გელა ზედელაშვილი: რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში!

გელა ზედელაშვილი: რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში!

ყოველ საღამოს ტელევიზორში ვიღაც ყავლგასული ტიპები გამოდიან და ამტკიცებენ, ვინაიდან მამუკა ბახტაძეს პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია, ვერაფერს გააკეთებსო.

თქვენი პოლიტიკური გამოცდილების ჭირიმე, 30 წელიწადი ერთ ადგილზე რომ ბუქსაობთ, ეგ გამოცდილება გგონიათ?!

მამუკა ბახტაძეს მხოლოდ რამდენიმე რჩევას მივცემ:

1. ბატონო მამუკა, როდესაც სამინისტროების შემცირებას დაიწყებთ, "ოცნების" ქურქში გახვეული ნახიშტარი "ნაცები" შემოგიჩნდებიან და დაგიწყებენ დარწმუნებას, რომ ბევრი უწყება გადაძეძგილია ჭარბი კადრებით და ისინი უნდა გაუშვათ. გასაშვებთა სიაში იქნებიან პარტია "ოცნების" წევრები და მხარდამჭერები. თუ სიას არ გადაამოწმებთ, ბევრი თქვენი მხარდამჭერი აღმოჩნდება ქუჩაში და სამაგიეროდ, დღეგამოშვებით მიიღებთ საბოტაჟს გადაცმული "ნაცების" მხრიდან.

რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში!

2. ძალიან გთხოვთ, არ მიიყვანოთ ქუჩის ძაღლი მთავრობის კანცელარიაში, არ დაარქვათ დონალდ ტრამპის ქალიშვილის სახელი და სამაგიეროდ ადამიანები (თქვენი პარტიის წევრები) არ გაუშვათ ქუჩაში.

რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში!

3. თუ რომელიმე შემცირებულ თუ შერწყმულ სამინისტროში აღმოჩნდებიან ჩემი მოგვარეები, არ გაუშვათ ნახიშტარი "ნაცების" ხელით. გეფიცებით, არც ერთ სამინისტროში არ მყავს არც დები, არც ძმები, არც ბიძაშვილები, არც დეიდაშვილები, არც მამიდაშვილები.

რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში, ერთი ადამიანი ჩემი და ეგონათ და გაუშვეს!

4. რაც მთავარია, ახალი კადრების აყვანისას, კონკურსები არ ჩაატარებინოთ მთავრობის კანცელარიის "უმფროს" დარაჯს.

რავი, ასე მოხდა თბილისის მერიაში!

***

გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და ყველაფერი კარგად იქნება, გისურვებთ წარმატებებს!