ჭიათურაში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ





ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღებ ჯგუფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

სრულიად უცნობმა პირებმა ოპერატორს, სანდრო ვაშაკიძეს ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“ჭიათურაში ვართ ამ წუთასაც, პოლიციაში გამოგვკითხეს კიდეც, თუმცა აქ ვრჩებით მაინც. ყველაფერი ასე დაიწყო – ჩამოვედით ჭიათურაში და სიუჟეტისთვის მასალების მოგროვება დავიწყეთ. გამოკითხვები გავაკეთეთ, ხალხი ჩავწერეთ და ერთ-ერთ რესპონდენტთან რომ მივდიოდით, რომელთანაც წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები ჩაწერაზე, უკან უცხო მანქანა აგვედევნა. მომენტალურად უმატებდნენ სიჩქარეს და იმიტაციას აკეთებდნენ, თითქოს გვეჯახებოდნენ. დანიშნულების ადგილას რომ მივედით, ეს უცხო პირები უცებ გადმოცვივდნენ მანქანიდან და ჩვენი მისამართით გინება დაიწყეს. ვცდილობდით ჩვენი საქმე შეგვესრულებინა, თუმცა ხელს გვიშლიდნენ მიზანმიმართულად და როდესაც ჩემმა ოპერატორმა სანდრომ კამერა ჩართო, მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულები”, – ამბობს ჟურნალისტი ანუკა ლიპარიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულმა მედიის წარმომადგენლებმა პოლიციას უკვე მიმართეს. მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფი ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება.

მედიაჰოლდინგი “კვირა” იმედოვნებს, რომ პოლიცია მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას დროულად მოახდენს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.