ციხეში რომ შეჰყავდათ, ის ძალიან ჰგავდა ყველის ვაჭარს

ციხეში რომ შეჰყავდათ, ის ძალიან ჰგავდა ყველის ვაჭარს




ტირისო, თავს იკლავსო, აღარცა სჭამს, აღარცა სვამსო, ღამით კედლებზე დადის, თავის თავს ელაპარაკებაო, ერთი ლეიბი არ ჰყოფნის, სამს ითხოვსო, ტელევიზორიც სამი უნდაო – კეზერას, ჭუტას და თავის არხებს ერთდროულად უნდა უყუროსო, სხვა არხებს დასანახად ვერ იტანს, ეზიზღებაო. აქუზე იძახის, ამას არ ვიცნობ, არ მახსოვსო. ერთი ბალიში ცოტაა, სამი ცალი მჭირდება, რა იცით, რა ხდებაო? სკამებსაც ითხოვს, ათიოდე ჩამიმწკრივეთ, თანამებრძოლები რომ შემოდიან, სად დავსვა, აღარ ვიციო. განცხადება აქვს დაწერილი ყურთბალიშების თაობაზედ, მთვლემარების დროს თავი ხან აქეთ მიგორდება, ხან იქითო. შიმშილობის დროს თურმე ორგანიზმი სუსტდება და ეგეთ რაღაცებს იწვევსო. კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის მომართვიანობამ აღმაფრთოვანა, მაგრამ თხოვნას ვერ შევუსრულებ, სანამ სამშობლოს არ გავანთავისუფლებ, მანამდე უნდა ვიშიმშილოვო!

***
ცნობისათვის: მხცოვანმა კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ სააკაშვილისადმი მიმართვა გაავრცელა, ბატონო მიშა, შეწყვიტეთ შიმშილობა, ამას ქართველი ხალხი ვეღარ გადაიტანსო. ქალბატონი მაცაცო მიმართვისას ტიროდა. ნანა კაკაბაძემ ივარაუდა, ამას ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად 2 ათას ლარს აძლევდა, ნეტავ ხომ არ შეუწყვიტაო? არა, ისევ იღებს ე.წ. სტიპენდიას! მერე რა, რაკი ივანიშვილი ეხმარება, სიმართლე აღარ უნდა ილაპარაკოსო? – მსაყვედურობენ ზოგიერთნი. დიახ, უნდა ილაპარაკოს, მაგრამ არ მახსოვს, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ამბავზე ცრემლი ჩამოეგდოს, ან სხვა ნაძირლობებზე ეთქვას – გეყოფა, მიშა, ამას ქართველი ხალხი ვეღარ გადაიტანსო. რა აქვს ამჯერად ქართველ ხალხს გადასატანი? არც არაფერი, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში!
ქალბატონო მაცაცო, თქვენ რომ ფაქიზი და სიკეთით აღსავსე ადამიანი იყავით, ვიცოდით, მაგრამ ასეთი პრინციპული და სამართლიანი თუ ბრძანდებოდით, არ ვიცოდითო, – ეფერებიან „ნაცპრაშმანდოვკები“ კომპოზიტორს და იმასაც, სავარაუდოდ, სიამოვნებს. ამ სიკეთით აღსავსე ადამიანს ბაძავს თამარ ჭოხონელიძე, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკათებს, ეს არის გმირული თავგანწირვაო. თამარის აზროვნება მას შემდეგ შეიცვალა, რაც წლობით განშორებულ ქმარს, გავარვარებულ „ნაციონალს“, გია როინიშვილს შეურიგდა. მაგრამ ნეტავ როდის იყო მართალი ქალბატონი ჭოხონელიძე, როინიშვილის შერიგებამდე თუ როინიშვილის შერიგების შემდეგ? როდესაც ადამიანის ხარჯზე ბუქნაობ და ცხოვრებას იწყობ, ვალდებული ხარ, იმ ადამიანს პატივი სცე... თუ ცხოვრება საწინააღმდეგოს გაიძულებს, თუ ქმარი თავის რელსებზე გადასვლას ითხოვს, მაშინ ნება იბოძე, ან საჩუქრები დააბრუნე, ან კიდევ საერთოდ მოკეტე!

***
მიხეილის მიმდევრები მოწადინებულნი არიან, თავიანთი ბელადი გმირად აქციონ, თანამედროვე დავით აღმაშენებლად შერაცხონ. გია ბარამიძე მიმართავს: ძმაო, აღმაშენებელო, ძალიან გვიყვარხარ, მთელი საქართველო შენზე ლოცულობსო. რა აღმაშენებელი, რომელი ნაპოლეონ ბონაპარტი, შე დუნდუკო? დავითი ქვეყანას აფართოებდა, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჭიმავდა, ამან კიდე ისე დაავიწროვა, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ერთი დაჯდომაღა დატოვა.
ჰა, ჰა, ჰა!
მიშა დავით აღმაშენებელიაო... არადა, ორი კვირის წინ ამტკიცებდა, ჯორჯ ვაშინგტონი გახლავართ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრე მეძახიანო. ისე, რა მაგის პასუხია და გია ბარამიძე შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მაგ ამბავზე შიში ახლა ამიტანს ხოლმე, ძაან მაგრად ვართ გადარჩენილები.
გიგი უგულავამ იტირა: მაშ, ერთი სასულიერო პირი არ აღმოჩნდა ამ ქვეყანაზე, მიშასთან რომ შესულიყოო? სად არიან პეტრე ცაავა და მიხეილის სხვა მიმდევარი მღვდელ-მონოზნები? აღარ არიან, ხმასაც აღარ იღებენ, კაცი ჩავარდა, ფეხებზეც აღარ ჰკიდიათ. ან კი რაში სჭირდება სააკაშვილს მღვდელი და დიაკვანი, აღსარება უნდა ჩააბაროს და ცოდვები ჩამოიფერთხოს? სანამ პრეზიდენტი იყო (ნეტავ რათ იყო?), ეკლესიაში უკუღმა შედიოდა, პირჯვარს ვარაუდზე იწერდა, კოკაინნაყნოსარი ნეხვში დაცურავდა.
კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილი მაინც მოინახულა, ბიბლია და სეფისკვერები დაუტოვა. ახლა ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ნიკა გვარამიამ ქოშები უკუღმა ყარა, მოშიმშილე კაცს მაგიდაზე პური რომ დაუყარეთ, ეს ხომ სადისტობააო?! ფაქტია, ამათთვის ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური უბრალოდ ცომია... არ იციან, რომ ზიარებისას სეფისკვერის ჭამა და ღვინის შესმა ნიშნავს ქრისტეს ხორცთან და სისხლთან სიმბოლურ შერწყმას. დაუკვირდით (ან კი რათ უნდა დაკვირვება?), ურჯუკმა ნიკა გვარამიამ ცოფები ყარა, ეს რა ჰქენით, კაცს პური მიუტანეთო? იმის ნაცვლად, თავის ბელადს მოუწოდოს, ჭამე, დალიე, ჯანმრთელობა შეინარჩუნეო, იქით საპატრიარქოს ამუნათებს, რატომ აიძულებთ, შიმშილობა რომ შეწყვიტოსო. და მერე იტყვიან, რომ ამათ არ უნდათ სააკაშვილის სიკვდილი? უნდათ და მერე როგორ, აწყვეტილი თაკო ჩარკვიანი ჩასიხლიანებული თვალებით აცხადებს, არიქა, რუსეთის უშიშროება საქართველოს უშიშროებას აიძულებს, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად გაანადგურონ:
„მე არ გამოვირჩევი ინფორმაციის სროლით ეთერში, მაგრამ მაქვს უმძიმესი ინფორმაცია, აპირებენ მიხეილ სააკაშვილის ჯერ მორალურ გართხმას მიწაზე და შემდეგ ფიზიკურ განადგურებას“.
გესმით? თაკო ჩარკვიანი ინფორმაციის უაზრო სროლით არ გამოირჩევა, თუ ისვრის, ნაღდად ისვრის. მის მიერ მოპოვებული უმძიმესი ინფორმაციის თანახმად, პუტინი აპირებს, სააკაშვილი ჯერ მორალურად „განართხას“ მიწაზე, შემდეგ კი ფიზიკურად გაანადგუროს. დაუჯერებელი არაფერია, პუტინმა სააკაშვილი მიწაზე ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში „განართხო“.
გია ბარამიძე: „მიხეილ სააკაშვილი პუტინის ხელშია, პუტინის პატიმარია და ნებისმიერ წამს შეიძლება მოკვდეს“!
მეგობრებო, მიუხედავად ასეთი ისტერიკული აღშფოთებისა, არც ერთ ელჩსა და არც ერთ პატივცემულ „მისიას“, როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ყურებშიც არ გავარდა ამათი ე.წ. ინფორმაცია, არავინ ყურადღება არ მიაქცია და იცით, რატომ? ეს ყველაფერი ბლეფია!
თაკო გვაშინებს, არიქა, რუსები მოდიან, საქართველოს ანექსია მიმდინარეობსო, ამას ტანითაც ვგრძნობ და სულითაცო. როგორც ჩანს, იმას ვერ გრძნობს, რომ რუსები აქ არიან, არსად წასულან... არა, ცოტა ხნით თითქოს წავიდნენ, მაგრამ 1993 წელს ისევ შემოვიდნენ, ეს ის დროა, როცა ამათი ბელადი ჩამობრძანდა მოსკოვიდან. მაშინ არ მიმდინარეობდა საქართველოს ანექსია, თაკომ ახლა იგრძნო, ბიძინას დროს. ჰო, რუსები უფრო ღრმად შემოვიდნენ (თბილისიდან 40 კილომეტრში) 2008 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ავანტიურა მოაწყო. ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, არც „ქართულ ოცნებას“ ერთი მტკაველი მიწაც კი არ დაუკარგავთ, არ გაუსხვისებიათ, არ გაუყიდიათ. იმათ გაყიდეს, შევარდნაძემ და სააკაშვილმა, ჩააბარეს, მილიარდები გააკეთეს, მტერი ქართველების გვამებზე აცეკვეს!

***
ამ წერილს 8–9 ოქტომბერს ვწერ. მიხეილის ადვოკატი შეშფოთებული აცხადებს, სააკაშვილმა 12 კილო დაიკლოო. როდესაც გაზეთი გამოვა, არ ვიცი, რამდენი კილო ექნება დაკლებული, სავარაუდოდ 20 ან 22, სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია, რამდენს დაიკლებს და მოიმატებს, უბრალოდ ერთ რამეზე ვფიქრობ: ამის დედა ვატირე, „ნაციონალი“ რომ ხარ და შენი ბელადი შიმშილობს, შენ რა ნამუსით ხეთქავ სახეთქავს?! აი, გეუბნებით, „ნაციონალების“ უსინდისობა ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა, წესით ახლა ყველა უნდა შიმშილობდეს, მასობრივად და ერთობლივად!
დავუშვათ, ყველამ იშიმშილა, მერეო? – მკითხავთ აუცილებლად. გეტყვით: მერე ჩვენ ვთხოვთ თბილისის მერიას (კახა კალაძე უარს არ გვეტყვის), გამოგვიყოფს ლურჯ ავტობუსებს, ავრეკავთ ამათ მთაწმინდაზე და მერე თვითონ იციან, რაც უნდა გააკეთონ – გამოექანებიან!
P.S. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო:
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“.
მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინაო. რა ამბავია 7 ქილა თაფლი? ვინც მისი ღორმუცელობის ამბავი იცის, არ გაჰკვირვებია. არადა, ყველამ იცის. გამოდის, არავისაც არ გაჰკვირვებია. მიხეილის გამოშტერებული ადვოკატი ამტკიცებს, თაფლი მაძღრობაში არ გადის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვეულებრივად შიმშილობსო. მოკლედ, „ნაცების“ დავთრების თანახმად, როგორც ბროწეულის ოყნა არ არის მედიცინა, ისე თაფლი არ არის შიმშილის აღმკვეთი პროდუქტი. ამათი ტაქტიკაა, როცა როგორ აწყობთ, ისე ბოდიალობენ, თუ დასჭირდათ, დაამტკიცებენ, მაწონი შავია, „ფეჩი“ _ გარმონია, კიტრი კიდე დუდუკიო.
მე გეტყვით, რატომ ფიგურირებს თაფლი მიხეილის პატიმრობის საქმეში: სამი კვირის წინ გიორგი სააკაძე იყო! ორი კვირის წინ – ჯორჯ ვაშინგტონი! ერთი კვირის წინ – დავით აღმაშენებელი! ახლა ერთი-ორი კვირა ცოტნე დადიანი იქნება! მერე კიდევ დაიბრალებს „ვინმეობას“, ხან ინდიელთა ტომის ბელადი ვინიტუ ინჩუჩუნა იქნება, ხან კიდევ ჯავარჰალალ ნერუ!
ტიპი ისევ სხვა განზომილებაშია – 6 წელი აქვს მისჯილი, სამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, მეოთხეზე ედავებიან, საზღვარი უკანონოდ რატომ გადმოკვეთეო და ეს მაინც იძახის, ამათ უნდათ, არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე არ გამომიშვანო. ესე იგი, გამოდის, მიხეილს იმედი აქვს, სანამ მეორე ტური ჩატარდება, გარეთ უნდა იყოს. რომ გითხრათ, ძაან გულუბრყვილოა და ამიტომ არაკუნებს-მეთქი, მოგატყუებთ. არ არის გულუბრყვილო, პირიქით, მაგარი გოთვერანია, თავისას აწვება, ვითომც არაფერი დაუშავებია, ვითომ მართლა პოლიტპატიმარია. „ნაცებმა“ მორიგი კამპანია წამოიწყეს, მიშა პოლიტპატიმრად უნდა შერაცხონ. თუმცა არ გამოდის, მაგის პოლიტპატიმრობაზე ყველას ეცინება, თვითონაც იკრიჭება... ხომ ნახეთ, ციხეში რომ შეჰყავდათ, როგორ ძალიან ჰგავდა ყველის ვაჭარს.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი''