,,ცოცხალ კლასიკოსთა'' ამბოხი, ანუ თქვენი ყველაყისამ!!!

,,ცოცხალ კლასიკოსთა'' ამბოხი, ანუ თქვენი ყველაყისამ!!!




ოოო... ღმერთო, რატომ ჩამოჰკრავს ხოლმე ყოველდღიურად უბედურების ასეთი მძიმე ზარი ამ ქვეყანაში, რატომ?! აგერ, გამთენიისას შემატყობინეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ცოცხალი კლასიკოსების მთელმა პლეადამ დატოვაო, თანაც პროტესტის ნიშნადო!
მიზეზიც მომახსენეს: პირველი ისა ყოფილა, რომე (შეიძლება არ დაიჯეროთ) კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟჟჟურრრნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი რომ წაართვა, ეგ არ გვესიამოვნაო. ერთი შეხედვით, ნებისმიერი ადამიანი იტყვის, სად ერეკლე, სად – პაპაჩემის ყურებიანი ქუდი, ანუ სად გოგოხიას მიკროფონი, სად – ქართული მწერლობაო, მაგრამ თუ საკითხს კარგად ჩავუღრმავდებით, სწორედ მაგაში მდგომარეობს თანამედროვე კლასიკოსების გაგება, გენია და ფ(ა)ლოსოფია. ჩვენ მაგას ვერ მივხვდებით, მაგის გაგებას დრო უნდა, საუკუნეები. რაც შეეხება პროტესტის მეორე მიზეზს, თურმე ისა ყოფილა, რომე კულტურის სამინისტროს არც უციებია, არც უცხელებია, ჟიურის 4-წევრიან „სასტავში“ ერთი თავისი წარმომადგენელი შეუყვანია. აი, ამაზე ყარეს თემურ ალასანიას მიერ ნაყიდი ქოშები ჟიურის დანარჩენმა წევრებმა, მინისტრმა წულუკიანმა თავისი წარმომადგენელი ჩაგვინერგაო. ამაზე მეცინება, კულტურის სამინისტრო კონკურსს ატარებს და ესენი იძახიან, წარმომადგენელი ჩაგვინერგესო. გასაგებია, რომ კონკურსი ტარდება მწერალთა სახლის (ე.წ. სახლის) ორგანიზებით, მაგრამ ფულს ხომ სამინისტრო იხდის? ამათ „მაყუთი“ უნდათ, სამინისტროდან გაგზავნილი კაცი არ უნდათ. 
ჩემი დაკვირვების შედეგად ვიცი, რომ ესენი გავარვარებული ნაცები არიან, თანაც ისეთები, ბატონი იოსებ ჭუმბურიძე რომ აღწერს:
„ეს ის ხალხია, ვინც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები გაიტანა; ეს ის ხალხია (ნაწილი მეორე), ვისაც ილიასა და აკაკის პორტრეტების ჩამოხსნა არ გაუპროტესტებია. რამდენიმე წელიწადია, იქ ყოველი გამოსვლისას, ამას ვაპროტესტებ“.
ბატონ იოსებ ჭუმბურიძის ნათქვამს მეც დავამატებ: ეს ის დუპლეტი ხალხია, წერა-კითხვა რომ არ იცის და მაინც მწერალთა კასტად იწოდება! ეს ის უნამუსო ხალხია, წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს შიგნიდან რომ ხრავს და მართლა ნიჭიერ ადამიანებს ამ სფეროს ახლოს არ აკარებს! ეს ის უნამუსო ხალხია, ფული რომ სახელმწიფოსგან უნდათ და იგივე სახელმწიფოს ალასანია-სააკაშვილის დავალებით ებრძვიან და მოდით, ვთქვათ სიმართლე ბოლომდე: ეს არ არის ხალხი, ეს არის რურუების მიერ გამოჩეკილი მჯღაბნელთა ხროვა, სადაც იზრდებიან ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ქვეყნის ამრევები!
ახლა კი დადგა დრო, ის „ცოცხალი კლასიკოსები“ გაგაცნოთ, რომლებმაც კონკურსი მიატოვეს, ანუ თავიანთი წიგნები უკანვე გაიტანეს და იძახიან, ეგრე ემას მიკროფონის გამო მოვიქეცითო.
მოკლედ, კონკურსი პირველმა დატოვა ცნობილმა ქართველმა მწერალმა ტორესა მოსიმ. გამოგიტყდებით, როდესაც ეს გვარ-სახელი გავიგე, ვიფიქრე, რომელიღაც ესპანელმა მწერალმა დატოვა რომელიღაცა საერთაშორისო კონკურსი და ამ ჩემ ფეხებს-მეთქი. რას ამბობთ, თურმე სადა ვბანაობ? თურმე ეს ყველაფერი ხდება ჩემს სამშობლოში, აქვე, აგერ, ხელის ერთ გაწვდენაზე, რამდენიმე ნაბიჯის იქით. დავგუგლე, მივგუგლე, მოვგუგლე, დავინტერესდი, ჩავფიქრდი, საკუთარ თავს შეკითხვა დავუსვი: როგორ შეიძლება, ქართველ ადამიანს ერქვას ტორესა და გვარად იყოს მოსი? ბევრი ვეძებე, ლამის მთელი ლიტერატურული სამყარო გადავაქოთე და ამ ტორესას ნამდვილი წარმომავლობა ვერ დავადგინე. ისე, ჩემს გამოცდილებასა და აღლოს თუ ვენდობით, ეს უნდა იყოს ჩვენებური ტარიელ მოსიაშვილი, ან მოსიძე, ან სხვა ვინმე. ამან, ამ მოსიაშვილმა თუ მოსიძემ, 30 წელს კარგა ხნის წინათ გადაცილებულმა ახალგაზრდა მწერალმა დაწერა:
„უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემს გამომცემელს და, შესაბამისად, „ორდროშობანა“ მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან“.
ესე იგი, მწერალმა კაცმა არ იცის, რომ ამ შემთხვევაში „ლიტერა“ უნდა ჩასვას ბრჭყალებში... სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთანო, ბოიკოტში ვიქნებიო. ორი წინადადებიდანაც კი აშკარად ჩანს, რომ ეს ჩვენებური მოსიაშვილი თუ მოსიძე მწერლად წოდებული ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. მით უფრო ეტყობა ინტელექტი, როცა აცხადებს, წულუკიანს არ ვიკადრებ მეო. აჰა, ვინ არ კადრულობს და რატომ არ კადრულობს თეა წულუკიანს? არაფერი შეგეშალოთ, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატიც ყოფილა, მუსიკოსიც, სცენარისტიც და სამოქალაქო აქტივისტიც (ხედავთ, რამდენ თანამდებობას ითავსებს?). მეტსაც გეტყვით, მისი პირველი წიგნი გახლდათ „სიბრძნე სიცრუისა“, სწორედ ამაში მიიღო ხაზარაძის პრემია. ოოოჰ, ნუ იცით ხოლმე ჩხირკედელაობა, სულხან-საბამ რო „სიბრძნე სიცრუისა“ დაწერა, ის ადრე იყო, საუკუნეების წინ, ვის ახსოვს? ეს სხვა „სიბრძნე სიცრუისაა“, უფრო დახვეწილი და ლიტერატურულ სიმაღლეებზეა აყვანილი. ჯერ სად ხართ? მოსიაშვილი „დათა თუთაშხიას“, „ვეფხისტყაოსანს“ და „დიდოსტატის მარჯვენას“ რომ დაწერს, მერე ნახავთ თქვენა. ჰმ... წულუკიანიო, რატომ უნდა იკადროს წულუკიანი დიდმა მოსემ კი არა და... მოსიმ, რა გასჭირვებია ამისთანა, რატომ არ უნდა იყოს ბოიკოტში? აგერ, ჩამოვა სექტემბრის ბოლოსკენ მიხეილ სააკაშვილი, ჩამოიყვანს ბიძამის თემურასაც და შემდეგ გამოვა ბოიკოტიდან... რა ვიცი, სავარაუდოდ, ეგ იქნება მაშინ, როცა ჟორიკა რურუა დაინიშნება კულტურის მინისტრად და ეგ იქნება ზუსტად მაშინ, როცა ბატონი ტორესი (ტარიელი) დაასრულებს „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ვერსიას.
ხუმრობა იქით იყოს, ისევ გადავიდეთ ბოიკოტში კი არა... სერიოზულში: მეორე, ვინც კონკურსი მიატოვა, იყო ვინმე მათე სარალიშვილი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მან მოკლედ და კონკრეტულად მოსხიპა: „ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ. ვისაც „მივიწყებულნი“ წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს. „მივიწყებულნი“ 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია“.
ესე იგი, 19 წლისამ დაწერა, 21 წლისამ გამოსცა, 22 წლისა კი პროტესტს უცხადებს პროექტის მაორგანიზებელ ორგანოს. დიახ, მაორგანიზებელსო, ასე ამბობს, ასე წერს 19–21 წლის ასაკში გაკლასიკოსებული სარალიშვილი. 
ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო ამნაირი თავხედი და პრეტენზიული დუპლეტებისგან!
შემდეგი „მწერალი“ და „საზოგადო მოღვაწე“ გახლავთ დავით ქაშიაშვილი. ეგ ის არი, „ჩაჯვივიზიიდან“ ფეიკურ ნიუსებს რომ ავრცელებს ხოლმე ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პერიოდულად ნიკა გვარამიასთან ერთად ღვინოშიც რომ აფსამს. 
ვახ, შენ გენაცვალე, იმნაირო და ამნაირო, მიხეილ სააკაშვილის დროს არ იყო ძალიან საშიში პრეცედენტები, ეს ახლა წარმოიშვა, როცა თეამ სამინისტროს წარმომადგენელი დანიშნა „გამოჟიურებულ სასტავში“. 
კონკურსდატოვებულთა სიას გადავხედე და ამათგან მე რამდენიმეს გვარი თუ გამიგია (არაფერი წამიკითხავს), ფაქტობრივად არავის ვიცნობ, იქნებ თქვენ იცით ან გაგიგიათ რამე? არ გეუბნებით, წაგიკითხავთ-მეთქი.
ახლა კი ვნახოთ, რას წერს ვინმე ლელა კოდალაშვილი:
„მე არც მწერალთა იმ ნაწილის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, ვინც დარჩენას არჩევს, რადგან სამინისტრო და ბიუჯეტი წულუკიანის საკუთრება კი არაა, ჩვენია და დიახაც რომ ჩვენ უნდა მოგვხმარდეს ახლა თუ არა, უახლოეს ხანში, როცა ეს უზურპატორი ქალი ჯანდაბაში წავა თავისი ნაყაჩაღარი მიკროფონიანად“.
ხედავთ? ეს ბიუჯეტი ჩვენიაო, ჩვენ უნდა მოგვხმარდესო, ეგრეც იქნება, როცა ეს ქალი ჯანდაბაში წავაო. იწყევლება „ცოცხალი კლასიკოსი“ და არ იცის, რომ წყევლა ყოველთვის მაწყევარისაა, ჯანდაბაში ყოველთვის ისინი მიდიან, ვინც ფიქრობს, რომ ჯანდაბაში სხვები უნდა წავიდნენ. რა ვალი აქვს ამ ქვეყანას კოდალაშვილის, რა დაგვიწერა ამისთანა კოდალაშვილმა? ეს ბიუჯეტი ჩვენიაო, დიახაც, ჩვენ უნდა მოგვხმარდესო.
ჩემი პასუხი და არა მარტო ჩემი: თქვენი ყველაყისამ!!!

***
დავასრულე რა წერა და გვერდზე გადავდე კალამი... უფრო სწორად, დავასრულე კლავიატურაზე კაკუნი, მომივიდა ინფორმაცია, რომ „ლიტერადან“ თავისი წიგნი  გელა ჩარკვიანსაც გაუტანია. ეს ის გელაა, მომავალ თაობას რომ ატყუებს, ისე მძულდა საბჭოთა კავშირი, მეტი არ იქნება, ვერც მამაჩემი იტანდა, ვერც დედაჩემი, ყველანი დისიდენტები ვიყავითო. არადა, გელა ჩარკვიანის მშობელი მამა, კანდიდ ჩარკვიანი 1938-1953 წლებში გახლდათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1938 წელი გეცნობათ? . ეეეჰ, წესით ასეთთა შვილები ხმას აღარ უნდა იღებდნენ, მაგრამ ისევ ესენი ყელყელაობენ, ისევ ესენი გვიპროტესტებენ. საოცარია ეს ცხოვრება, საოცარი, კანდიდ ჩარკვიანის შვილი თეა წულუკიანს ედავება, ემა გოგოხიას მიკროფონი რეიზა წაართვიო?!
ვახტანგ ჯავახაძე... ბესიკ ხარანაული... ამათაც წაუღიათ წიგნები სახლში, თურმე ესენიც ელოდებოდნენ პრემიებს. დაფრთხნენ, იციან, რომ აღარ გაუვათ ვირეშმაკობა და წაიღეს, „მამულიშვილური“ წაითამაშეს.
ბატონმა იოსებ ჭუმბურიძემ გადაწყვიტა, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან. მან საგანგებო წერილით მიმართა თეა წულუკიანს:
„შესაძლოა, ცუდად ვიქცევი; შესაძლოა, ეს ჯერ პირადად უნდა მეთქვა. მაგრამ ახლა რევერანსების დრო არ არის! უნიჭოთა და უზნეოთა, ცილისმწამებელთა დოღი უნდა დასრულდეს.
ანუ: ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ უნდა ჩაატაროს სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“, რომელსაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ირმა რატიანი ხელმძღვანელობს და არა ლიტერატურისაგან შორს მდგომმა, პარტიულად ანგაჟირებულმა. სააკაშვილისაგან მართულმა აქტივისტმა., რომელმაც მწერალთა სახლის სხდომათა დარბაზიდან ილიასა და აკაკის პორტრეტები ჩამოხსნა.

P.s. გუშინ მითხრეს, ბოლო სართულზე საოჯახო სასტუმრო აქვთო(?!), რესტორნის ამბავი ხომ საყოველთაოდ ცნობილია“.

***
„საერთო გაზეთი“ სრულად იზიარებს ბატონ იოსებ ჭუმბურიძის პოზიციას და ასევე მივმართავთ ქალბატონ თეა წულუკიანს: რაც მალე მოაშორებთ სააკაშვილის ლეკვებსა და ბებერ მოღალატეებს ამ სფეროდან, მით მალე გავა ეს ქვეყანა სამშვიდობოს. 

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"