არჩილ თალაკვაძე: საქმეები, რომელიც უგულავამ ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე

არჩილ თალაკვაძე:  საქმეები, რომელიც უგულავამ ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე თბილისის მერიისა და ინვესტორის დღევანდელ შეთანხმებას და ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადებებს ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ შეთანხმების თანახმად, ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

არჩილ თალაკვაძე:

„პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერის ბრიფინგს, ბატონი კახი კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო უკვე ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გააკეთა, მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო, როგორც ჩანს, გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, საქმეები, რომელიც მან თავის ჩრდილში გააკეთა ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახი კალაძის მოსაგვარებელი. მან ეს შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა წარმატებით მოაგვარა. აი ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის, ასე ვთქვათ, მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ იყო დიდი სკეპტიციზმი წინასწარ ამ საკითხის მიმართ, მაგრამ თბილისის მერმა კახი კალაძემ შეძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი, ამიტომ მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ, ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე, ეს საკითხები დღეს არის ჩვენი საზოგადოების და თბილისის მერის მოსაგვარებელი და თბილისის მერმა მოაგვარა ეს საკითხი ისე, როგორც თბილისს სჭირდებოდა და საზოგადეობას სჭირდებოდა".