გელა ზედელაშვილი: ქალბატონო ნინო, დახედეთ ფოტოს, თქვენ გშურთ სალომე ზურაბიშვილის!

გელა ზედელაშვილი: ქალბატონო ნინო, დახედეთ ფოტოს, თქვენ გშურთ სალომე ზურაბიშვილის!

სულ მეგონა, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მაინც გადადებდა გვერდზე წყენას (ბოღმას) და "ნაციონალების" წინააღმდეგ გაილაშქრებდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, რატომღაც პირიქით მოიქცა და ბოლოს არნახული ცინიზმიც გამოავლინა - ინგა გრიგოლიას გადაცემაში ("რეაქცია") ისეთი კომენტარი გააკეთა, გეგონება, 2012-ში ის და მისი "კამანდა" კი არა, მე ვეხვეწებოდი ბიძინა ივანიშვილს, შემხვდი და გვერდით დამიყენე-მეთქი.

ნინო ბურჯანაძე: "ასეთი საპრეზიდენტო არჩევნების და ბიძინა ივანიშვილის ნაყიდ საპრეზიდენტო სავარძელში ყოფნა, ღმერთმა დამიფაროს. მე რომ მასეთი რამ მდომოდა, როგორმე მოვახერხებდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავის დროზე, ბოლომდე პრობლემების მოგვარებას და სკამის შენარჩუნებას და ასევე, ივანიშვილთანაც მოვახერხებდი საერთო ენის გამონახვას. ნამდვილად, მინდა გითხრათ, არანაირად არ მშურს ქალბატონი სალომეს დღევანდელი მდგომარეობა".

კარგი, ქალბატონო ნინო, კარგი, რააა! მე მაინც არ ვიცოდე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თქვენს მიმართ და ასევე თქვენი მცდელობების შესახებ 2012-ში. ნონა გაფრინდაშვილი, გოგი ქავთარაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 3 საათი ეხვეწებოდნენ ივანიშვილს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდით, დაელაპარაკეთ, არ არის ისეთი, როგორიც გგონიათო. ივანიშვილმა მათ უხათრა, შეგხვდათ, თუმცა იქვე უთხრა, შევხვდები, მაგრამ რა აზრი აქვსო? მართლაც არ ჰქონდა აზრი, დაგელაპარაკათ და აზრი მაინც არ შეიცვალა. ქალბატონო ნინო, თუ ივანიშვილისგან არაფერი გინდოდათ და არაფერს ელოდებოდით, მაშინ რატომ მიხვედით მის სასახლეში მეორეკლასელ მოწაფესავით, უბრალოდ პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილეთ?

რომ ამბობთ, სალომე ზურაბიშვილის არ მშურსო, ეს უკვე სასაცილოა, რადგან მთელმა ქვეყანამ იცის თქვენი დამოკიდებულება მისდამი - ერთი პერიოდი ერთად იდექით ქუჩაში, აქციებზე და ფოტოობიექტივმაც კი დააფიქსირა, რომ მას ვერ იტანთ!

სალომე ზურაბიშვილი ჩემი არც დეიდაა და არც მამიდა, შეიძლება უცნაურია, ამ ქალბატონს არასოდეს დავლაპარაკებივარ, მაგრამ როცა ამაზრზენმა "ნაციონალებმა" ქვეყანას შემოუტიეს, როგორც შემეძლო, წინააღმდეგობა გავუწიე. ასე მოიქცა ბევრი ადამიანი. თქვენ კი გამოდიხართ ტელევიზორში დღეგამოშვებით და ცინიკოსობთ. დამიჯერეთ, ასე ვერაფერს მიაღწევთ, ცინიკოსობასაც აქვს თავისი დრო და ადგილი!