ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გრძელდება

ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გრძელდება

ანანურში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გაეცნენ.

აქტიურად გრძელდება ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და პარკირების სივრცე, ასევე, დამონტაჟდება გარე განათება. ძველი სავაჭრო დახლები კი, თანამედროვე ჯიხურებით შეიცვლება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური გარე ვაჭრობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება. ანანური, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული დამსვენებლებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება.

ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ანანურის ეკლესიასთან მისასვლელ და ცენტრალური გზიდან სანაპირომდე არსებულ მონაკვეთს. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა გზებისა და ძველი სამხედრო გზის მოასფალტებაც. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.5 მილიონ ლარს აჭარბებს.