ნათია კუპრაშვილი: „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ

ნათია კუპრაშვილი: „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ

კერძო ტელევიზიებს ბიუჯეტის მიმართ 33 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვთ. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ტელეკომპანიების მიმართ სახელმწიფოს არათანაბარ მიდგომაზე საუბრობს.

ორგანიზაციის მიერ შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის მიმართ ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო დავალიანება 13 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო „რუსთავი 2-ს“ დავალიანება 20 მილიონ ლარს უტოლდება.

200 ათასი ლარის ფარგლებში აქვთ საბიუჯეტო დავალიანება ტელეკომპანია "იბერიასა" და „ტვ-8“-ს. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსში აცხადებენ, რომ განსხვავებით მსხვილი მაუწყებლებისგან, მცირებიუჯეტიან რეგიონულ ტელევიზიებს გადასახადების დაგროვების შესაძლებლობას არავინ აძლევს და არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ასეულ ლარის დავალიანებაზე მათ ავტომატურად, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ინკასო ედება. ალიანსი ხელისუფლებისგან მაუწყებელთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს. დავალიანებასთან დაკავშირებით სხვა ტელეკომპანიები კომენტარს არ აკეთებენ.

„გადასახადების გადახდა არის ავტომატიზებული პროცესი. ე.ი. არსებობს გარკვეული მითითება,რომლითაც ეს პროცესი არ ხორციელდება ამ ორ ტელეკომპანიაზე. წინა კვირას 600 და 400 ლარებზე დაედოთ სხვა ტელევიზიებს ინკასო. იმ პირობებში, როცა სარეკლამო ბაზრიდან ,,იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს მიაქვთ ბაზრის უმრავლესობა, დაახლოებით 70%-ზე მეტი, სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელი ამბავია, როგორ უნდა იარსებოს სხვა მედიასაშუალებებმა. არც „იმედს“ და არც „რუსთავი 2“-ს შემოსავლები არ უმცირდება. შემოსავლები უმცირდება სხვა მედიასაშუალებებს, მათ შორის რეგიონულ მედიებს. ეს შემცირება არის ძალიან მკვეთრი“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

წყარო: "პირველი არხი"