ანგელა დეიდას პასუხი სიდედრის კარზე გამაგრებულ სააკაშვილს

ანგელა დეიდას პასუხი სიდედრის კარზე გამაგრებულ  სააკაშვილს

სიდედრის კარზე "გამაგრებული" მიხეილ სააკაშვილი მომენტს არ უშვებს ხელიდან, დესტაბილიზაცია არ მოაწყოს საკუთარ თავში - "დემოკრატიული რევოლუცია", რომლის დროც კარგახანია დამთავრდა, კვლავ მის ოცნებად რჩება. ის ცდილობს, გერმანიის კანცლერის ვიზიტიც კი სათავისოდ გამოიყენოს და თავის ერთ მუჭა მომხრეებს ისედაც გამოლაყებული ტვინი უარესად გამოულაყოს. სააკაშვილის დავთრების მიხედვით, თბილისში მყოფ მერკელს ხაზგასმით უთქვამს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების დროაო. ამას მერკელი ვერ და არ იტყოდა თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქალბატონ კანცლერის საქმე არ არის, საქართველოში ხელისუფლება როდის, როგორ და რა ფორმით შეიცვლება. და რომც შეიცვალოს, რა დროც არ უნდა დადგეს - სააკაშვილს რა? ეტყობა კი არა, ნამდვილად ასეა, ეს ოჩოპინტრე ვეღარ მიხვდა, რომ მისი დროის პოლიტიკის დრო წავიდა და ამას უნდა შეეგუოს. რაც შეეხება ანგელა მერკელს, შეიძლება ითქვას, საქართველოსთან, სააკაშვილის წყალობით, არც თუ "ტკბილი მოგონებები" აკავშირებს. ამონარიდი "იმედი ნიუსის" სტატიიდან:

"მერკელი კანცლერის რანგში საქართველოში პირველად ომის დამთავრებისთანავე 2008 წლის 17 აგვისტოს ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე გერმანული პრესა ხშირად წერდა. სააკაშვილის შეტევა სამხრეთ ოსეთზე ფედერალური კანცლერის უწყებაში ხარაკირის ტოლფას ქმედებად აღიქვეს - სააკაშვილი პირდაპირ რუსების დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა, - წერდა FAZ-. მაგრამ გამოცემა აღნიშნავდა, რომ მერკელს სააკაშვილი ომამდეც არ მოსწონდა და მათი პირველი შეხვედრის დეტალებს აღწერს: „ანგელა მერკელი შოკირებული იყო. 2006 წლის თებერვალში ის პირველად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, სააკაშვილი მას სიტყვიერად თავს დაესხა და საქართველო ლამის სამოთხედ წარმოადგინა - განვითარებული ეკონომიკით და უნაკლო სამართლებრივი სისტემით. როდესაც კანცლერი გერმანიაში განსწავლული ქართველი მოსამართლეების ბედით დაინტერესდა, რომლებიც სააკაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ საუკეთესო იურისტები მუშაობენ. სააკაშვილი ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ამ საუბრიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაპატიჟეს, ისიც ამერიკელების ხათრით.

დაპატიჟეს, ჩააწყო მიხეილმა, გადაიხადა, მაგრამ როგორც იმ პერიოდში კულუარებიდან გამოჟონა, თავი ისე მოაბეზრა ფრაუ მერკელს, თურმე იძახდა, მომაშორეთ, ეს უზრდელი ვინააო? სააკაშვილმა ჯერ ჭამით და ღორმუცელობით გააოცა სტუმრები, შემდეგ კი თავისი "უზადო" ქლესაობით. ვერ უარვყოფთ, მიხეილს ეხერხება შეტენვა და ტუალეტის კართან ჩასაფრება. იყო დრო, პუტინსაც კი ელოდებოდა ტუალეტთან.

ალბათ, სააკაშვილის გამოხტომაზე ანგელა მერკელს საერთოდ არ ექნება რეაქცია და არც არის საინტერესო, მაგრამ მის მიერ გავრცელებულ ჭორს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხებდა: შენა, ბიჭო, რა ჭორიკანა დედაკაცივით იქცევი, რეიზა მაბრალი ეგეთ უმსგავსობებს, ხომ ვთქვი, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება და ეს ქვეყანა ჩვენი საიმედო პარტნიორია?!

მიხეილ სააკაშვილი 2003 წლის ნოემბერშია ჩარჩენილი და იგივე მეთოდებით "იბრძვის", მართლა ვეღარ მიხვდა, რომ სხვა დროა, სხვა ეპოქა და სხვა პოლიტიკური სიტუაცია. მას ძალიან უნდა, სომხეთის მაგალითი საქართველოშიც გადმოიტანოს, თუმცა ავიწყდება, რომ რაც სომხეთში მოხდა, ის ჩვენთან 2012-ში უკვე იყო.

ლევან სიხარულიძე