აქა ამბავი ნეფხვიაურ-კირკიტაურისა

აქა ამბავი ნეფხვიაურ-კირკიტაურისა

ციხეში მეხივით გავარდა, ზვიად ნეფხვიაური მოიყვანესო. რომელი ნეფხვიაური, პანჩურზე რომ ჩასვეს, ის ხომ არაო? იკითხა დავით კირკიტაურმა და ძარღვებში სისხლი აუჩქროლდა. ჰო, სწორედაც ეგ არიო, "სვაბოდაზე" კუპრიაულად იცნობენ, შარშან რუსთაველის გამზირი რომ გადატენა ხალხით და მთელი დუნია შეაზანზარაო, მიუგო თანამესაკნემ კირკიტაურს და ერთი გემრიელად დააფცხიკინა. რკინის კარი ჭრიალით გაიღო. ზღურბლზე ზვიად ნეფხვიაური იდგა. მის მიღმა ბადრაგის მომღიმარი თავი მოსჩანდა.

- ბატონო ნეფხვიაურო, თუ შეიძლება, შებრძანდით საკანში... მალე თეთრეულს შემოგიტანენ, საჭმელსაც მოგართმევენ... ხიზილალა გიყვართ? - უთხრა გაოგნებულ ზვიადს ბადრაგმა.

- მაღადავებ, ტოოო? რა ხიზილალა, ვის გაუგონია ციხეში ხიზილალა და ასატრინა?! - დაიწყო ბლატაობა ნეფხვიაურმა.

- არა, როგორ გეკადრებათ... დღეს ხიზილალას მოგართმევენ, ასატრინა ხუთშაბათს იქნება, თევზის დღეა... არა, ქინძმარში მოხარშულ ლოქოსაც კი გაგასინჯებთ, მაგრამ მხოლოდ ზეგ. ისა და... ხიზილალას კარაქით ინებებთ თუ უკარაქოდ? - არ მოეშვა ბადრაგი.

- მოდი, ძმაო, მოდი, ეგ კაცი არ გატყუებს... აქ ფაქტობრივად კურორტზე ვართ, მაგრამ ხო იცი, ციხე მაინც ციხეა... აი, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი, გალიაში ბულბულები ზიანო, - გაშალა ხელები კირკიტაურმა, ნეფხვიაურის ჩასახუტებლად მოემზადა.

თანამებრძოლები ერთმანეთს მხურვალედ გადაეხვივნენ. კამერაში მათ გარდა კიდევ ორი იყო, ერთი მაღალი, მეორე - დაბალი, ერთი ნაცი, მეორეც ნაცი. ციხის ადმინისტრაციამ ჭკვიანურად შეაფასა მოვლენები, ნაცის და ქოცის ერთ კამერაში შეშვება არ შეიძლება - დახოცავენ ერთმანეთს. როდესაც წმინდა მიხას მიმდევრები ერთად სხედან, იქ სრული იდილია და მომავლის რწმენაა. მაგალითად, კირკიტაურს ისევ ჰგონია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორია და შესაბამისადაც იქცევა - ყოველ დილით პირს იპარსავს, ჰალსტუხს იკეთებს, "პაპკას" იღებს და სადღაც წასასვლელად ემზადება, მაგრამ ბადრაგი აჩერებს, რომელიც საკუთარი დაცვა ჰგონია. არა, კი აცნობიერებს, რომ პატიმარია, მაგრამ თავისი წარმოდგენით მაინც გუბერნატორია, უბრალოდ ბუნებამ დაუშვა რაღაც უხეში შეცდომა და ეს მალე გამოსწორდება, დროის მანქანა მუშაობს შეცდომით, თორემ ყველაფერი რიგზეა. ნეფხვიაურმა უცებ კამარა შეჰკრა, შეხტა, შემოტიალდა, როგორც გამოცდილმა ბალერინებმა იციან ხოლმე და კირკიტაურს გულში ჩაეკრა. უკვე გითხარით, საკანში კიდევ ორნი ისხდნენ, მათ თვალებზე ცრემლი მოადგათ და მოულოდნელად ასლუკუნდნენ - უყურებდნენ ამ გულისამაჩუყებელ სცენას და თავებს ვეღარ იკავებდნენ.

- ეჰ, ძმაო, კირკიტაურ, უფალმა ჭირის მდგმოიარობაში შეგვყარა, მაგრამ მე მტკიცად მჯერა, რომ ოლიგარქ გველეშაპს მალე დავამარცხებთ და იქმნება ნათელი, შენ არ იცი, როგორ განვიცადე შენი დაპატიმრება, ღამეები არ მეძინა! - ამოიღმუვლა ნეფხვიაურმა და ამ ღმუილს ლამის გული ამოაყოლა.

- ჰო, ძმაო ნეფხვიაურ, მეც ძალიან განვიცადე შენი დაკავება, თუმცა ვერ დაგიმალავ... თან გამიხარდა, უახლოესი თანამებრძოლი გვერდით მეყოლები, ერთად ვიქნებით, შეიძლება გვირაბიც გავთხაროთ... ეგეც რომ არ იყოს, ჯოკერში ერთი კაცი გვაკლდა და აწი სრულყოფილად ვითამაშებთ! - მიუგო კირკიტაურმა და ცრემლით დასველებული თვალები "პლატოკით" შეიმშრალა.

- ეს რა დღეში ჰყოფილხარ, ბიჭო, სამი კაცით ჯოკრის თამაში როგორ შეიძლება? აი, როგორ აწამებს ოლიგარქი პატიმრებს , სულ ცოტაც და ის პასუხს აგებს ამ ყველაფერზე!

- ეგ კიდე არაფერი, ძმაო, ჩვენ სპეციალურად გვაჭმევენ ხიზილალას კარაქით, ლოქოს ქინძმარში, ასატრინას, მწვადს, ჩაქაფულს, ხაჭაპურსა და ხაშლამას, რათა ხმა არ ამოვიღოთ და არ ვამხილოთ ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა! - შევიდა ეშხში კირკიტაური.

- ეს არის ბოროტება... როგორ, მე აქ ხიზილალა ვჭამო და ჩემი შვილები კიდე ლობიოზე უნდა იყვნენ? ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეთოდი, აეგრე სტანჯავს პატიმრებს. მე ამას არ დავუშვებ, ძირს ხაშლამა, ჩაქაფული, ხიზილალა და ყველაფერი...  ჩვენ დროს რო "ბალანდას" მიირთმევდნენ, რა, ცუდი იყო? თავს რო წელიწადში ერთხელ იბანდნენ, ცუდი იყო? როდესაც პატიმარს ტილი ახვევია, მას წნევაც დარეგულირებული აქვს და სისხლის მიმოქცევაც! - შევიდა ეშხში ნეფხვიაურიც.

- დიახ, როდესაც პატიმარს ასე ექცევი, ეს არის მოსყიდვა!

- დარწმუნებული ვარ, ბადრაგიც ბალეტმაისტერივით იქცევა, აქამდე ისე მომიყვანეს, ერთი არ წამოურტყამთ... ბატონო, ბატონოო, სულ ასე მომმართავდნენ. მეთქი, მაშაყირებთ, თქვე ჩემისებო? არაო, არ გაშაყირებთ, დავალება გვაქვს ასეთი, არ უნდა წამოგარტყათ, თორემ დიდი სიამოვნებითო, გაიგე?!

ორნი ნაცნი გაშტერებულნი ისხდნენ და უსმენდნენ ამათ დიალოგს, თან იმაზე ფიქრობდნენ, ემანდ საწადელს არ მიაღწიონ და ხიზილალა  "ბალანდით" არ შეაცვლევინონო, ძლივს ხეირიან საჭმელებს ვეღირსეთო.

- რულაც რომ გამაციმბიროს რუსმა ოლიგარქმა, მე მაინც გუბერნატორი ვარ, ის მე ვერ მომდრეკს, ვერ დამაჩმორებს! - განაგრძო კირკიტაურმა.

- ჰმ... მე კიდე შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, მდიოს ეხლა კუდში პუტინის მონამ! - დაუკრა კვერი ნეფხვიაურმა.

- მიდი, ეხლა ზემოთ დაწექი, დაისვენე, დაღლილი იქნები, ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა შენ თავზე, თორემ ყველაფერი დატრიალდა, ხო ვიცი, არა? - ჩაიქნია ხელი კირკიტაურმა.

- ეეჰ, ჩემო დავით, სხვათა შორის, წისქვილის ქვაც დატრიალდა ჩემ ნესვივით თავზე. იმედია, ამას შთამომავლობა არ დაივიწყებს და დიდ პატივს მომაგებს. შენი არ ვიცი და... მე დარწმუნებული ვარ, ჩემს ბიოგრაფიას, ჩემს ღვაწლსა და ამაგს ბავშვებს შეასწავლიან სკოლებში, - წარმოთქვა ამაყად ნეფხვიაურმა და ზედა საზოლზე მოკალათდა.

- მაგაში ეჭვი არ მეპარება... ჩემს ბიოგრაფიასაც შეიტანენ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ფაქტობრივად უკვე შეტანილია, უბრალოდ დროის ამბავია. ცოტა მენჯი მაწუხებს, თორემ სხვაფრივ მზად ვარ რუს ოლიგარქთან საომრად!

- მეც მიჩქეფს სისხლი ძაღვებში, ძმაო, ნახე, როგორ მაქვს დაბერილი ვენები, ორგანიზმში კიდე ყველაფერი მიფუის, ლამისაა, გადმოხეთქოს და გადმოვიდეს ეროვნული მოძრაობის სახით! - აღტყინდა ისევ ნეფხვიაური.

- ბატონო ნეფხვიაურო, ბამბის თეთრეულს ინებებთ თუ აბრეშუმისას? - შემოყო თავი "კარმუშკაში" ბადრაგმა, რომელსაც სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.

- რაო, აბრეშუმი თუ ბამბაო? - შეცბა ნეფხვიაური.

- დიახ, რომელს ინებებთ? - გაიმეორა ბადრაგმა.

- ეხლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, აბრეშუმით მომისყიდოს? ვერ ეღირსება, ბამბისა მომიტანეთ... ან სულაც ნუ მომიტანთ, ჩვენ დროს რო საერთოდ არ იყო და პატიმრები ფიცარზე იწვნენ, რა, პრეტენზიები ჰქონდათ? თეთრეული ვნებს როგორც სულს, ისე გონებას და სხეულსაც. ჰო, ჩვენ დროს სულ აშოლტილი პატიმრები გვყავდა, თანაც გაკაჟებულნი... ივანიშვილს უნდა, რო ფაფუკ თეთრეულში დავიძინო, უცებ გავცივდე და ტემპერატურა გამიუარესდეს? ვერ მიართვეს! - აღარ ცხრებოდა ნეფხვიაური.

- კარგი, რა, ძმაო, რომელიმეზე დათანხმდი, თორემ შემოვა ბადრაგი და ძალით ჩაგაწვენს აბრეშუმის თეთრეულში... აბრეშუმისამ კიდე ოფლიანობა იცის, - ურჩია კირკიტაურმა.

- ვააა, ეს რა დღეში ჩაგვყარა ოლიგარქმა? მოიტანეთ აბრეშუმისა, ოღონდ წითელი, თეთრი და ლურჯი არ გამაგონოთ! - გასცა ბრძანება ნეფხვიაურმა.

- ღაჟღაჟა წითელი გნებავთ თუ ბორდოსფერი? - შემოსძახა ბადრაგმა.

- რა თქმა უნდა, ღაჟღაჟელა... აი, ჩვენი ფერი როა, "ნაციონალებისა"!

ნეფხვიაურმა დადო თუ არა ბალიშზე თავი, ეგრევე ჩაეძინა. კოშმარი დაესიზმრა - გეგონება ვიდეო-კასეტა ჩაუდეს თავში და გადაუხვიეს... ზემოდან უყურებდა საკუთარ თავს, გაერთიანებული ოპოზიციის ჭერიდან. ხელახლა ნახა, თუ როგორ ვერაგულად დაესხნენ თავს კბილებამდე შეიარაღებული ქოცები, როგორ დახვრიტეს და დაასახიჩრეს მისი თანამებრძოლები, როგორ გააკრეს მისი ცოლი კედელზე შპალერივით და ურტყეს "დუბინკები". თვალნათლივ დაინახა, როგორ მოედნიებოდა ოპოზიციის კორიდორში სისხლის მდინარე. ეზოში რამდენიმე ტანკი იდგა, ცოტა მოშორებით ზარბაზნებიც მოეგორებინათ. ნოდარ მელაძე პირდაპირ ჩართვას ანხორციელებდა მოვლენის ეპიცენტრიდან, ეკრანზე ნიკა გვარამიას სახე გაიელვებდა ხოლმე პერიოდულად, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას უყვებოდა ნეფხვიაურის გმირულ წარსულზე, მის პატრიოტულ გრძნობებზე. ეკრანს მიღმა მოსჩანდა უამრავი ადამიანი, მოსჩანდა თითქმის მთელი საქართველო და ისმოდა შეძახილები: ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ზვი-ა-დი! ნეფხვი-ა-ური! ნეფხვი-ა-ური! ნეფხვი-ა-ური!!!

- ძმაო, მე წავედი, გურჯაანში მასამართლებენ, ალბათ გამიშვებენ, ალალი კაცი ვარ, არაფერი ჩამიდენია, ავტობუსის ფანჯარაში რომ ძვრებოდა, ის მე არ ვიყავი, ჩემი ორეული იყო, მოსამართლე კონდახაშვილს არ სჯერა, რომ ორეული მყავს, მაგრამ როგორმე უნდა დავარწმუნო, - ჩაესმა ძილში ნეფხვიაურს კირკიტაურის ხმა და უცებ გამოფხიზლდა.

- ჰო, კარგი, მაგრამ მტოვებ? - ჩაიბურდღუნა ნეფხვიაურმა.

- ჩემი გული შენთან რჩება, გარედან ვიომებ, რომ აქედან გაგიყვანო.

კირკიტაურმა ტყავის "კურტაკი" შემოიცვა, სარკეში ჩაიხედა, ტრამპლინიან თავზე ხელი გადაისვა და ბადრაგს კუნტრუშით გაჰყვა.

ნეფხვიაური ზედა საწოლიდან ჩამოხტა, კამერის ცენტრში დადგა, ხელები აღმართა, ფეხები მხრების სიგანეზე გადგა და უცებ დავლური დაუარა. თან მელოდიურად იმუქრებოდა, მზეს დავაბნელებ, მთვარეს დედამიწაზე ჩამოვიღებ, აქეთ გორასა წიხლსა ვკრამ, იქით გორას კიდე ძვრას ვუზამ, ბიძინას სახლ-კარს ავუწიოკებ, მივუხტეთ სოლოლაკსაო. ორ ნაცსაც გამოეღვიძა, თვალები მოიფშვნიტეს და ტაში დაუკრეს. ნეფხვიაურმა ნესვივით თავი მოწიწებით დახარა, მაყურებლებს მადლობა გადაუხადა და ფლოსტების ფრატუნით ტუალეტში გაუჩინარდა. საღამოს კირკიტაური ისევ დააბრუნეს კამერაში, თავი იმართლა, მოსამართლე კონდახიშვილმა ისევ პატიმრობაში დამტოვა, ამის დედაც ვატირეო. ისინი ხელახლა ჩაეფსკვნენ ერთმანეთს. იყო ცრემლთა დენა და მტლაშა-მტლუში.

- ძმაო, ვატყობ, ივანიშვილი აქ მიპირებს ჩასახლებასა... ჰოდა, რაკი ეგრეა, ცოლი უნდა მოვიყვანო, "ნასკებსა" და "ტრუსიკ-მაიკას" გარეცხვა ხო უნდა? არ მომწონს ამათი გარეცხილი, არა, ვერ შევეგუე! - ამოღერღა კირკიტაურმა.

- ცოლი? ვააა... ნამდვილი ქალი? კაი, რა, ბიჭო, ბიძინამ ისეთი არავინ შემოგიგდოს, მერე სანანებელი გაგიხდეს, ეხლა ცოლის მოყვანა იქნება?! - გაუმკაცრდა ფიზიონომია ნეფხვიაურს.

- არა, ძმაო, შეყვარებული ვარ, ჩემს გონებას ცეცხლი უკიდია, ჩემს გონებას ალმური ასდის, ვარვარებს!

- ესე იგი, ქორწილია?

- ჰო, ბიჭო, ქორწილია... ხიზილალა აგერაა, თევზეული და ხაშლამა არ გვაკლია, ბარემაც ვისარგებლებ შემთხვევით, რაღა გარეთ დავიხარჯო და ავიყარო? ადმინისტრაციის უმფროსმა მითხრა, ბეჭდებს ჩვენ გიყიდითო, შენი მარტო ხელმოწერა და სექსი იქნებაო, - დაიწყო თავის მართლება კირკიტაურმა.

- ვააა... მეც ხო არ მოვიყვანო ვინმე? ერთი ცოლი გარეთ დამრჩა, მაგრამ ციხეში ქორწილი ასწორებს... მოკლედ, უნდა მოვიფიქრო! - ხელი ჩაიქნია ნეფხვიაურმა და კირკიტაურს მგზნებარედ გადაეხვია.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"