ვახტანგ გომელაური: შსს-სთვის უმნიშვნელოვანესია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა

ვახტანგ გომელაური: შსს-სთვის უმნიშვნელოვანესია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია”, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამიჯნულია.
“სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნას, გამოძიების ხარისხის ამაღლებას და საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას.
ამ ეტაპისათვის საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები გამიჯნულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. ასევე, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები გამიჯნულია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და გაიმიჯნება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასევე დაწყებულია საუბნო მიმართულების გარდაქმნა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობად. შესაბამისად, ინერგება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. აღნიშნული პროცესი უკვე მიმდინარეობს თბილისის კრიმინალურ პოლიციაში, კერძოდ, მართლწესრიგის ოფიცრები უკვე მუშაობენ ვაკე-საბურთალოს რაიონში. მართლწესრიგის ოფიცრების უმთავრესი ამოცანაა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა. აღნიშნული რეფორმა განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის, უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.