აჩი ფურცელაძე: ეს ორგანიზაცია მუსიკოსებისგან უნდა შედგებოდეს და არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებად გამოიყენებენ მას!

აჩი ფურცელაძე: ეს ორგანიზაცია მუსიკოსებისგან უნდა შედგებოდეს და არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებად გამოიყენებენ მას!

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს, მაგრამ ქართველმა ხელოვანებმა საჭიროდ ჩათვალეს ალტერნატიული ორგანიზაციის დაფუძნება. ჰონორარების არასათანადო მონიტორინგი და საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხების დაკარგვა, ეს ის ძირითადი მიზეზებია რის გამოც გადაწყდა ახალი ორგანიზაციის შექმნა. საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის, მიუღებელია დღეს არსებული მექანიზმი, რითაც ხდება განსაზღვრა, თუ სად, როდის და რამდენჯერ გაჟღერდა კონკრეტული სიმღერა. მათ დღემდე არ იციან, როგორ ხდება თანხების დათვლა და განაწილება.

დამფუძნებლები გვპირდებიან, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების უფლებების დაცვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, სპეციალური მოწყობილობა გააკონტროლებს, რომელი სიმღერა სად და როდის შესრულდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდება ფინანსების ზუსტი გადანაწილება მომღერლებისთვის, კომპოზიტორებისთვის, არანჟირებისა და ტექსტის ავტორებისთვის.  ცნობილი გახდა, რომ არსებულმა, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციამ უარი განაცხადა IP ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციის დამფუძნებელია მომღერალი აჩი ფურცელაძეც.  ის იმედოვნებს, რომ ამ ორგანიზაციის წყალობით, ყველა ქართველი ხელოვანის საავტორო უფლებები დაცული იქნება.

„ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ ყოველ თვე სხვადასხვა რაოდენობის თანხა ერიცხებათ. ვფიქრობ, რომ არ ხდება ამ ფინანსების ხარისხიანი მონიტორინგი, რადგან არავინ იცის, რა პრინციპით ხდება ფულის გაყოფა შემსრულებელს, კომპოზიტორს, არანჟირების ავტორსა და ტექსტის ავტორს შორის. ეს ორგანიზაცია მუსიკოსებისგან უნდა შედგებოდეს და არა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მხოლოდ ფულის გაკეთების საშუალებად გამოიყენებენ მას! დარწმუნებული ვარ, საავტორო უფლებები აღარ დაირღვევა. ამას უზრუნველყოფს ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიძიოთ ინფორმაცია  ქართული სიმღერების გაჟღერების შესახებ. მოკლედ, ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით ის ფული, რომელიც საქართველოზეა გამოწერილი, საჭიროებისამებრ გადანაწილდება“, - აღნიშნა აჩი ფურცელაძემ.