დაჩი ცაგურია: მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს, გორში ოკუპანტებს ფულის სანაცვლოდ ტერაქტს სთხოვდა

დაჩი ცაგურია: მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს, გორში ოკუპანტებს ფულის სანაცვლოდ ტერაქტს სთხოვდა

სწორედ გორელებმა იციან ყველაზე კარგად, ვინ არიან ესენი, გორში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როდესაც მათ მიატოვეს ხალხი, შემდეგ კი ჯარი, -ამის შესახებ მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა, დაჩი ცაგურიამ გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველზე გამარჯვებას ზეიმობდა, დევნილები თბილისის ქუჩებში იყვნენ მიტოვებული.

„ჯერ მოსახლეობა მიატოვეს, შემდეგ ჯარი. ჯარი მეთაურებს ეძებდა, ხალხმა არ ვიცოდით, სად იყვნენ რეზერვისტები. რუსთაველი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სავსე იყო დევნილებით, ხალხში ქუჩაში ჰყავდათ დაყრილი და ესენი გამარჯვებას აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ. მაშინ მახსოვს, სოზარ სუბართან იყო შტაბი, რომელშიც მე და ჩემი მეგობრებიც ვიყავით. საბავშვო ბაღებში, სკოლებში წიხლით კარს ვანგრევდით, რომ ეს ხალხი შეგვეყვანა, თორემ ქუჩაში ჰყავდათ მიტოვებული და იქით უბრაზდებოდნენ, რატომ წამოხვედით, ცხინვალს ვაკონტროლებთო. მაგრამ რეალობა ხომ ყველამ ვიცოდით რაც იყო. სამწუხაროდ იქამდე გათავხედდნენ, რომ რაც თვითონ ბოროტება ჩაიდინეს და აკეთეს, ახლა სხვას აბრალებენ“,- განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს იმის გამოც, რომ ოკუპანტებს გორში ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

„მე არასდროს დამავიწყდება ვანო მერაბიშვილის გამოსვლა ეთერით, სადაც ის ღიად ამბობდა და თან ეამაყებოდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტებს სთავაზობდა 50 000 დოლარს ამ ქალაქში ძეგლის ასაფეთქებლად. ეს ხომ ყველას გვახსოვს, ეს ხომ საჯაროდ გაცხადებული სისხლის სამართლის დანაშაულია.  კარგი იქნება, რომ პროკურატურამ დაკითხოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯანდაბას, დღემდე არავინ დასჯილა ჩემი და ჩემი მეგობრების წამებაზე და ცემაზე, მაგრამ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში ოკუპანტებს კაცი ფულს რომ უხდიდა ტერაქტების მოსაწყობად, ამაზე მაინც დასაჯეთ, ამაზე მაინც მოსთხოვეთ პასუხი. ამ ქალაქის აფეთქებას სთხოვდა, გორში სთხოვდა ტერაქტს“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ და დასძინა, რომ დარწმუნებულია,  თავისუფლების დაცვის ბრძოლაში ყველა გაერთიანდება.

წყარო: "პირველი არხი"