არისტოფანე

არისტოფანე

- ალიოოო... ბატონო ლევან, "ტვ ჭუკჭუკიდან" გაწუხებთ, თქვენი აზრი გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე.

- დიახ, გისმენთ... რა თქვით, რომელი ტვ-დან მაწუხებთ?

- "ჭუკჭუკი", ბატონო ლევან, ჟურნალისტი კუჭკუჭი ინდოურაძე გესაუბრებათ.

- ჰო, მე "პოსტი ტივისთან" არ ვთანამშრომლობ, თორემ თქვენთან პრობლემა არ მაქვს, თქვენი ტელევიზია არის მეტად ობიექტური და კრიტიკული, თქვენ ხართ საქართველოში თავისუფალი სიტყვის მებაირახტრეები!

- ბატონო ლევან...

- დიახ, ასეა ეს... ძალიან გთხოვთ, ნუ შემეკამათებით, მე ჯერ არაფერი შემშლია ცხოვრებაში და არც ახლა მეშლება!

- ბატონო ლევან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კარგად იქნებაო, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო? საქართველოში ყველაფერი კარგად მაშინ იქნება, როცა მდიდრებს აღარ მოვუშვებთ პოლიტიკაში, ასეა ეს, ნუ შემედავებით!

- კი, მაგრამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძეს რომ უჭერთ მხარს, მდიდარი არ არის?

- ჰმ... ჯერ ერთი, ხაზარაძე აღარ არის მდიდარი, სულ რაღაც 700 ათასი ჰქონდა და ისიც გირაოში ჩაადებინეს, მეორეც - ეს კაცი სხვანაირი მდიდარი იყო, რაღაცნაირი, განსხვავებული, ცოტა უფრო ღია ფერისა!

- ბატონო ლევან...

- თუ დამირეკეთ, მაცალეთ კიდევაც ლაპარაკი, ნუ მეჩრებით, ნუ დაემსგავსებით შალვა რამიშვილის კანტორას!

- ბატონო ლევან...

- კმარა... როგორც დიონისე იტყოდა არისტოფანეს "ბაყაყებში", ჩემს ტვინში ნუ ძვრები, სახლში დაეტიე!

- ბატონო ლევან, თქვენ ხომ მდიდარ ადამიანთან იყავით 2016 წლამდე?

- დიახ, ვიყავი... უფრო სწორად, ის მდიდარი ადამიანი იყო ჩემთან, მაგრამ მან ვერ მასწავლა გზა, რომლითაც პლუტონს მივადგებოდი. ვფიცავ პოსეიდონს, ამას არ ვაპატიებ. სიმართლე გითხრათ, მე ახლა ვზივარ კაეშნის ლოდებთან და იმაზე ვფიქრობ, მიმიყვანს თუ არა ხაზარაძე პლუტონთან!

- იმედი არ გაქვთ?

- იმედი რომ არ მქონდეს, მხარსაც არ დავუჭერდი, ბატონო კუჭკუჭი... ეტყობა, შენ არ იცი, რა ძნელია წლების განმავლობაში ნავიდან ნავში გადაჯდომა, როგორც დიონისე იტყოდა, მე უკვე ტრაკი დამებეჟა და ამტკივდა, თქვენს ტელევიზიას კი ეს საერთოდაც არ ადარდებს. კი ხართ ობიექტურნი, მაგრამ ჩემი დაბეჟილი ტრაკითაც თუ დაინტერესდებით, კარგი იქნება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. ზოგს ჰგონია, რომ ბუასილი მაქვს, მაგრამ ასე არ გახლავთ, ეგ მტრების მოგონილია!

- აბა, რა გჭირთ, ბატონო ლევან, იქნებ დააკონკრეტოთ?

- რა მჭირს და... დიონისეს თქმისა არ იყოს, მთელი ტანი დამიწყლულდა, მთელი ტრაკი ოფლში ცურავს, დავიხრები - ხმას გამოსცემს. ასეა ეს, გაფრთხილებთ, არ შემეკამათოთ!

- თქვენ იმდენად განათლებული პიროვნება ბრძანდებით, ვერ შეგეკამათებით.

- თუ ამას ხვდები, კიდევ არაუშავს!

- და მაინც... ბატონო ლევან, იქნებ მითხრათ, რა განსხვავებაა ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის?

- რას ჰქვია, რა განსხვავებაა? ჰა, ჰა, ჰა... ვფიცავ დემეტრეს, სიცილს ვერ ვიკავებ, ტუჩი დავიკბინე, მაინც მეცინება! ხაზარაძე არის დიდი ქველმოქმედი, რაც მაგას საქმეები აქვს ნაკეთები ლიტერატურაში, ივანიშვილს არც კი დაესიზმრება. ბიძინა არის უბრალო ჩარჩი, მან არ იცის არაფერი... მე ამას მივხვდი მაშინვე, როცა ჩემთან მოვიდა და მთხოვა, შენთან წამიყვანეო, უფრო სწორად, გვერდით დამიყენე, მინდა, მეც განათლებული გამოვჩნდეო. მე ვკითხე, არისტოფანეს შესახებ თუ გაგიგონიათ რამე-მეთქი? კი, გამიგონია, უხსოვარ დროში რაღაცებს წერდაო. თუმცა ვერ გაიხსენა, რას წერდა. შემეცოდა, დავსვი და რამდენიმე კომედია წავუკითხე. გამოგიტყდებით, არ მოეწონა. აი, ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ხაზარაძემ არისტოფანეს ნაწარმოებები ზეპირად იცის. განა ეს ცოტაა? მე უკვე ვგრძნობ ჩირაღდნის სუნს, თითქოს ზევსმა შემოაბიჯა პოლიტიკაში. ჩვენ ამ დროს მოწიწებით უნდა დავდუმდეთ. დიახ, დაგვტოვოს ყველამ, ვისაც სინდისი სუფთა არ აქვს!

- დიდი მადლობა, ბატონო ლევან, უნდა დაგემშვიდობოთ.

- მადლობა ტელეკომპანია "ჭუკჭუკის" დირექციას. ისე, შეიძლება ამ ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დაგხუროთ, მაგრამ არ შედრკეთ, ჩვენ ამ ომში ერთად გავიმარჯვებთ. მე უკვე მივხვდი და ჩავწვდი ყველაფერს, მოვიდეს ივანიშვილი და ნახოს, ასი ათასობით ბრძენი ზის რუსთაველზე, ღირსებით ყველა აღემატება კლეოფონს. ყველა მათგანს ბაგეზე თრაკიული მერცხალი უზის და უჭიკჭიკებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალმა სიომ დაუბერა!

ბატონმა ლევანმა სკამი მიიჩოჩა და ნახევარი დუნდულით ჩამოჯდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. აშკარად კმაყოფილი იყო, კარგი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ჭუკჭუკის". ის უფრო ესიამოვნა, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მრავალგზის მცდელობისა, თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს, ქვეყანაში მაინც არსებობს დემოკრატიის ტრიბუნა. ლევანმა ცოტაოდენი წვალების შემდეგ მეორე დუნდულიც შემოდო სკამზე და ღრმად ამოიხვნეშა. ეჰ, ადრე უფრო მსუქანი იყო, მერე კუჭი დაიპატარავა, ჩხირივით გახდა, მაგრამ სიბერემ მაინც თავისი გაიტანა, ბოლო დროს ისევ დამძიმდა. ა, ისევ რეკავს ტელეფონი, ყოველდღიურად ასამდე ჟურნალისტი მაინც რეკავს. არა, უნდა დარეკონ, აბა, რა, ამ ქვეყანაში ჭკუის საკითხავი აღარავინ დარჩა და... თუმცა რაღა დასამალია, ცოტა კი გადაიღალა ბატონი ლევანი.

- ალიოოოო... ბატონო ლევან, ისევ ტელეკომპანია "ჭუკჭუკიდან" გაწუხებთ.

- ჰო, გენაცვალე, კუჭკუჭი, ხომ მშვიდობაა?

- არ ვიცი, ეგ თქვენ უნდა მითხრათ, ამას მშვიდობა ჰქვია?

- რა იყო, კაცო, თქვი, ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა?

- რა მოხდა და... აი, სულს ვეღარ ვითქვამ... ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დანიშნა.

- ჰმ... მართლა? ნუ ნერვიულობთ, მაგათი საქმე მაინც წასულია!

- ეგ კიდევ არაფერი, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დანიშნა.

- უი, უი, უი... თლა უარესი, ჩემო კუჭკუჭი!

- ბატონო ლევან, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნებაო.

- ჰი, ჰი, ჰი... რა იცის მაგან შინაგან საქმეთა მინისტრობისა?  შავო წყვდიადო ღამისავ, ეს რა უბედურ სიზმარს მიგზავნი ბნელი ჰადესის წიაღიდან?!

- რა თქვით, ბატონო ლევან? 

- არაფერი, ეს ისე... წეღან არისტოფანეს ერთ-ერთ კომედიას ვთარგმნიდი და გონებაში ფრაზა ჩამრჩა, ანუ ჩამეთესა. ჰოდა, იმას ვამბობდი... ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ივანიშვილი მოვაშოროთ ამ ქვეყანას, თორემ ეგენი მარიონეტები არიან, ასეა ეს!

- კი, მაგრამ ვინ უნდა დანიშნოთ თანამდებობებზე?

- ვინ? კუჭკუჭი, შენ რა, ხუმრობ? როდესაც ქვეყანაში გყავს კრისტალივით წმინდა გრიგოლ ვაშაძე, წყაროს წყალივით კამკამა ნიკოლოზ მაჭუტაძე, ბროლივით ელვარე ბაჩუკი ქარდავა, ბრილიანტივით მბზინვარე პაატა დავითაია, შეიძლება, სხვები ისხდნენ ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობებზე? აღარაფერს ვამბობ გულანთებულ მამუკა ხაზარაძეზე... ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ, ვინმე გამომრჩება და შეიძლება ეწყინოს. ჰო, როგორ არ ვთქვა გულდათუთქულ გუბაზ სანიკიძეზე? თქვენ იცით, რა დღეში ჩააგდო ეს კაცი ბიძინა ივანიშვილმა?!

- მილიონი დოლარი რომ არ მისცა, ეგ ვიცით.

- არა, ეგ არ იკმარა... მილიონი არ მისცა, არც სარფის საბაჟო დაუთმო და ბოლოს ჯადოც კი გაუკეთა!

- ჯადო? რა ჯადო?

- დიახ, თვითონ გუბაზმა იპოვა თავის საწოლში პატარა ბალიში, სადაც იყო მოთავსებული მიწის ქონი, ყვავის დორბლი და ვირის გამხმარი ტვინი. ამ ბალიშში გახლდათ გარჭობილი ნემსები. იცით, ეს რას ნიშნავს?! თუ ეს ჯადო არ გააუვნებელყვეს, უახლოეს ხანში გუბაზი უკიდურესად გახდება, ჩამოუვა დორბლი, გამოჩერჩეტდება ვირივით, განიგმირება მახათით და იცოდეთ, ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი. ოოო... კრეტელნო, ამოძრავდით, მოგვეშველენით, მშვილდებს დაავლეთ ხელი და გარს შემოერტყით შუშის სასახლეს. შენ კი, ჰეკატე, ზევსის ასულო, გამიჩირაღდნე გზა სოლოლაკისკენ, ივანიშვილს შევუვარდები და კაბინეტს გავუჩხრეკ!

- ოოჰ, ბატონო ლევან, თქვენ გენაცვალეთ, ბიძიავ და ბაბუავ, ნეტა ერთი ათი ცალი თქვენნაირი გვყავდეს, ხომ ვიცხოვრებდით ბედნიერად?!

- ნუ ჩქარობ, ყმაწვილო, მე ერთიც საკმარისი ვარ, რომ თავი ბედნიერად იგრძნო... აჰა, ახლა კი აანთეთ წმინდა ლამპრები!

- დიახ, აი, "ზაჟიგალკა" ავანთე.

- დაე, იყოს წმინდა "ზაჟიგალკები"!

ავტორი გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"