მე, რადიო, განათლების დანჯღრეული სისტემა და ბიძინა ივანიშვილი

მე, რადიო, განათლების დანჯღრეული სისტემა და ბიძინა ივანიშვილი

კახეთიდან მოვდივარ თბილისში. მოვდივარ ღიღინით. რადიოს ვრთავ. "ობიექტივის" ეთერში გამოკითხვა მიმდინარეობს: რატომ მივიღეთ კატასტროფა განათლების სისტემაში? გადაცემის წამყვანი მახსენებს, რომ 2016 წელს ამდენი და ამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა უმაღლეს სასწავლებლებშიო, ამდენმა და ამდენმა ვერ გადალახა საატესტატო გამოცდებიო. თან პერიოდულად ემოციურად ამატებს - ოჰ, ეს საშინელებააო. მოქალაქეები რეკავენ, თავიანთ აზრებს აფიქსირებენ. ზოგი ამ მთისას ამბობს, ზოგი - იმ მთისას, უმეტესობა მაინც იმ აზრზეა, რომ საბჭოთა განათლების სისტემა იყო უნიკალური და არ უნდა დაგვენგრია. წამყვანი მაცნობს 2017 წლის მონაცემებსაც. მდგომარეობა გაუარესებულია, დაახლოებით 35-მა პროცენტმა ვერ გადალახა საატესტატო გამოცდები. უარესი კატასტროფა, საშინელება, კაცობრიობის დასასრული. ისევ რეკავენ მოქალაქეები, ისევ აფიქსირებენ თავიანთ აზრებს. აჰა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ, მკვდარი კატა კისერზე ბიძინა ივანიშვილს ჩამოჰკიდონ. მაგასო, მაგ მილიარდერს არ აწყობს, რომ საქართველოში განათლებული ხალხი ცხოვრობდეს, ბევრ ფულს ვეღარ იშოვისო... თვითონ წიგნის კითხვა არ უყვარსო, მარტო დოლარები უყვარსო, განათლებული ადამიანები ეჯავრებაო. წამყვანი ჩუმადაა, ამ სისულელეს ატარებს, ვითომც არაფერი, მადლობა ზარისთვისო, მადლობა აზრის დაფიქსირებისთვისო. წამყვანი არ "ჩაეკითხა", ბატონო იმანო, წიგნი აიღეთ ხელში წასაკითხად და ბიძინამ გაგაგდებინათო? ან თქვენი შვილი ჩაუჯდა წიგნებს და ბიძინამ წაართვაო? ნუ, ეხლა, რასაკვირველია, აქაც გამომიჩნდებიან იმნაირები და იტყვიან, ივანიშვილის დანაშაული ის არის, რომ განათლების სისტემა გვაქვს ჩაბანძებულიო. ამაში გეთანხმებით, მართლაც ჩაბანძებული გვაქვს და არა მხოლოდ განათლების სისტემა, მაგრამ ყველა მკვდარი კატა ბიძინას რატომ უნდა ჩამოვკიდოთ კისერზე, როცა ყველაფრის ნგრევა და სააკაშვილის დონეზე დაცემა დაიწყო გაცილებით ადრე? თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სასწავლო პროგრამიდან ამოაგდეს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ. ტრადიციული სისტემა მთლიანად მოშალეს და ჩაანაცვლეს ბოლონიის სისტემით ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, რაც ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის აღმოჩნდა სრულიად გაუგებარი. ე.წ. ბოლონიური გამოცდილება თავს მოახვიეს არა მხოლოდ საჯარო სკოლებს, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსაც და ამავე დროს შემოათრიეს უნარ-ჩვევების ასევე გაუგებარი მეთოდი. სხვათა შორის, როგორც ძველი სპეციალისტები ამბობენ, საბჭოთა განათლების სისტემა არ იყო საბჭოური, ის გადმოღებული გახლდათ გერმანიის გამოცდილებიდან. წესით, თუ ტრადიციულის დანგრევა გვინდოდა, მაშინ ისევ გერმანიაში უნდა ჩავსულიყავით და გვენახა, როგორ განავითარეს განათლება იქაურებმა, რა გვინდოდა ბოლონიაში? ეს კიდევ არაფერი... მიხოს გამოქლიავებულმა მინისტრებმა - შაშკინმა, ბაშკინმა, პუშკინმა, ნოდიამ, ბოდიამ, გვარამიამ და წკვარამიამ სულ მოუთავეს ხელი სასკოლო სახელმძღვანელოებს, ძირითადად ჩაკლეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, ასევე საქართველოს ისტორიის სწავლება, დანარჩენი საგნები კი დაიყვანეს კურიოზებამდე.

ვინ დაამატა კიდევ 2 კლასი, ანუ კიდევ 2 წელიწადი 10 კლასს, ანუ 10 წელიწადს, რაც სრულიად საკმარისი იყო სკოლაში საბოდიალოდ? რა საჭირო იყო კიდევ 2 გაწელილი წელიწადი, ჩვენ რომ 10 წელი ვიბოდიალეთ, ვერ ვართ ლომები და "ნეფხვები"? გუშინდელივით მახსოვს, როცა მე-11 და მე-12 კლასების ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები ვნახე, პირკატა მეცა, ჩვენი კლასიკოსების არც ერთი ნაწარმოები (ლექსები, მოთხრობები) არ იყო შეტანილი. ავტორს დავცხე პრესაში, არ დავინდე, გავაკრიტიკე, გადავუარ-გადმოუვუარე და ერთ დღესაც თავად მესტუმრა რედაქციაში. გვარს არ ვაკონკრეტებ, უჭკუო კაცი არ არის, რაც დაავალეს, ის გააკეთა. დამიჯდა, დაიწყო თავის მართლება, ესაო, ისაო, სასკოლო პროცესი და მომავალი თაობაო... მე ვუთხარი, ერთი ცოტა ხანს გაჩერდი, შეკითხვას დაგისვამ და მერე მიპასუხე-მეთქი. ჰო, კარგი, გისმენო. შე კაი კაცო, ამ სახელმძღვანელოებში მურმან ლებანიძის პოეზია არ არის, მუხრან მაჭავარიანის პოეზია არ არის, ბარათაშვილი არ არის, გალაკტიონი არ არის, ვაჟა, ილია, აკაკი არ არის (კიდევ ბევრი ჩამოვუთვალე), ვიღაც კარდენახიშვილისა და ქიბროწაშვილის პოეზია ვის რა ფეხებად უნდა-მეთქი?! პასუხი არ გაინტერესებთ? უი, ეგენი დამავიწყდა, გამომრჩაო. აი, ხომ დაუჯერებელ რაღაცას ვყვები? გეფიცებით, ნაღდად ეგრე იყო. გამეცინა, ეგენი დაგავიწყდა და ქიბროწაშვილი გაგახსენდა-მეთქი? მაინც თბილად დამშორდა, რა ვქნა, ეს ცხოვრება ეგრეაო. ჰო, ეგრეა, ეგრე, ვხვდები, რაც ხდება ჩვენს სამეფოში-მეთქი.

ადრე, უხსოვარ დროში, როცა ჩვენში უნივერსიტეტები ამაზე მეტი იყო, ვიდრე ახლაა, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ლექციებს ვკითხულობდი. თავიდან აღტყინებული ვიყავი, ვამაყობდი, მომავალი ჟურნალისტები უნდა გავზარდო-მეთქი. ერთი-ორ თვეში სიამაყე გამიქრა, ვატყობ, ბავშვები ცარიელი თვალებით მიყურებენ. დავიწყე კვლევა. ჯერ შეკითხვები დავუსვი ყმაწვილებს - რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა-მეთქი? ზოგმა, მე კი არა, დედაჩემმა გადაწყვიტაო, ზოგმა - მოდაშიაო, ზოგმა - მე რა ვიციო... არც ერთს არ უთქვამს, მუზა მაწუხებს, ვერაფერი მოვუხერხე და აგერ მოვედი თქვენთანო. გავიდა კიდევ ერთი-ორი თვე და ვატყობ, ილიას, აკაკის და ვაჟას რომ ვახსენებ, ისევ ცარიელი თვალებით მიყურებენ. არადა, მომავალი ჟურნალისტი ამ სამი გენიოსის პუბლიცისტურ წერილებს კი არ უნდა კითხულობდეს, უნდა "სხლავდეს". კიდევ ვსვამ შეკითხვას: იქნებ დამისახელოთ ილია ჭავჭავაძის რომელიმე ნაწარმოები? თუნდაც პროზა, თუნდაც პოეზია. აი, კიდევ დაუჯერებელ ამბავს ვყვები, მაგრამ გეფიცებით, ეგრე იყო. ამის შემდეგ დავინტერესდი, რა ნიშნებზე ჰქონდათ დამთავრებული ამ გოგო-ბიჭებს სკოლა. გადავამოწმე მათ ატესტატები და ჰოი, საოცრება, თითქმის ყველას ჩაწიკწიკებული ჰქონდა 9-იანები და 10-იანები. აბა, ახლა ამიხსენით, როგორ შეიძლება, ახალგაზრდამ, რომელსაც სკოლა 10-იანებზე აქვს დამთავრებული, არ იცოდეს ილია ჭავჭავაძის ერთი ნაწარმოების სათაური მაინც? როდესაც მივხვდი, რომ რაღაც ანომალიას ვეჭიდავებოდი, დავიხურე ქუდი და გამოვქუსლე იმ უნივერსიტეტიდან.

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობდა საბჭოთა განათლების სისტემის უპირატესობა, ანუ რა გვქონდა და რა დავანგრიეთ? სისტემა იყო ძალიან მარტივი: აიღე წიგნი, წაიკითხე, გაიაზრე, ჩამაბარე. ეს ყველაფერი შეცვალეს მეთოდით - აიღე აბრაკადაბრა, წაიკითხე, გაიზეპირე, რეპეტიტორთან იარე, ტვინი გაილაყე, ტესტირებას კომპიუტერი ჩაგიტარებს, გამორიცხვის პრინციპით შეიძლება გაარტყა და სრულიად შტერი წამყვან უნივერსიტეტში მოხვდე. რაც მთავარია, შენ შეიძლება ვერ მოხვდე იმ უნივერსიტეტში, რომელზეც ოცნებობ, უნდა ჩაწერო 7 უნივერსიტეტი, ერთ-ერთში გაგიმართლებს. თუ ექიმობაზე ოცნებობ, უნდა შეეგუო, დიდი ალბათობით ბიოლოგი გამოხვალ, ან სულაც ბუღალტერი. კომპიუტერი გადაწყვეტს, შენი ქულების მიხედვით სად გადაგისროლოს.

საბჭოთა პერიოდში არსებობდა 4-კლასიანი განათლება, შემდეგ იყო ღამის სკოლები. ასევე არსებობდა 8-კლასიანი განათლება და შემდეგ იყო პროფესიული სასწავლებლები, ცოტა მაღალი ეტაპი გახლდათ ტექნიკური სასწავლებლები, რომლებიც ბევრისთვის წარმოადგენდა ტრამპლინს უმაღლეს სასწავლებელში. თუ პროფსა და ტექნიკურ სასწავლებელს წითელ დიპლომზე დაამთავრებდი, შესაბამისი პროფილით უმაღლესში ერთი გამოცდით ირიცხებოდი. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, თუ არ ჩავთვლით კომუნისტური პარტიის ისტორიას, ისე იყო შედგენილი, მომდევნო თაობებს არც კი დაესიზმრებათ. როდესაც ბოლონიის პროექტი შემოაგდეს და ჩვენი გოგო-ბიჭები გამოაშტერეს, ხელისუფლება აცხადებდა, სისტემაში კორუფცია მოვსპეთო, თუმცა სწავლის მოსურნეებისთვის განათლება უფრო გაძვირდა. კი, ბატონო, იყო კორუფცია რაღაც დონეზე, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება მომავალი თაობების გამოშტერების გარეშეც შეიძლებოდა.

მოკლედ, მოვდივარ კახეთიდან ღიღინით, გადაცემის წამყვანი არ მეშვება - ისაო, 2018 წლის მონაცემების თანახმად, 40-მა პროცენტმა საატესტატო გამოცდები ვერ გადალახაო. ვერ გადალახა და ნუ გადალახა, აი დარდი, სოფლებში იმდენი ნაკვეთებია დასამუშავებელი, ვერც კი დაითვლით. ჰო, კიდევ ვაზია დასარგავი, ხეხილი, საქონელია მოსავლელი. თოხისა და ბარის მუშა რომ გინდოდეს, სანთლით უნდა ეძებო. ბევრი ვიცი, ჩამოვიდნენ დედაქალაქში, ვითომ ისწავლეს, ვითომ დიპლომები აიღეს და ელიავაზე დგანან მუშებად. ერთი ქალი ვიცი, ამოჩემებული ჰქონდა, ჩემი ბიჭები იურისტები უნდა გამოვიდნენო. იწვალა, იჯახირა, დაამთავრებინა და ისინიც ელიავაზე დგანან. პრინციპში, დგანან რა, არც ის იციან, რასაც იბრალებენ. შარშან იყო თუ შარშანწინ, ერთი მლესავი მოვიყვანე სახლში, მოვურიგდი, კედელი გამილესე- მეთქი. არ არი პრობლემაო. ერთი ტომარა გაჯი ჩაყარა ტაშტში, წყალი დაასხა და მიდის, ბაღიდან ბავშვს გამოვიყვან და მოვალ, მანამდე კარგად აფუვდებაო. ვაიმეეე... გავგიჟდი, გადავირიე, ლამის თავზე დავასხი ჯერაც გაუფუებელი გაჯი და გავაგდე. მეორე იყო, "კაფელჩიკი", მოვარდებოდა დილით, ერთი-ორი საათი წაიმუშავებდა, აცა-ბაცა დააგებდა, უცებ წამოხტებოდა და გავარდებოდა, წიგნსა ვწერ, უნდა დავამთავროო. რა წიგნს წერ-მეთქი? საქართველოს ისტორიასო. როგორც იქნა, გავიდა ბოლოში, წიგნი მაინც ვერ დაამთავრა. სამი თვის შემდეგ ვნახე ვაკის პარკში, 9 მაისი იყო, ცალ ხელში ნამგლიან-ჩაქუჩიანი წითელი დროშა ეჭირა, მეორეში კიდე სტალინის ჩარჩოიანი სურათი. აი, ასეთი სპეციალისტები დგანან ბლომად ელიავაზე, სამდიპლომიანები და რამე.

ბოლოს მასწავლებლებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას და ამით დავამთავრებ: აი, ამათ ხომ საერთოდ გაუტრაკეს საქმე - ახლობელი მყავს სკოლის დირექტორი, რაიონში მუშაობს, ყოველი კვირის ბოლოს დაარბენინებენ თბილისში, ხან სასართიფიკატო გამოცდებს უტარებენ, ხან კიდევ სასესიოს. თან ჭკუაზე არიგებენ, რომ ბავშვების უფლებები არ უნდა დაარღვიოს, ხმამაღლა არ უნდა დაელაპარაკოს და ასე შემდეგ. თავისსა და პედაგოგების უფლებებზე არავინ არაფერს ეუბნება. ჰმ... სად იყო, კაცო, ჩვენ დროს სკოლებში პოლიცია, მანდატური და ეგეთი რაღაცები? დირექტორი რომ ჩამოივლიდა ხოლმე, ეგრევე ფეხის წვერებზე ვიდექით. არა, კი არ გვეშინოდა, ხათრი გვქონდა, რიდი გვქონდა, პატივს ვცემდით. თუმცა თუ რამეს დავაშავებდით, გვეშინოდა კიდევაც. შემოქმედებითი მასწავლებლები გვყავდნენ, ავტორიტეტები, სანამ არ წამოვიზარდეთ, გვეგონა, ისინი ტუალეტში არ დადიოდნენ. ახლა რა ხდება? თუ პედაგოგი ჭკვიანად არ მოიქცევა, მოსწავლეები თავს ტუალეტში ჩააყოფინებენ, აქციას მოუწყობენ და საერთოდ დაახვევინებენ სკოლიდან. ჩვენ შრომას გვასწავლიდნენ, სკოლის ნაკვეთში თოხსაც გვაბაყუნებინებდნენ და ბარსაც. სამხედრო საქმეს გვასწავლიდნენ, ხელოსნობასაც და ათას რამეს. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია... მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერები და მობილურები არ გვქონდა, მაინც მრავალფეროვანი იყო ჩვენი ბავშვობა იმ "შავსა" და "ბნელ" პერიოდში.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"