ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

 ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ​​დეპუტატ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ​გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. ​ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ​პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ იკვეთებოდა  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
​აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.