გია ვოლსკი: სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა დამთავრდა

გია ვოლსკი: სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა დამთავრდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დადასტურდა, რომ შეჩერების მექანიზმი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მოსარჩელე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა.

„სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით აქ კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დამთავრდა იმით, რომ სახელმწიფოს პოზიცია ყველა მუხლში იქნა მართებულად ცნობილი, ეს არის ფაქტი. გარდა ამისა, არის კიდევ თემები, რომელიც ზუსტად ახასიათებს იმ პერიოდს, როდესაც ქონების წართმევა-წაგლეჯა იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა. იგივე ვაზაგაშვილის თემასთან დაკავშირებით, კიდევ მეორე მოქალაქესთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარღვეული იყო სიცოცხლის უფლება და წამების ფაქტი – საკმაოდ მძიმე ფაქტი დაადასტურა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება გამტყუნდა, მაგრამ ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ აღსრულება დღესვე დაიწყოს, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია.