ბრალდებულო მელიავ, ეჟვანი გირჩევნიათ თუ ციხე?!

ბრალდებულო მელიავ, ეჟვანი გირჩევნიათ თუ ციხე?!

მოსამართლე კარგახანს იჯდა თავის უზენაეს სავარძელში და გულმოდგინედ ფურცლავდა ნიკანორ მელიას საქმის ქაღალდებს. თან გულში ფიქრობდა, ეს უტვინო ყაზილარი რომ დამნაშავეა, ცხადია, მაგრამ ნეტა ეს ნიკანორი რა სახელია? ნიკაც გაუგია, ნორაც, ჟორაც, ნიკარაგუაც, მაგრამ სახელთა ასეთი შეთანხმება არასოდეს სმენია. არა, ვაჟი რომ გაგიჩნდება, "ბერდენკას" რომ გაისვრი ზეცაში, მერე სახლში შეტრიალდები და ნიკანორს დაარქმევ, გასაგლეჯი არ ხარ შუაზე? არადა, თითქოს სერიოზული კაცია ანზორ მელია, კარგი ექიმი... თუმცა არა, ეგეც წაუყ...ევებს ხანდახან - ეგ არ იყო, ამას წინებზე რომ იძახდა, თუ "ნაცმოძრაობამ" ვერ გაიმარჯვა, თავს მოვიკლავო? მთელი ერი გადააგდო, დადის და დაიჯგიმება ისევ შუშა კიტრივით, გეგონება მე დავპირდი მოსახლეობას, თავს მოვიკლავ-მეთქი. ეეეჰ... მელიებისგან სხვას რას უნდა ელოდე?!

მოსამართლემ თავი ასწია, ნიკანორის გაფითრებულ სახეს შეხედა, ულვაშებში ირონია შეეპარა - ნახეთ, რა "მაგარი" იყო 20 ივნისის ღამეს, როგორ გადადიოდა მალაყზე, ეხლა კი ჩვარივითაა, ოღონდ ციხეში არ ჩაჯდეს, ყველაფერს იკადრებს. ისე, შარვლის ჩახდა რომ უბრძანოს, ნეტა ჩაიხდის? წვეთი არ გაუვა, ჩაიხდის და მეტსაც იზამს, მაგრამ როგორ უბრძანოს?

მოსამართლემ ხელი ინსტიქტურად აიქნია, ავი ფიქრები ბუზებივით გარეკა. ნიკანორი უძრავად იჯდა, მუხლები უკანკალებდა, იმედი გადასწურვოდა, თუ კიდევ ერთხელ დაუსხლტა მართლმსაჯულებას, ასეთ პროვოკაციაზე აღარ წამოეგება, ჭკუას ისწავლის. დამპალი ოპოზიციონერები, მიუშვეს სპეცრაზმელებთან და თვითონ აითესნენ. სად არიან? ტრაკში! კარგს ჭამენ და კარგს სვამენ, თავიანთ ოჯახებში ნებივრობენ, ეს კიდე ზის ბიძინა ივანიშვილის ხელის მოსამართლესთან და ელოდება, როდის შეაგდებს საქათმეში. არა, იმის გაფიქრებაც კი ზარავს, თავისუფლებას რომ წაართმევენ და ვიღაც ძინძგლიანებთან ერთად ჩააგდებენ საპყრობილეში, კარაქიანი პურით გაზრდილს აჭმევენ "ბალანდას", ადგილს მიუჩენენ "პარაშასთან", მერე გაიყვანენ სასეირნოდ, სადაც ყველა თითს მისკენ გამოიშვერს, მელია მოუყვანიათ, ქათმები გადამალეთო.

- ბრალდებულო მელიავ, ეჟვანი გირჩევნიათ თუ ციხე? - მიმართა მოსამართლემ ჩაფიქრებულ ნიკანორს.

- ეჟვანი? - დაიბნა ნიკანორი.

- ჰო, ეჟვანი!

- არ ვიცი, ეგ რა არი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ციხეს უნდა სჯობდეს, თქვენო უწმინდესობავ კი არა და... თქვენო უზენაესობავ, - ამოიხვნეშა ნიკანორმა, თან ენაზე იკბინა, ივანიშვილის მონა ემანდ უარესს არ მთავაზობდესო.

- რა თქმა უნდა, ეჟვანი ციხეზე უკეთესია, ეგდებით სახლში და დილა-საღამოს ფლავს მაინც მოგიდუღებენ!

- კი, კი, ბაზარი არ არი, ფლავი ნამდვილად სჯობს "ბალანდას".

- თან მშობლებთან იქნებით, ერთ ღერ თმის ბეწვსაც ვერავინ ჩამოგიგდებთ თავიდან!

- სად მაქვს თმის ღერი, ბატონო მოსამართლევ, მაშაყირებთ? - სახე წამოუწითლდა ნიკანორს, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

- ა, ჰო, მაგრამ ხომ შეიძლება, ბეწვი სხვა ადგილიდან ჩამოგიგდონ?!

- არა, ეგ გამორიცხულია, მე ბეწვი არც ერთ ადგილას არ მაქვს.

- დარწმუნებული ხართ?! - მხრები აიჩეჩა მოსამართლემ.

- დიახ, დარწმუნებული ვარ, ეგეც დანაშაულია?

- არა, რა თქმა უნდა, დანაშაული არ არი... თუმცა, - კიდევ რაღაცის თქმა დააპირა მოსამართლემ, მაგრამ გადაიფიქრა, სხვა რომ ვეღარაფერი მოახერხა, ისევ ქაღალდებში ჩარგო თავი.

იცით, რააა? მოსამართლეს უზენაესი წოდება კი აქვს, მაგრამ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, მასაც მოეძალება ხოლმე რაღაცნაირი ფიქრები. ეეეჰ... ვაჟი რომ გაგიჩნდება, "ბერდენკას" რომ გადმოიღებ, ბათქს იზამ, მეზობლებს დააბნედიანებ და ამ ვაჟს ერთი ღერი ბეწვი არ ამოუვა არსად, თავი არ უნდა მოიკლა? კი უნდა მოიკლა, მაგრამ ანზორ მელიას სად აქვს მაგდენი კაცობა და გაგება?

- თქვენო უზენაესობავ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, ვიცოდე, რას ნიშნავს ეჟვანი? - დაკარგა მოთმინება ნიკანორმა.

- დიახ, რა თქმა უნდა, ეხლავე მოგახსენებთ... მოკლედ, კარგად შევისწავლე თქვენი ნაქნავ-ნამოქმედარი, დავფიქრდი, ჩავღრმავდი, გავზომე, ავწონე და... არ ღირს ციხეში თქვენი შეგდება. ჯერ ერთი, იმიტომ არ ღირს, რომ კამერიდან დაიწყებთ პრანჭვა-გრეხვას, გმირი ვარო, პოლიტპატიმარი ვარო, ერნესტო ჩე გევარა  ვარო... არადა, ხომ იცით, რომ არც ერთი არ ხართ? მეორეც - იმიტომ არ ღირს, რომ...

- დიახ, თქვენო უზენაესობავ, მე არ ვარ ის კაცი... უკაცრავად, ეს ერნესტო ჩე გევარა ვინაა?

- იყუჩეთ, ყმაწვილო, ნუ მაწყვეტინებთ! - გაბრაზდა მოსამართლე.

- არა, უბრალოდ, მინდოდა...

- თქვენ რა გინდოდათ, სულ ფეხებზე მკიდია! ჰოდა, იმას ვამბობდი... თქვენ, გაშვებულ იქნებით სახლში, ოღონდ იმ პირობით, რომ მოიტანთ 30 ათას ლარს, ანზორ მელიას ფულის მეტი რა აოხრია? დღეის ამას იქით, გეკრძალებათ საჯარო განცხადებების გაკეთება, მიტინგებზე სიარული, თუ სადმე წასვლა მოგინდებათ, მიხვალთ პრობაციის სააგენტოში და აიღებთ ნებართვას!

- ტუალეტში რომ მომინდეს, იქაცა?

- ჰო, იქაცა!

- კარგი, თანახმა ვარ.

- ამიერიდან, ნაპირა ხელზე შეგებმებათ სპეციალური სამაჯური, ანუ ეჟვანი, რომელიც დააფიქსირებს თქვენს ყოველ მოძრაობას, ყოველ ნაბიჯს. ვინაიდან, მელიების მოდგმისა ბრძანდებით, ვერ გენდობით!

- არ ვარ-მეთქი ის კაცი, ბატონო მოსამართლევ, - ამოიკვნესა ნიკანორმა.

- იყუჩეთ-მეთქი!

- არ ვარ ის კაცი და რა ვქნა?

- თუ არ ხართ ის კაცი, რატომ ჰფარჩხავდით ხელებს რუსთაველის გამზირზე?!

- მე არა, ახალგაზრდებმა...

- რომელი იყო იქ ახალგაზრდა?!

- მაგალითად... გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა გოგორიშვილი, სალომე სამადაშვილი... ყველა ჩამოვთვალო?

- ეგენი ბებიებად და ბაბუებად მეკუთვნიან, რანაირი ახალგაზრდები არიან?!

- სული აქვთ ახალგაზრდული, ბატონო მოსამართლევ, სული.

- მსოფლიო იურისპრუდენცია სულის არსებობას არ ცნობს!

- სამწუხაროა... მე კიდე არ ვარ ის კაცი და რა ვქნა?

- ვიცი, რომ კაცი არ ხართ... კაცები ასე არ იქცევიან. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაგ სამაჯურის საშუალებით გამომიგზავნით ხოლმე დამატებით შეტყობინებებს საათში ერთხელ, რას აკეთებთ, რას ფიქრობთ და რას აპირებთ, გასაგებია?! - დაარტყა ჩაქუჩი მოსამართლემ მაგიდაზე და წამოდგა.

- საათში ერთხელ რა ამბავია, თქვენო უზენაესობავ, ასე როგორ შეგაწუხოთ?

- აბა, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, სხვა რა საქმე გვაქვს? სხვათა შორის, თელავში ვიქნები - შეტყობინებას თელავში გამომიგზავნი, ყვარელში ვიქნები - ყვარელში გამომიგზავნი, მესტიაში ვიქნები - მესტიაში გამომიგზავნი, ზუგდიდში ვიქნები - ზუგდიდში გამომიგზავნი!

- იქაცა?

- ჰოოო, იქაცა!

ნიკანორი ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, რა მოხდა მის თავს, ვეღარ გაეგო, ეს მოსამართლე მართლა იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი. დარბაზში მყოფნი იდგნენ ფეხზე და ტაშს უკრავდნენ. აშკარად რაღაც დიადი მოხდა, რასაც ნიკანორის გულის სიღრმემდე ჯერაც ვერ ჩაეღწია. თუმცა გრძნობდა, რომ თავისუფლება, რომელიც ლომთა ხვედრია, მის მხარეს დარჩა. დიახ, სეკვესტრირებული, მაგრამ მაინც თავისუფლება.

- ნიკანორ, ჩვენ გავიმარჯვეთ! - ჩასძახა ვიღაცამ ყურში და უმალ გამოფხიზლდა.

- ჰმ... ამას მიმალავდით?!

- არა, კი არ გიმალავდით, უბრალოდ არ ვიცოდით, - ჩასძახა კიდევ ვიღაცამ, რომელიც ვეღარ იცნო.

- რას ჰქვია, არ იცოდით? სამაგიეროდ, მე ვიცოდი!

ნიკანორი იმავე ღამეს გამოიყვანეს ტელევიზორში, რომელმაც პირუთვნელად, მთელი სიმკაცრით განაცხადა, რომ ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. ნიკანორს სახეზე და სხეულზე წამების კვალი არ აღენიშნებოდა.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"