გელა ზედელაშვილი: ბატონო ბიძინა, ერთი თხოვნა მაქვს, თუ ღმერთი გწამთ, უარს ნუ მეტყვით

გელა ზედელაშვილი: ბატონო ბიძინა, ერთი თხოვნა მაქვს, თუ ღმერთი გწამთ, უარს ნუ მეტყვით

ბატონო ბიძინა, ერთი თხოვნა მაქვს, თუ ღმერთი გწამთ, უარს ნუ მეტყვით. ძალიან კი მერიდება, ამდენ რამეს აშენებთ და ახლა კიდევ ახალ მშენებლობაზე რომ დაგიწყოთ საუბარი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. არ ვიცი, საიდან დავიწყო, სათქმელს თავი როგორ მოვაბა... ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოში რამდენიმე ახალი ფსიქიატრიული აშენდებაო, გადის თვეები და ამ საქმისა აღარაფერი ისმის. როგორც ჩანს, მთავრობამ რაღაც დროით გადადო, ან კიდევ დაავიწყდა. არადა, ალბათ, თქვენც ხედავთ, ძალიან გვჭირდება ამგვარი დაწესებულებები. ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ... რომც გთხოვოთ, ამას ვერც შეძლებთ, მაგრამ ის მაინც ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციასა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. დამიჯერეთ, ეს იქნება პატარა სახელმწიფო სახელმწიფოში, იქ მოთავსებულ ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი პრეზიდენტი - მიხა სააკაშვილი, ეყოლებათ პრემიერ-მინისტრი - ნიკა მაჭუტაძე, თავდაცვის მინისტრი - ჩვენ თითონა პაატა დავითაია, მთავარი პროკურორი - ნიკიტა გვარამია, იუსტიციის მინისტრი - მეგი გოცირიძე, კულტურის მინისტრი - მაია ორჯონიკიძე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ელისტრაკო კილაძე, პარლამენტის თავმჯდომარე - ბაჩუკი ქარდავა... რომელი ერთი ჩამოვთვალო? ექნებათ საკუთარი ტელევიზია - "პანაშვიდი 2". მე თქვენ გეტყვით, კადრები არ ჰყავთ, პროფესიონალიზმი აკლიათ, გამოცდილება არ აქვთ თუ ჭკუა-გონებით არ არიან გაძეძგილები? რაც მთავარია, მათ ეყოლებათ თავიანთი ნაპოლეონ ბონაპარტი, მაქსიმილიან რობესპიერი, ჟან პოლ მარატი... ეყოლებათ თავიანთი დედოფალი - სანდრინია რულოფსი. ნუ, რა ვქნათ, პერიოდულად რუსეთსაც გამოუცხადებენ ომს, იქნება ბათქი და მერე უკან გამოქცევაი საკვირველი, მაგრამ ესეც უნდა ავიტანოთ.