დავით მესხიშვილი: ბატონო მერო, თქვენ იმყოფებით არაპროფესიონალი კადრების ტყვეობაში!

დავით მესხიშვილი: ბატონო მერო, თქვენ იმყოფებით არაპროფესიონალი კადრების ტყვეობაში!

დავით მესხიშვილი (''ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის'' ხელმძღვანელი):

ბატონო მერო!  არ მსჯელობთ სამართლიანად, სამწუხაროდ. შანტაჟი მეტროს მოუწყო მერიამ და არა პირიქით. ვიცნობ რა მეტროს პრობლემებს ზედმიწევნით კარგად  (კვლევები მაქვს ჩატარებული), სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მათი არცერთი თხოვნა არ იქნა შესრულებული 2 წლის განმავლობაში: საპენსიო ასაკის დაწევა, სამედიცინო დაზღვევის მათთვის საჭირო პაკეტის მიღება, მოსასვენებელი-დასაძინებელი ადგილების კეთილმოწყობა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების ეტაპობრივი ზრდა და არა მყისიერი. ბოლო პერიოდში კი, არაერთგზის თხოვნისა რომ დაგეკმაყოფილებინათ მათი მოთხოვნები თუნდაც ეტაპობრივად, ვერ გახდა განხილვის ღირსი. გთხოვდით პირდაპირი ეთერებიდან, ეგებ იზრუნოთ მათი პრობლემების გადაჭრაზე-თქო, რომლებიც შესწავლილია. თქვენ და თქვენი მოადგილეები ნაცვლად პრობლემების გადაჭრისა კი ამბობდით: "თუ ვინმე გაიფიცება, ჩავანაცვლებთო" ან "მეტროს როცა მინდა გავაღებ და როცა მინდა დავკეტავო" და სხვა. არც თქვენგან და არც მერიის თანამშრომლებისგან რადიკალიზმისა და ირონიის გარდა მათ არაფერი მიუღიათ. დღესაც კი ვერ გაგიგიათ, რომ მათი პრობლემები უნდა გადაჭრათ და მუქარის ტონით საუბარი თქვენვე გიბრუნდებათ ცუდად უკან. სამარცხვინოა, თან არასერიოზული იმის მცდელობა, რომ მეტროს თანამშრომლები დააპირისპიროთ მოსახლეობასთან, თითქოსდა მემანქანეები მგზავრობის გაძვირებას ითხოვენ. ურცხვი ტყუილია ეს!!! ამასობაში სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა 40 დღეში 13 400 ლარი გამოიწერა ხელფასად. სულ ბოლოს კი, არასწორი გადაწყვეტილებების გვირგვინი სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო, რომელმაც სამუშაო საათებში გაფიცვაც კი აუკრძალა მემანქანეებს, ანუ დასვენების დღეებში გაიფიცეთო. ჰოდა დააპატიმრეთ სახელმწიფოს მხრიდან აბუჩად აგდებული და გატანჯული 3000-მდე თანამშრომელი. შანტაჟი ქალაქს მოუწყო მერიის შესაბამისი სამსახურების არაკომპეტენტურობამ და არა მეტრომ! შანტაჟი ქალაქს მოუწყო სასამართლოს არაადექვატურმა გადაწყვეტილებამ! შანტაჟი ქალაქს მოუწყო ტრანსპორტის პოლიტიკის არარსებობამ! და ასე ვიქნებით მარად, სანამ სტრუქტურულ რეფორმას არ გაატარებთ და სანამ კომპეტენტურ, თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანებს არ მიიყვანთ ტრანსპორტის სექტორში. დღეს კი, ბატონო მერო, იმყოფებით არაპროფესიონალი კადრის ტყვეობაში და ასეთივე ტყვეობაში იმყოფება მთელი ქალაქი. კრიზისია!