გამოქანება მთაწმინდიდან

გამოქანება მთაწმინდიდან

მთაწმინდა ხომ იცით? ფუნიკულიორი ხომ იცით? ჰოდა, იმ ფუნიკულიორზე ვქეიფობთახალგაზრდები ვართ, თანაც პოეტები - სისხლი გვიდუღს, ტვინი გვიდუღს და სულ ლექსად და სიყვარულად ვიღვრებით.
ქვემოთ თბილისი კაშკაშებს, ჩვენ კი ზემოდან, სადღაც ღრუბლებიდან ლექსებს ვუკითხავთ და, დარწმუნებული ვართ, ისიც გულისყურით გვისმენს.
ამასობაში საბაგირო დაიკეტა. სხვა გზა არ არის - ფეხით უნდა ჩავიდეთ.
ჩვენც მოვდივართ ბორძიკ-ბორძიკით.
ერთ ფლატესთან შევისვენეთ.
- ხომ ვარ მე დიდი პოეტი? - თქვა ერთმა.
- კი, ნამდვილად! - დავეთანხმეთ ჩვენ.
- ხოდა, დიდ პოეტებს ფრენა რომ შეუძლიათ, ეს ამბავი იცით თქვენ? აი, მე, მაგალითად, ფრენა შემიძლია.
- ფრთები რომ არ გაქვს? - შევეჭვდით ჩვენ.
- ფრთები როგორ არა მაქვს. უბრალოდ, არ ჩანს, თორემ ფრთები როგორ არ მაქვს? აი, ახლა აქედან გამოვქანდები, ავფრინდები და ქაშუეთის წინ დავფრინდები.
- მიდი, აბა! - წააქეზა რომელიღაცამ.
ამის თქმა იყო და ეს ჩვენი ცოდვით სავსე მართლა არ გამოქანდა და არ გადახტა?
ძლივს ამოვიყვანეთ დაბეჟილ-დაბეგვილი "მფრინავი" პოეტი ხევიდან.
იოლად გადარჩა - ეკალ-ბარდებისგან იყო დაკაწრული და მხარს იტკიებდა იქ, სადაც ფრთები უნდა ჰქონოდა, - სულ ეს იყო.

***
- მთაწმინდა ხომ იცით? ფუნიკულიორიც ხომ იცით? ჩვენ ახლა იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ. ჰოდა, გამოქანდნენ იქიდან ხაბეიშვილი, მიშა, შასლიკო. მიშა ჰოლანდიიდან გამოქანდეს, - თქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ მისი ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ.
თქვა და ოპოზიციამ ერთი ამბავი ატეხა - კალაძემ შეურაცხყოფა მოგვაყენაო ესაო, ისაო
რა შეურაცხყოფა მოგაყენათ, კაცო, თქვენ შარზე რომ არ ხართ? გამოქანდითო, გითხრათ, მაგრამ ის ხომ არ დაუყოლებია - გამოქანდით და აგერ დამახტით, ან აგერ დამაფრინდითო - გამოქანდითო, გითხრათ მხოლოდ, ეს ერთი სიტყვა გითხრათ.
ჰოდა, გამოქანდით თქვენც, რისი გეშინიათ - თქვენ ხომ, როგორც თავად ირწმუნებით, ფრთიანი ანგელოზები ხართ. ჰოდა, გამოქანდით, იფრინეთ და ილივლივეთ.
თუ ფრთებმა გიმტყუნათ, მართალია, ცუდ რამეზე კი მოგიწევთ დახტომა თუ დაფრენა, მაგრამ, არა უშავს, მაინც გამოქანდით.
ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ გამოქანება და ნუ გადადებთ ამ საქმეს - გამოსაქანებელი ადგილი გაფართოებულია და ბარემ გამოქანდით და დაამთავრეთ.

ვახტანგ ხარჩილავა

"საერთო გაზეთი"