წასვლის ხელოვნება

წასვლის ხელოვნება




მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ვიღაც-ვიღაცები მაინც ვერ ისვენებენ და ყველგან და ყველაფერში ბიძინა ივანიშვილი ელანდებათ.
მათ რომ მოუსმინო, თითქოსდა ივანიშვილის ბრალია, ისინი ასეთი უნიჭოები, ასეთი ხელმოცარულები, ასეთი უვარგისები, ასეთი პოლიტიკური იმპოტენტები რომ არიან და ინტრიგნობის, პროვოკატორობისა და წვრილმანი თაღლითობის გარდა ხელიდან რომ არაფერი გამოსდით.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი ოპონენტების რეიტინგი მაინც კატასტროფული სიჩქარით მიექანება თავქვე, ნულისკენ და არავითარი იმედი არ არსებობს, რომ ოდესმე ეს რეიტინგი აღმასვლას დაიწყებს.
მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან შეიძლებოდა ქვეყნის ცხოვრებაში სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა, თუმცა ამჯერადაც ივანიშვილის გათვლა უფრო სწორი და გამართლებული აღმოჩნდა - მან თავისი წასვლით, ფაქტობრივად, გაანეიტრალა ხელოვნურად შექმნილი დაძაბული და ფეთქებადსაშიში სიტუაცია და პოლიტიკური პროცესების მშვიდ ვითარებაში განვითარების პერსპექტივა შექმნა.
ბიძინა ივანიშვილს ჭადრაკისთვის სერიოზულად რომ მოეკიდა ხელი, დარწმუნებული ვარ, ის ბრწყინვალე მოჭადრაკე იქნებოდა, რადგან მას აქვს ნიჭიერი მოჭადრაკისთვის აუცილებელი შემდეგი თვისება _ მას შეუძლია მრავალსვლიანი კომბინაციის გათვლა და გადამწყვეტ მომენტში ისეთი სვლის გაკეთება, რომელიც, გგონია, რომ უხეში შეცდომაა, მაგრამ სულ მალე ირკვევა, რომ სწორედ ეს, ერთი შეხედვით მცდარი სვლაა მომგებიანი და მომგებიანია არა მხოლოდ მისთვის, არამედ, პირველყოვლისა, ქვეყნისთვის.
ბიძინა ივანიშვილი წლებია, თითქოს ერთდროული თამაშის სეანსებს ატარებს და, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეთა რიცხვი ძალიან დიდია, მას არც ერთი პარტია არ წაუგია.
ძნელია ამის მიღწევა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ზოგჯერ საკუთარი გუნდის წევრიც შენს წინააღმდეგ თამაშობს და ჩუმ-ჩუმად და მალულად შენს ოპონენტებთან თანამშრომლობს.
„ქართულ ოცნებაში“ შემოპარული და „ქართული ოცნებიდან“ გაპარული მოღალატეთა და გამცემთა მთელი ბატალიონი ბოგინობს დღეს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია თუნდაც უმნიშვნელო წარმატებას, ვერ დაიმკვიდრა ადგილი და ვერ მოიპოვა საკუთარი სივრცე, მიუხედავდ იმისა, რომ მტკიცედ სჯეროდათ, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოვიდოდნენ თუ არა, ეგრევე ალვასავით აიყრიდნენ ტანს.
ტანის აყრა კი არა, მზეზე გამოდგმული ცვილის ფიგურებივით ნელ-ნელა დადნენ, დაჩიავდნენ, დაპატარავდნენ.
ზუსტად იგივე დაემართათ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც მთელი მსოფლიოს გასაგონად გაჰკიოდნენ, რომ „სულთამხუთავი ოლიგარქი“ არ აძლევდათ გაზრდისა და განვითარების საშუალებას, მაგრამ გაეცალა „ოლიგარქი“ ასპარეზს და ესენიც ერთბაშად ჩაიფუშნენ და ჩაიჩუტნენ.
თუნდაც „ნაცმოძრაობას“ დააკვირდით, რა მოუვიდათ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ _ გაძლიერების და მოღონიერების ნაცვლად დასუსტდნენ, დაბეჩავდნენ და ჭაჭანაჭამი ინდაურებივით დაბორიალობენ აღმა-დაღმა.
დარწმუნებული ვარ, სულ მალე „ნაცმოძრაობა“ არ იქნება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, ხოლო მისი ხელისუფლებაში დაბრუნების ყოველგვარი რესურსი ამოწურულია, ყოველივე ეს კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ განაპირობა.
სწორედ პოლიტიკიდან წასვლით დააშამათა ივანიშვილმა თავისი ყეყეჩი მეტოქეები, რომლებიც დღემდე ვერ მოსულან გონს და დღემდე ვერ მიმხვდარან, რა დაემართათ.
აქ არ შევუდგები იმის ახსნას და გაშიფვრას, რატომ ხდება ასე და რა ბერკეტები იწყებს ავტომატურად ამოქმედებას, როცა პოლიტიკოსის მიერ ზუსტად არის გათვლილი და შერჩეული პოლიტიკიდან წასვლის მომენტი, რომელიც რიკოშეტივით აისხლიტავს მისკენ ნასროლ ისრებს და ბუმერანგივით უკან უბრუნდება მსროლელს.
რაც შეეხება იმათ, ვისაც დღემდე ყველგან და ყველაფერსი ბიძინა ივანიშვილი ელანდებათ, ისინი ერთ რამეში არ ცდებიან - ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა თუ არ წავა, ეს არ არის მთავარი - მთავარი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებიდან, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერასოდეს ვერ წავა, რადგან თავისი გრანდიოზული საქმეებით ის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია.
ჩვენ, ერთმანეთის თანამედროვენი, ვერც ერთმანეთის პირუთვნელ მსაჯულებად გამოვდგებით, ვერც იმ დიდი კაცების ობიექტურ შემფასებლად, რომლებსაც ათასში ერთხელ ხსნასავით მოგვივლენს განგება.
რაც უფრო დიდი ღვაწლი ამა თუ იმ პიროვნებისა, მით უფრო დიდი დრო და მანძილი გვჭირდება, სრულფასოვნად, პანორამულად დავინახოთ ამ ღვაწლის მნიშვნელობა.
საუკუნეების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა გაცილებით მონუმენტური იქნება, ვიდრე დღეს არის.
- მე იმ ქართველების მაგივრად მრცხვენია, ვინც ბიძინა ივანიშვილზე აუგს ამბობს და ლაფსა და ტალახს ესვრის, - თქვა ერთმა კარგმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ.
სირცხვილით ჩვენ რატომ უნდა გვრცხვენოდეს ამ ვიგინდარების ნაცვლად, თუმცა არ შეიძლება რაღაცნაირი უხერხულობის გრძნობა არ დაგეუფლოს, ეს პატარა, სულმდაბალი და სულგაყიდული კაცუნებიც ქართველებად რომ იწოდებიან.
ისინი ვერ აცნობიერებენ, ბიძინა ივანიშვილს კი არა, საქართველოს და საკუთარ თავს რომ ებრძვიან.
მათ ისიც კი არ იციან, რომ მომავლის მემატიანე მათ გვარ-სახელებით მოხსენიების ღირსადაც არ ჩათვლის და ერთ საერთო საფლავში მიუჩენს ადგილს, საფლავში, რომელსაც დიდი შავი ასოებით ეწერება - მოღალატეები.

ვახტანგ ხარჩილავა