5 ივლისის მასშტაბური პროვოკაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიგეგმა

5 ივლისის მასშტაბური პროვოკაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ დაიგეგმა




5-6 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა 54 ჟურნალისტი, დაიწყო დაკავებების სერია, უკვე გასამართლდა რამდენიმე ადამიანი, გამოძიება ინტენსიურად მუშაობს იმ მოძალადეების გამოსავლენად, რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს.
კარგია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დამნაშავეთა გამოსავლენად, თუმცა არის ერთი გარემოება, რომელსაც, ჩვენი აზრით, ნაკლები ყურადღება ექცევა.
ჯერჯერობით საზოგადოებას არ მოუსმენია კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული სრულფასოვანი და სრულყოფილი ანალიზი იმისა, თუ რა მოტივით, რა მიზეზით იქნა ჩადენილი ის დანაშაული, რომელსაც ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და რომელშიც ათობით და ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
გთავაზობთ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც თავისი სამსახურებრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ერკვევა მსგავს სიტუაციებში და იმ ტექნოლოგიებში, რომლებიც შეიძლება 5- ივლისს მომხდარი ამბების დეტონატორად ქცეულიყო.
ჩვენმა სტუმარმა არ ისურვა ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება, თუმცა იმას კი გეტყვით, რომ ის იურისტობასთან ერთად პროფესიით ფსიქოლოგია და საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს.
„- 5–6 ივლისს ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ორგანიზებულად ჩადენილი კოლექტიური დანაშაულის სახე აქვს, უაღრესად სპეციფიკური და ძალზე ფრთხილად გამოსაკვლევი დანაშაულია, რომელსაც მრავალი წახნაგი და ნიუანსი აქვს, რომლებმაც შეიძლება არასწორი გზით წაგიყვანოს და არასწორი შედეგები მიიღო.
პირველ რიგში, აღვადგინოთ ის დრამატული სურათი, რაც 5–6 ივლისს გამოიკვეთა.
უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ კონტრაქციაში მონაწილეთა რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციაზე სჩადიან ერთსა და იმავე დანაშაულს _ ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს.
ეს შემთხვევით არ შეიძლება მოხდეს - უდავოა, რომ მოძალადეები იმართებიან ერთი საერთო წერტილიდან და ასრულებენ ერთსა და იმავე დავალებას.
სწორედ ამან მისცა საფუძველი ოპოზიციას და მედიის წარმომადგენლებს, ამ დანაშაულში ორგანიზატორის არსებობა დაენახათ და მთავარ ორგანიზატორად ხელისუფლება დაესახელებინათ, თუმცა ამ ბრალდებას არ აქვს არანაირი საფუძველი და ის საერთოდ სცილდება ლოგიკისა და გონივრულობის ყოველთგვარ ზღვარს.
ხელისუფლება ნამდვილად არაფერ შუაშია 5–6 ივლისის ორგანიზებასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, რაც 5–6 ივლისს მოხდა, ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია, მსგავსი ავანტურისტული პროვოკაციების დაგეგმვაში დაოსტატებული ადამიანების ტვინებში მოხარშული მზაკვრული სცენარი, რომლის წინასწარ გაშიფვრა და პრევენცია მისი მოულოდნელი და არაორდინარული ხასიათის გამო ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელი იყო.
ვის შეიძლებოდა ეს სცენარი მოეფიქრებინა?
მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამგვარი სქემების მოფიქრების ცოდნა და გამოცდილება აქვთ და ზედმიწევნით კარგად იციან, როგორ შეიძლება თუნდაც ყველაზე მშვიდობიანი აქცია მრისხანე, სასტიკ და დაუნდობელ აქციად გარდაქმნა.
სხვათა შორის, ამის გაკეთება მაშინ უფრო ადვილია, როცა აქცია თუ მიტინგი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ერთი შეხედვით არანაირი საბაბი არ არსებობს, რომ მდგომარეობა დაიძაბოს და პროცესებმა უმართავი ხასიათი მიიღოს.
ზუსტად ასეთი მშვიდი ვითარება იყო 5 ივლისს _ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები არ ჩანდნენ და „ბრძოლის ველზე“ მარტო დარჩენილ კონტრაქციის წევრებს ვისთან უნდა „ეომათ“, ან პოლიციას რა უნდა განემუხტა, როცა განსამუხტი არაფერი იყო?
აი, ამ დროს იწყება სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი რამ - თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე.
მოტივი - ნუ აშუქებთ ჩვენს აქციას!
უცნაური და აბსურდული მოტივია, რადგან გასაშუქებელი და გადასაღები, ფაქტობრივად, არც არაფერია - კონტრაქციის მონაწილეები მარტო დგანან ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჟურნალისტები, ძალიანაც რომ მოინდომონ, ისეთს ვერაფერს გადაიღებენ, კონტრაქციის კომპრომეტაციისთვის რომ გამოიყენონ.
ასეთი აბსურდული მიზეზით იწყება თავდასხმების ციკლი ჟურნალისტებზე, იწყება უსაგნოდ, არაფრის გამო და სწორედ ეს არის ყველაზე მეტად დამაფიქრებელი და დამაეჭვებელი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, კონტრაქციის მონაწილეთა რიგებში შეგზავნილი იყვნენ პროვოკატორები, რომლებსაც მიცემული ჰქონდათ დავალება - ნებისმიერი მიზეზით, თუნდაც სრულიად უმიზეზოდ, გამოეწვიათ დაპირისპირება ჟურნალისტებთან, განურჩევლად იმისა, რომელ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენდნენ ისინი.
პროვოკატორებიო, რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ პროვოკატორთა მრავალრიცხოვან ჯგუფს - 5–10 კაცი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ათასობით ადამიანი ააზვირთოს და ერთ მიზანს დაქვემდებარებულ ბრბოდ აქციოს, სადაც ადამიანი, როგორც ინდივიდი, როგორც დამოუკიდებლად მოაზროვნე პერსონა, იკარგება და ბრბოს ნაწილად იქცევა.
ბრბოში გადაგდებული ერთი სიტყვა, ერთი ნაპერწკალი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისეთი ცეცხლი აგიზგიზდეს, რომლის ჩაქრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
უნდა ვივარაუდოთ, რომ 5 ივლისს სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე პროვოკატორმა ისროლა ეს ნაპერწკალი, რომელმაც თავისი შავბნელი საქმე გააკეთა და რელიგიურ-პატრიოტული გრძნობებით აღტყინებულ ადამიანებს პრაიდის აქტივისტების ნაცვლად ახალი სამიზნე გამოუჩინა - ჟურნალისტები.
ჟურნალისტების გარდა ამ ინციდენტს ჰყავს მეორე დაზარალებულიც.
ეს არის ხელისუფლება, რომლის იმიჯსაც იმდენად დიდი ზიანი მიადგა, რომ უკვე ლაპარაკობენ სახელისუფლო ცვლილებების აუცილებლობაზე.
ამ პროვოკაციის მიზანიც, ალბათ, ეს იყო _ ხელისუფლების დისკრედიტაცია, სახელისუფლო სტრუქტურების დასუსტება, არჩევნების წინ მძიმე მორალური დარტყმის მიყენება „ქართული ოცნებისთვის“ და, რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოშორება გზიდან.
ვინც არის ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლების დისკრედიტაციით, 5 ივლისის პროვოკაციის ავტორი და შემოქმედიც ის არის.
მე რომ ამ საქმის გამომძიებელი ვიყო, ამ საქმის გამოძიებას მიხეილ საააკაშვილის და მისი გუნდის რამდენიმე წევრის ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესწავლით დავიწყებდი. ამასთან ერთად, ყურადღებას გავამახვილებდი მოძრაობა „სირცხვილიას“ და იმ სამოქალაქო აქტივისტების ქმედებებზე, რომლებსაც არც დაუმალავთ, რომ ლგბტ-პრაიდის ჩატარების მთავარი მხარდამჭერები სწორედ ისინი იყვნენ.
შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ამ მცირერიცხოვანი ლგბტ თემის უკან პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები და მათი სატელიტი ორგანიზაციები დგანან, რომლებიც ლგბტ თემის წევრებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებენ.
მიხეილ სააკაშვილს პროდასავლური და ავანტურისტული (ხშირ შემთხვევაში, სისხლიანი) სპექტაკლების დადგმის დიდი სტაჟი აქვს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
ის, რაც 5–6 ივლისს თბილისში მოხდა, ძალიან ჰგავს მისი სატანისტური ტვინის ნამოქმედარს, მის ხელწერას.
ამიტომ ვთქვი, ამ საქმის გამოძიება სწორედ სააკაშვილიდან უნდა დაიწყოს-მეთქი“.
ასეთია ჩვენი სტუმრის მოსაზრება, რომელსაც „საერთო გაზეთის“ რედაქცია მთლიანად ეთანხმება.
„საერთო გაზეთი“ ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ის, რაც 2019 წლის 20 ივნისიდან დღემდე ხდება, ეს არის დროში გაჭიმული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
5–6 ივლისის მოვლენები ამ მცდელობის ნაწილია, მისი გაგრძელებაა და მისი გამოძიება და შესწავლა სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოხდეს.

ვახტანგ ხარჩილავა