გელა ზედელაშვილი: ბატონო მიხავ, ჰალეეეე, ჰოოოოპ!!!

გელა ზედელაშვილი: ბატონო მიხავ, ჰალეეეე, ჰოოოოპ!!!

27 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ გვარამიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილი ჩართო და საცირკო სანახაობა დადგა, ჩემი მიდგომები და აზრები გადავაფასე - მე პირადად თანახმა ვარ, ბატონი მიხა დაბრუნდეს საქართველოში და თბილისის ცირკში ყოველ შაბათ-კვირას დადგას სანახაობა, შოუ, გამართოს თემატური ღონისძიებები. ოღონდ ერთი პირობით, ამ ღონისძიებებს აუცილებლად უნდა უხელმძღვანელოს ნიკოლოზ გვარამიამ - ის დაიჭერს ხელში მათრახს, პერიოდულად გაატყლაშუნებს ჰაერში და დაიძახებს: ჰალეეე, ჰოოოოპ!!!

ახლა კი იმაზე, თუ რა "ბრწყინვალე" საცირკო სანახაობა დადგეს ნიკოლოზ გვარამიამ და მიხა სააკაშვილმა 27 მაისის საღამოს. არა, რააა, ერთიც და მეორეც მოსიარულე ანეგდოტები არიან: ეს ეკითხება, გვარამია, ბატონო მიშა, საქართველოში როდის გიხილავთო? ის პასუხობს, ბიძინა ივანიშვილს კი უნდა, რომ მიწაში მიხილოს, მაგრამ მიწაზე მიხილავს მალეო.

ეს არ ეშვება - როგორ და რა მეთოდებითო? როგორ და... ეხლა შევქმნი ხუთკაციან რაზმებს და შევუსევ ივანიშვილის ხელისუფლებასო:

"ამ ხუთკაციან ჯგუფში ერთი იქნება ადამიანი - სმარტფონი. ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს, ვისაც ექნება სმარტფონი და შეეძლება ვიდეოების გადაღება. ერთი ადამიანი, რომელიც დაარიგებს პლაკატებს და გაზეთებს, ერთი ადამიანი, რომელიც იქნება მძღოლი და ერთი ადამიანი რომელიც იქნება მეთაური. საქართველო უნდა დაიყოს, ასობით და ათასობით 5-5 კაციან ჯგუფებად და ჩვენ არ გვჭირდება პარტიული ლიდერები და ტელევიზიები ამისთვის, ჩვენ გვჭირდეა სმარტფონი და მოტივირებული ადამიანები".

მოკლედ, ბატონი მიხა ამბობს, კლავიშებიანი ტელეფონი არ დავინახო, მხოლოდ სმარტფონიო... ჰოდა, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა უნდა, თავი რომ დაიძვრინოს საერთაშორისო სამართლისგანო.

ეგ რაღააო? - ისევ არ ეშვება იურისტი გვარამია. ივანიშვილზე საფრანგეთშიც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამერიკის შეერთებულ შტატებშიცო. აი, ვინმე შალელაშვილი როა პარლამენტში, მაგისი შვილი ამერიკაში ინტერნეტით ფულს იპარავდაო. მანდ დიდი ბანდაა ივანიშვილის, რუხაძისა და შალელაშვილის მეთაურობითო!

იფ, იიიიფ, - ყურები დაიგრძელა გვარამიამ, ეს რეები მესმის ბატონო მიშა, ეს ხომ საერთაშორისო სკანდალიაო? დიახ. სკანდალია, აბა, რა არი, საფრანგეთის ელჩი რომ ატრაკუნებს და ივანიშვილს "აპრავებს", ეგენი მე რამეს გამომაპარებენო? სხვათა შორის, ეგ ის ხალხია, ვინც გირგვლიანის ისტორიიდან და სხვა ტრაგიკული ისტორიებიდან ვერაფერი ისწავლაო (ეს თეზისი 27 მაისს პარლამენტის წინ გამართული აქციის შეფასებას მოაყოლა):

 

"ზაზა სალარიძე ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი შვილი და იცავს სხვების შვილებს. იქ გამოვიდა კიდევ მეორე ადამიანი, რომლის შვილი "ლურჯი ვეშაპით" თუ რაღაც ნარკოტიკით დაიღუპა და თქვა მთავარი ფრაზა, რაც ჩამრჩა ძალიან, იმიტომ რომ ჩემი შვილიც იზრდება საქართველოში. მან თქვა, რომ შვილების გაზრდა საქართველოში არის ძალიან საშიში... ეს არის ის ხალხი, ვინც ვერაფერი ვერ ისწავლა ვერც გირგვლიანის ისტორიიდან, ვერც ძალიან ბევრი სხვა ტრაგიკული ისტორიიდან. უკაცრავად, ყველა ის სპეცრაზმელი, ვინც მონაწილეობდა რუსეთის აგენტების განადგურებაში სამეგრელოში, სათითაოდ გაანადგურეს. გოგი თათუხაშვილი გაანადგურეს, სპეცრაზმელი იყო. მართლა ტრაგიკული ფიგურაა. ჩემთვის სალარიძე არის იგივე თათუხაშვილი, იგივე ნარკოტიკებით დაღუპული მშობლების ტკივილი".

გვარამიას ჩამჭრელი შეკითხვა - თქვენ თვითონ რამე ისწავლეთ გირგვლიანის ისტორიიდან? უი, ვისწავლე და მერე როგორო:

"დიახ, მთავარი ისაა, რომ არასოდეს არანაირი პოლიტიკური ლოგიკა არ უნდა დადგეს ადამიანურ  ტრაგედიაზე მაღლა. ვისწავლე ის, რომ თავისუფალი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მე თვითონ ძალიან დავიჩაგრე თავისუფალი სასამართლოს არქონის გამო და პირადად ვიწვნიეს ეს საკუთარ თავზე. ჩემს თავზე ვნახე, რას ნიშნავს შეტენილი საქმეები და მე ამის ახსნა არ მჭირდება".

ჰო, დიახ, მე რომ ბევრი რამე ვისწავლე საკუთარი ჩათლახობებიდან, ამის შეხსენება არ მჭირდებაო, მე ის მიშა აღარა ვარო... სხვათა შორის, მე რომ დავბრუნდები, ის ძველი ხალხი აღარ მჭირდება, სულ ახალ-ახალი პიროვნებები უნდა შემოვყარო პოლიტიკაშიო. აჰა, დაადო მიხამ თავის თანამებრძოლებს, ახალი ხალხი მინდაო, ისეთები, რომლებმაც სმარტფონების ხმარება კარგად იციანო, გადაღებები და რამეო.

კი, მაგრამ, ასეთები ხომ უკვე გყავდა, აბა, 27 ათასი ჰომოსექსუალური ფაილი ვინ დაამზადაო? - უნდა ეკითხა გვარამიას, მაგრამ მოერიდა, დაინდო, ბოლოს და ბოლოს, მაგაში ხომ თვითონაც მიუძღვის დიდი წვლილი?

აბა, ჰე, აბა - ჰო, ბატონო მიშავ, გელოდებითო, - მისცა დასტური წარაკუა გვარამიამ და საიდანღაც ლამპა შემოათრია, სტუდიაში შუქი ჩააქრობინა და "რეჩიც" დაარტყა: დღეს საქართველო აეგრეა ჩაბნელებული, მაგრამ "რუსთავი 2", რომელიც ამ ლამპასავით ბჟუტავს, მუდამ იდგება საქართველოს სადარაჯოზე და დაუნდობლად შემუსრავს რუსეთიდან მომდგარ მტრებსაო. ამიერიდან შეგიძლიათ, მშვიდად დაიძინოთ, მეგობრებო, გვარამია ჩვენს საზღვრებს აკონტროლებს ლამპით.

ისე, როცა ბატონი მიხა ეკრანიდან გადმოხტომას ლამობდა და ყველას ემუქრებოდა (მეტ წილად ბანკირებს), გვარამიას ხითხითი იპყრობდა ხოლმე. სადღაც გულის კუნჭულში მაინც იცის, ამ წარაკუამ, რომ მიხას იდეები სასაცილო და უტოპიურია, მაგრამ რას კარგავს? თუ მიხა რაღაც დონეზე მაინც აურევს, კაი სანახაობა გამოვა და "რუსთავი 2"-ის საკითხიც გადაიწევს. რაც მთავარია, გვარამია ამით დიდ ფულს იშოვის.

ჰო, ბატონმა მიხამ კიდევ ისაო... მე ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, სულ ვლოცულობ და არავის მივცემ უფლებას, ამ თემაზე იღლიცინოსო... გაბუნია კი არა, ვინც გინდა იყოსო.

ნიძლავს ჩამოვალ, ცოტა ხანში სააკაშვილი წვერსაც მოუშვებს და სანთლით ხელში გამოგვეცხადება, იღლიაში კი ბიბლია ექნება ამოჩრილი.

ღმერთო, შენ მიხედე ფარისევლებსა და თვალთმაქცებს, დაიფარე ეს ქვეყანა ავანტიურისტებისგან და აფერისტებისგან!

P.S. ეს ესაა, ცნობილი გახდა სააკაშვილის სახალხო რაზმის პირველი ხუთეული: მეთაური ნიკა მაჭუტაძე, მეთაურის მოადგილე - ბაჩუკი ქარდავა, ბორტინჟინერი - პაატა დავითაია, გამცილებელი - მეგი გოცირიძე, სმარტფონი - ნიკა მელია. თუმცა დავითაია კატეგორიულად აცხადებს, მე თვითონ გადავიღებო, რასაც ქარდავა არ ეთანხმება, ხოლო გიცირიძე აპროტესტებს, შენ თვითონ თუ გადაიღებ, რაზმეულის პრინციპი დაიკარგებაო.