოვკლავთ? ასეთი თავ დადებული ერი არც მინახავს და არც მსმენია, _ წუხს თავ დადებული ერის „გამოსაფხიზლებლად“ შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე და წინ დადებულ სიას, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობს.
სიაში შავჩარჩოშემოვლებული გვარ-სახელები სჭარბობს, რომლებსაც გვერდით ჯვარი აქვს დასმული.
ახალი კანდიდატების ძიებაში ილევა ღამე და ცას მზის პირველი სხივები ამოასხამს სისხლისფრად.
ოქროთი მოვარაყებული სამების გუმბათიდან არეკლილი შუქი მტკვარს ეფინება…
სისხლისფერია აქამდე მღვრიე მტკვარიც და ძალიან ჰგავს გადახსნილ ძარღვს…

2007 წ.
მინაწერი 14 წლის შემდეგ:

ამ წერილის გამოქვეყნებიდან 14 წელი გავიდა.
ამ 14 წლის განმავლობაში თავდადებულმა ერმა ის კი მოახერხა, რომ 2012 წელს ჯალათებისა და მკვლელების პარტია ჩამოალაბორანტა, მაგრამ მალევე ისევ ბალიშზე მიდო გამარჯვებით გაბრუებული თავი და ძილი გააგრძელა.
ისე ღრმად სძინავს, ვიღაც-ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მოკვდა, მაგრამ არა, არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს.
გაიღვიძებს, მაგრამ ახალგაღვიძებულზე, როცა ჯერ კიდევ ბურანშია, ისეთ რაღაცებს აკეთებს ხოლმე, ჯობია, ეძინოს.
სანამ სძინავს, მსოფლიოს დამლაგებლები მის არეულ-დარეულ ქვეყანას თავიანთ ჭკუაზე მიალაგ-მოალაგებენ, ძლივს გამოხვეტილ ნაგავს ისევ სახლში შეაბრუნებენ და ეს რომ გაიღვიძებს და ნაგვის სუნი რომ შეაწუხებს, უკვე გვიან იქნება.
სძინავს თავ დადებულ ერს, სძინავს და ძალიან არ უყვარს, როცა აღვიძებენ.
ასე ჰგონია, ვინც აღვიძებს, ის მისი მტერია, ვინც იავნანას უმღერის - მოყვარე.
„ეჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!“

ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი"