ცეტი მიხას ფიქრები საქართველოს ურუგვაიზაციის თაობაზედ

ცეტი მიხას ფიქრები საქართველოს ურუგვაიზაციის თაობაზედ




გაცეტებულ მიხა სააკაშვილს საქართველო სინგაპურად რომ უნდა გადაექცია, გახსოვთ? 2009-ში რომ ატყდა, 2011-ში გაჩერდა... უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა, თორემ ჩვენი სინგაპურიზაცია მაგას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.

მოდით, ფაქტებითა და დოკუმენტებით გაგახსენებთ, რას ამბობდა მაშინ: „საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური. ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა სინგაპურის მაგალითზე. ჩინეთი მაო ძედუნის დროსაც კი სინგაპურის მიმართ ძალიან ცუდად იყო განწყობილი. ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გაცილებით დიდი ვართ, ვიდრე სინგაპური ჩინეთთან. ერთადერთი, რის გამოც 60-70-იან წლებში დაპირისპირებაში სინგაპური გადარჩა ეს მან მოახერხა იმით, რომ ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად გადაიქცა. დღეს სინგაპური პოზიტიურ განწყობას იწვევს და ჩინეთთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს".

იმ პერიოდში ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოების სხვადასხვა ფენებმა ბევრი იცინეს, სინგაპურიზაცია არა, იხვის ტოლმაო. არ დაიჯერებთ, ყველაზე მეტად თავი გაიგიჟა და ქოშები უკუღმა ყარა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც დღეს პირველი მიხუისტია საერთაშორისო მასშტაბით: ,,სინგაპური ჩვენი მისაბაძი ქვეყანა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ჯუჯა სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს არანაირი რესურსი. სინგაპური არის ქვეყანა, სადაც მკვიდრი მოსახლეობა შეადგენს 17%-ს. სააკაშვილმა ისაუბრა ჩინეთთან სინგაპურის დაპირისპირებაზე და მერე პარალელები გაავლო საქართველოსა და რუსეთზე. მან მგონი ისიც არ იცის, რომ ჩინეთსა და სინგაპურს საერთო საზღვარი არ აქვთ. კატეგორიულად გამორიცხულია საქართველო სინგაპურს დაემსგავსოს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. სინგაპურის მსგავსებისკენ მიდრეკილება მიშას ავადმყოფური სიზმრებია, მისი ოცნება ოცნებად უნდა დავტოვოთ“.

გავიდა დრო... როგორც გითხარით, მიხას ბიძინა ივანიშვილმა მოუჭრა სანავარდო გზა. მიხა ისედაც არ აკლებდა, მაგრამ უარესად გაგიჟდა, გადავიდა ჭკუიდან, გავიდა ასტრალში. მის შემდგომ მდგომარეობასა და ქმედებებზე ყველაფერი იცით, ამაზე წერით დროს აღარ დავხარჯავ, თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რომ ამას წინებზე თლა ახალი იდეა გასჩენია - თურმე, როცა საქართველოში ,,უმფროსად" დაბრუნდება, ეგრევე მოახდენს ჩვენს ურუგვაიზაციას. არ გჯერათ? აგერ, ნიკა (ჩაჯვი) გვარამიამ შეახსენა ტელევიზორში, თანაც პირდაპირ ეთერში, ბატონო მიშა, ამას წინებზე ურუგვაის მოდელზე რომ ვილაპარაკეთ, რას შვრებით, ეს იდეა როდის უნდა განავითაროთო?  

ნიკუტა (ჩაჯვი) გვარამია (სტილი დაცულია): ,,ბატონო მიშა, ჩემთან ეთერში თქვით ურუგვაი, ჩემი საყვარელი სახელმწიფო, რო არ დაგიმალოთ და... ძალიან მომწონს ურუგვაის მოდელი და... აღფთოვანებული ვიყავი, რო თქვენც თქვით. რას ფიქრობთ ურუგვაის მოდელზე, იქ არც სპორტია, არც ლაზიკაა, სრულიად სხვა მიმართულებაა, საგადასახადო რეჟიმებზეა იქ, საბანკო რეგულაციებზეა და ასე შემდეგ... არ აპირებთ, განავითაროთ ეს, თქვენმა პარტიამ განავითაროს ურუგვაიზაცია საქართველოში. არა სინგაპური, არა შვეიცარია, არამედ ურუგვაი".

როდესაც ბატონი ჩაჯვი ამას ამბობდა, დებილივით იკრიჭებოდა... უფრო სწორად, რაც არი (დებილი), იმნაირად იკრიჭებოდა. მიხა ვითომ სერიოზულად უყურებდა, მაგრამ მის სახეზეც აშკარად იკითხებოდა დებილიზაცია.

მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ შვეიცარიას დავემსგავსოთ კი არა, შვეიცარიაზე უკეთესიც უნდა ვიყოთ და ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესიც უნდა ვიყოთ. მე მაქ ჩემი კონცეფცია. როცა მე დავდიოდი ევროპაში, მონაკოში, ამაში, იმაში, სუ ვიძახოდი, ამაზე უკეთესად გავაკეთებთ, ამაზე უკეთესად განვავითარებთ, ამაზე კარგ უნივერსიტეტს შევქმნით... ეს არი ჩემი აზროვნება, რო ჩვენ არა ვართ სხვაზე ნაკლები. ჩვენ როცა შევქმენით სამხედრო წარმოება საქართველოში, ბევრად უფრო სწრაფად წავედით წინ, ვიდრე ისრაელი თავიდან და ბევრად უფრო სწრაფად წავედით წინ, ვიდრე სინგაპური თავიდან".

გაიგონეთ? როდესაც მიხომ დაიწყო სამხედრო ინდუსტრიის განვითარება, საქართველო წინ წავიდა უფრო სწრაფად, ვიდრე წავიდა ისრაელი. აღარაფერს ვამბობ, სინგაპურზე, რომელსაც ისე გავასწარით, გაოგნდა მთელი მსოფლიო.

ახლა მივუბრუნდეთ მეორე, უფრო მნიშვნელოვან თემას, რატომ გადაიფიქრა ბატონმა მიხამ ჩვენი სინგაპურიზაცია და რეიზა დაადგა ურუგვაიზაციის მძიმე გზას? არსებობს რამდენიმე ვერსია: პირველი - რაკი ბიძინა ივანიშვილმა არ აცალა, ეგ იდეა შესძულდა; მეორე - არ არის გამორიცხული, ამას წინებზე კიევში ჩასულმა გუბაზმა ურჩია, მაგას შეეშვი და სხვა იდეას მოეჭიდე, მაგალითად ურუგვაიზაციას, მაგაზე თვალი ბიძინა ივანიშვილსაც ეჭირაო, ჩვენ უნდა გადავუჯოკროთო, წავართვათო, გავამწაროთო.

ერთი რა მაგის პასუხია და... ჩაჯვი გვარამია ეუბნება ბატონ მიხას, ურუგვაიში არც სპორტია, არც ლაზიკაო, ეს სულ სხვა რამეაო, ეს ვერ გავიგე, რას ბოდიალობს? ურუგვაიში ლაზიკა არ იქნება, საიდან უნდა იყოს? აი, სპორტი კი... ოეეე, გვარამია გონზე არ არი, მაგათ რომ ფეხბურთი ჰქონდათ და აქვთ, ბარე ორს არ აქვს მსოფლიოში - ორჯერ იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები.

მოკლედ, დავანებოთ თავი მკითხაობას, ძალიან რთულია დიდი ადამიანების გონებრივ წიაღში ჩასვლა და ყოველი ნათქვამის გაგება, ახლა ჩვენი ამოცანაა, გავეცნოთ ურუგვაის, როგორც სახელმწიფოს და გავაანალიზოთ, მართლა მოგვერგება თუ არა ბატონ მიხას მიერ შემუშავებული მოდელი.     

ურუგვაი გახლავთ სახელმწიფო სამხრეთი ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით - არგენტინა. ურუგვაიში 3,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად ვგავართ, ერთნაირი რაოდენობისანი ვართ. ასევე, როგორც ჩვენთან, 2 მილიონამდე ადამიანი დედაქალაქში (მონტევიდეოში) ცხოვრობს. აშკარად ჩანს, თოხი, ბარი, გუთანი და ხვნა-თესვა დიდად არც მაგათ აინტერესებთ.

ამ ქვეყნის ისტორია შორს წაგვიყვანს, მაგრამ ცალი თვალით მაინც უნდა გადავხედოთ: ურუგვაის ტერიტორიაზე ესპანელების გამოჩენამდე ცხოვრობდნენ ინდიელი ტომები - ჩარუა და ჩანა. 1680 წელს პორტუგალიელებმა დააარსეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ევროპული დასახლება კოლონია-დელ-საკრამენტო. XVIII საუკუნის დასაწყისში სამხედრო ციხესიმაგრის სახით დააარსეს მონტევიდეო. 1811–1828 წლებში ესპანეთთან, პორტუგალიასთან, არგენტინასთან და ბრაზილიასთან ომების შემდეგ ურუგვაიმ, როგორც იქნა,  დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ეს ქვეყანა პირველ ადგილზეა ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის, მშვიდობის, კორუფციის ნაკლებობისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსის მაჩვენებლებით. ასევე პირველია სამხრეთ ამერიკაში პრესის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხრივ. ურუგვაი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია ისეთი პროდუქტებისა, როგორებიცაა მატყლი, ბრინჯი, სოია, ძროხის გაყინული ხორცი, ალაო და რძე. 2013 წელს, მარიხუანას წარმოების, გაყიდვისა და მოხმარების ინოვაციური პოლიტიკის შემოღებისათვის, ჟურნალმა "ეკონომისტმა" ურუგვაი წლის ქვეყნად დაასახელა. ამ ქვეყანაში ლეგალურია ერთსქესიანი ქორწინება. აი, ხედავთ, რატომ არის გვარამიას საყვარელი სახელმწიფო ურუგვაი? თურმე ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული ყოფილა. მეტიც, თურმე ბალახიანი პაპიროზიც ნებადართული ყოფილა. ალბათ გახსოვთ, ჯერ კიდევ შარშან ატყდნენ ნაცები, შმაცები და გნაცები, ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში მარიხუანას პლანტაციები აქვსო, კაი მაყუთს აკეთებსო... თუმცა, ლაპარაკი და ჭორი ჭორად დარჩა, როგორც ყოველთვის, ნოდარა მელაძემ და ჩაჯვი გვარამიამ ვერაფერი დაამტკიცეს. ეგენი როდის რას ამტკიცებენ, რო? იტყვიან, ეს ჩემისები, რაღაც სისულელეს მძიმე მუსიკის ფონზე და მორჩა, მერე შენ უნდა იმართლო თავი, ეგ საკითხი ისე კი არა, ასეაო. პრინციპში, ამათთან არც თავი უნდა იმართლო და ესენი არც რამედ უნდა ჩააგდო, მაგრამ თუ გაუტარებ, მერე უარესებს შვრებიან... ის "პონტია", ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ და თავზე რომ აგაცოცდება.

იმ პერიოდში, როცა ბატონი მიხა სინგაპურიზაციაზე მიედ-მოედებოდა, ცხონებულმა ოტია იოსელიანმა მისი ქმედება ასე შეაფასა: "ვინაა კაცო, ეს რას უშობა ჩემს სამშობლოს, რავა მოგვჭრა თავი მთელს დუნიაზე, თუ პატრონი არ გვყავს მთელს დედამიწაზე, თუ არავის ვეცოდებით რუსთაველის და ვარძიის შემქმნელი ხალხი, ერთი ექიმი ფსიქიატრი რავა გაწყდა ქვეყანაზე, რომ მოკიდოს ხელი და იქ შეიყვანოს, საცხა მაგნაირი „ნაპოლეონები“ და „ფარაონები“ ზიან"?!

სამწუხაროდ, ვერ შევიყვანეთ ჩვენი ყოფილი "უმფროსი" იმ დაწესებულებაში, სადაც "ნაპოლეონები" და "ფარაონები" ზიან. ამას ჰქონდა რამდენიმე მიზეზი: ერთი მიზეზი ის იყო, რომ თვითონ ამ ყოფილმა "უმფროსმა", როცა "უმფროსად" მუშაობდა, ყველა ეგეთი დაწესებულება გააუქმა, დაშალა, დაანგრია, ზოგი ლარად გაყიდა, ზოგი კიდე გააჩუქა. ეხლა იქ სახინკლეებია გახსნილი. იცოდა, ამ ჩემისამ, იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა იმ დაწესებულებაში წაათრევდნენ და ამიტომაც მოიქცა ეგრე უხეიროდ. არადა, საჭირო იყო!

მეგობრებო, ახლა კი დადგა დრო, გაცრუებული სიხარულის შესახებ მოგითხროთ... ო, როგორ გამიხარდა და არა მხოლოდ მე გამიხარდა, როცა საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოში ერთდროულად სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო იხსნებაო - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიო. გაიგონეთ? სამიო, თანაც ერთდროულადო. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, თითქმის ყველა რაიონიდან შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში უამრავი დეპეშა, მარტო თბილისელებს, ბათუმლებსა და ქუთეისელებს რო აუშენეთ, ჩვენ არ გვინდაო? ჩვენ რა, ფეტვი გვირევიაო?!

იცით, ჯანდაცვის სამინისტროში რა განაცხადეს? არაო, სამი ფსიქიატრიულის გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებაო. მეტიც, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა კილაძის თქმით, მშენებლობები გაურკვეველი დროით გადაიდო:

„ორი-სამი წლის წინ ჩინეთის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ ჩინეთი და საქართველოს მთავრობა ორ ფსიქიატრიული დაწესებულებას ააშენებდა. რამდენადაც  ვიცი, მშენებლობები არ დაწყებულა. ჩინეთის მხრიდან იყო გარკვეული შეფერხებები".

ალბათ ჩინელებმა პანდემიის გამო გადადეს. არადა, მეგონა, ჩამოვიყვანდით იმ გაქსუებულ მიხას, შევიყვანდით სპეციალურ დაწესებულებაში, იქ გავაპრეზიდენტებდით, მოადგილეებსაც დავუნიშნავდით... დავუნიშნავდით რა, თვითონ დაინიშნავდა, სხვა თანამდებობებსაც გაანაწილებდა და იმუშავებდა მშვიდად ურუგვაიზაციის მოდელზე... თუ გადაიფიქრებდა და ისევ სინგაპურიზაცია მოუნდებოდა, ახლა იმაზე იმუშავებდა, რა, ჭკუა დაუშლიდა თუ გონება? კაი, ბატონებო და ქალბატონებო, ამ ეტაპზე კი გაგვიუქმდა იმედები, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს იდეა აუცილებლად აღსრულდება - ბატონ მიხას, ჩვენს ყოფილ "უმფროსს" საქართველოში აუცილებლად ექნება სათანადო სამუშაო კაბინეტი. დიახ, ექნება... აქამდეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ? განა ურუგვაიში ასე მოექცეოდნენ თავიანთ "უმფროსს"? რა თქმა უნდა, არა და აი, სცორედ ამიტომაც გვჭირდება ჩვენ ურუგვაიზაცია!

ხალხო, რაც ბოლოს დავწერე, სიმართლე არ გეგონოთ, ვიხუმრე, ბატონი მიხა აქ ჩამამსვლელი არ არი.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"