არის თუ არა "ნილი" ბიძინა ივანიშვილის ძმის?

არის თუ არა "ნილი" ბიძინა ივანიშვილის ძმის?

ამ დღეებში თბილისის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან ხაბეიშვილმა მორიგი საცირკო სანახაობა შემოგვთავაზა - თურმე შპს "ნილი", რომელსაც საბავშვო ბაღების გამოკვება ევალებოდა და რომელიც უბოდიშოდ გაისტუმრეს, ანუ ხელშეკრულება გაუუქმეს, არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ინტერესებში, თურმე ეს კომპანია უსამართლოდ იგებდა ტენდერებს, თურმე ადგილი აქვს დიდი თანხების გაფლანგვას და ასე შემდეგ. მეტიც, იგივე ხაბეიშვილმა შპს „ნილთან“ დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ის ითხოვს გარკვევას, თუ სად წავიდა 39 მილიონი ლარი, რომელიც ამ კომპანიას ტენდერში გამარჯვების შემდეგ ერგო და რატომ კვებავდნენ ცუდად 60 ათას ბავშვს.

ჯერ კიდევ შარშან ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ "ნილის“ ერთ-ერთი მეწილე ბიძინა ივანიშვილის ძმა - ადიკო ივანიშვილია. მისივე მტკიცებით, ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ასი ათასობით ლარს უხდის მმართველ პარტიას. ჩვენ თანხის შემოწირვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გადავამოწმეთ და ერთი ასეთი ფაქტი მართლაც დასტურდება, თუმცა არა ასი ათასობით ლარი, არამედ სულ რაღაც 30 ათასი ლარი ("ქართული ოცნების" შემომწირველი შპს "ნილი". თეიმურაზ გიორგაძე. თანხა - 30 000 ლარი. 2016 წ.). სხვათა შორის, ხაბეიშვილი ძალიან წუხს, რომ თავის დროზე 38-მილიონიან ტენდერში "ნილის" გარდა არავინ მიიღო მონაწილეობა დას გაუჩნდა "ლოგიკური" კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, ბიზნესს არ უნდოდეს 38 მილიონი ლარი? - ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია. თუმცა, აქვე აქვს პასუხიც: "გეტყვით, რატომაც არ უნდათ. ამ ფასად 61 ათასი ბავშვის გამოკვება წლიდან-წლამდე ფაქტობრივად, შეუძებელია. მაშინ, როდესაც პური გაძვირდა, როდესაც საწვავის ფასმა მოიმატა, როდესაც კომუნალური გადასახადები იზრდება და ყველა ის პროდუქტი გაძვირდა, რომლითაც იკვებებიან ბაგა-ბაღებში. და ვინ მიიღი ამ ტენდერში მონაწილეობა? - ისევ იმ კომპანიამ, რომელიც გასულ წელს აჭმევდა ბავშვებს და ამ კომპანიას მთელი წლის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა. ბაღების უმრავლესობას "ნილის“ მიმართ ჯარიმა აქვს დაწერილი, იმიტომ რომ არაჯეროვნად ასრულებდნენ მოვალეობას. ოპოზიცია მაქსიმალურად იბრძოლებს, რომ ისევ "ნილს“ არ ჩაუვარდეს ხელში საბავშვო ბაღები".

კი, ბატონო, როგორც ჩანს, ამ კომპანიას მართლაც ჰქონდა პრობლემები და თბილისის მერიამ ამიტომაც გააუქმა ხელშეკრულება, მაგრამ ხაბეიშვილი მთავარს მალავს - როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, შპს "ნილი" იმთავითვე იყო "ნაციონალების" მიერ შექმნილი და გაჯეჯილებული. კომპანიის მფლობელი გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი. ეს ადამიანი თითქოს არსად ფიგურირებს, არც დოკუმენტებს აწერს ხელს, მაგრამ 2017 წლის 21 დეკემბერს  და 2018 წლის  31 იანვარს "თიბისი"-ს მიერ კომპანია "ნილისთვის" გაცემული საგარანტიო წერილებიდან და საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გადადის პარალელურად ირაკლი გიორგობიანის ქონება ბანკის ხელში: მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა წავკისში, მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები კოჯორში და ასე შემდეგ. დღეს ირაკლი გიორგობიანის მთელი ქონება დაყადაღებულია, დაგროვილია მილიონობით ვალი.

ამოცანა გვეკითხება: სად არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ადიკო ივანიშვილი, რატომ არ იკვეთება სადმე მისი ინტერესები, როგორც ამას ხაბეიშვილი ამტკიცებდა? ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამჯერადაც, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, "ნილი" ჯეროვნად ასრულებდა თავის უფლებამოსილებას, რაც დავალებული ჰქონდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მათ სერიოზული ხარვეზები ჰქონდათ ბაღებისთვის საკვების მოწოდებასთან დაკავშირებით: "ჩვენ არაერთი გაფრთხილება მივეცით, ბოლოს რამდენიმე შეხვედრაც გავმართეთ. ჩვენი მხრიდან იყო მიმართვა, რომ დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო, სწრაფად გამოესწორებინათ, თუმცა კომპანიამ ეს ვერ შეძლო და ხელშეკრულება გავუწყვიტეთ".

ვინ არის ირაკლი გიორგობიანი? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის "ნაციონალების" დროიდან გახლდათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბაჩო და დათა ახალაიებთან დაახლოებული პირი (მეტსახელად "გლობუსა") და ამიტომაც 2011 წლამდე ფლობდა კიდევ ერთ ბიზნესს - პენიტენციურ დაწესებულებებში ააშენა პურის საცხობები, სადაც პატიმრები თავადვე აცხობდნენ თავიანთ სამყოფ პურს. ამ საქმეში დაფინანსება მიდიოდა ბიუჯეტიდან. სხვათა შორის, ეს იმთავითვე არ გახლდათ ურიგო პროექტი და 2011 წლის შემდეგაც გრძელდებოდა სხვა კომპანიის ეგიდით, მაგრამ ამ ეტაპზე გამოცხადებულია ახალი ტენდერი, ანუ ერთი ფლანგი თავისუფალია. ასევე სანდო წყაროს ინფორმაციით, ამჯერად ირაკლი გიორგობიანმა "ნილი" გვერდზე გასწია, საბავშვო ბაღებიც დაივიწყა და ტენდერში შემოჰყავს ლიტვური კომპანია "pontem de". ეს უკვე ის ტენდერია (პენიტენციურ დაწესებულებებში პურის ცხობა), სადაც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში მუდმივად გამარჯვებული გახლდათ "ნილის" მფლობელი და ხელშეკრულება 2011 წელს გაუუქმეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, ახლა გიორგობიანი ცდილობს, ლიტვურ კომპანიას ამოეფაროს და ისე შეაღწიოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. არადა, კომპანიამ, რომელმაც ბავშვები ვერ გამოკვება ხეირიანად, პატიმრებს რანაირად გაუმასპინძლდება?!

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მას უბრალოდ ასეთი სტილი აქვს (ეს "ნაციონალური" ტაქტიკაა), სხვას აბრალებს იმას, რაც საკუთარ პარტიაში უნდა მოიკითხოს. "ნილი", რომელიც "ნაცების" საბაირამო კომპანია გახლდათ და გახლავთ, ნამდვილად არ არის არც ბიძინა ივანიშვილის, არც მისი ძმის, არც კახა კალაძის, არც თეა წულუკიანის და არც შაქრო ქიბროწაშვილის.

  გელა ზედელაშვილი