გაუჭრელი ჯოკერი თუ გამოუსწორებელი ოპტიმისტი?

გაუჭრელი ჯოკერი თუ გამოუსწორებელი ოპტიმისტი?

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა. მე თუ მკითხავთ, ცოტა დაგვიანებულიცაა, ადრე უნდა დაბრუნებულიყო და არც უნდა წასულიყო. თუ პრემიერ-მინისტრი არ იქნებოდა, სხვა თანამდებობა გამოეძებნათ. მისი წასვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შესამჩნევად დასუსტდა და გაუფერულდა. უკვე დაიწყეს ღლიცინი ყველაფერზე მოღლიცინეებმა: "აუ, დაბრუნდა, თორემ ქვეყანა უცებ არ ააშენოს"! "აუ, როცა იყო, რა გააკეთა"?! "აუ, ისევ კახური კლანი"! "ოცნებას" ღარიბაშვილი კი არა, აღმაშენებელიც ვერ უშველის"!.. და ასე შემდეგ. "ნაცმაცუნა" სალომე სამადაშვილმა ისიც კი იკადრა, ღარიბაშვილისთვის მკვდარი სული ეწოდებინა და უშნოდ ნაოპერაციები ცხვირი მიხოს მსგავსად მოეფხანა. ამას, რაკი პარლამენტში ზის, თავი ცოცხალი სული ჰგონია!

ირაკლის დაბრუნებაზე ყველაზე მაგარი "შედევრები" მაინც გიგლა ბოკერიამ და ელეონორე კილაძემ გამოაცხეს - ისაო, პირველმა თქვა, ღარიბაშვილის დაბრუნება "ოცნების" აგონიას ნიშნავსო... მეორემ - გამარჯობა, ირაკლი, გამიხარდა შენი დაბრუნება, მეორე რაუნდს ვიწყებო.

პირველის გასაგონად ვიტყვი: შენა, ბიჭო, აგონია თვალებში რომ გაქვს, აქამდე არავის უთქვამს?!

მეორის გასაგონად კიდევ ვაცხადებ: შენა, ქალო, არავის გადაუღუნო!!!

დანარჩენების გასაგონადაც ვამბობ: მოვიდა ღარიბაშვილი და მხოლოდ ეგ არის ვალდებული, ქვეყანა ააშენოს, ხომ? ამ ქვეყანაში ძალიან ბევრნი მარტო იმისთვის რომ ცხოვრობთ, დილით ქუჩაში გამოხვიდეთ, ასფალტზე დააფურთხოთ, "ბიჩოკი" მოისროლოთ და ვიღაცას აგინოთ, თქვენ მეტი არაფერი გევალებათ? უი, სამი დიპლომი გიდევთ სახლში და სამუშაო არ გაქვთ? არ გადამრიოთ, მაგას ვერ დავიჯერებ - მაშ, რატომ არის ჩვენი მინდორ-ველები მოუხნავ-დაუთესავი? მოკლედ, ეს არ გახლავთ ჩემი წერილის ძირითადი თემა, ლამის ყველას სხვისი ხელით აშენებული ქვეყანა რომ გვინდა, მაგაზე გავცხარდი.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე. ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი სახით ჯოკერი დააძრო და აუცილებლად ჩახსნის ირაკლი კობახიძეს თავის "სასტავიანად". შეიძლება ასევე ჩახსნას პარტიიდან კახა კალაძეც, რადგან მათ შორის თავის დროზე ცოტაოდენ დაძაბული ურთიერთობა იყო. ანუ გამოდის რა? ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში შემოიყვანა, რომ ე.წ. ახალი ჯგუფი, ანუ "ქართულ ოცნებაში" ცოტა მოგვიანებით შემოსული ახალგაზრდები მოიშოროს? აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: "ოცნებიდან" ძველები უკვე წავიდნენ, ზოგიც უახლოეს ხანში წავა, თუ ახლებსაც გარეკავენ, პარტიაში მხოლოდ ბიძინა და ირაკლი ხომ არ დარჩებიან? არა მგონია, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, სად არის უფრო უკეთესი რესურსი, რომელიც პარტიამ, ანუ ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მოიძიოს? ეს არც ისე იოლია, მაშინ პარტია საერთოდ უნდა დაშალოს და ხელახლა ააწყოს. ამას წლები სჭირდება, 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მოასწრებს.

რა შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ წელიწადნახევარში? დღეს ოცნების თავგადაკლული მომხრეებიც კი ღიად ამბობენ, რომ პარტია უნდა გაიწმინდოს იმ ნაგავისგან, რაც 7 წლის განმავლობაში იქ დაგროვდა. კი, ბატონო, ნაგავი მართლაც ბლომადაა გასატანი, მაგრამ ასწევს კი ამხელა სიმძიმეს ღარიბაშვილი? რა თქმა უნდა, მარტო ვერ ასწევს. რომც შეეძლოს აწევა, ააწევინებენ? ისედაც ცხადი იყო, მაგრამ მისი სატელევიზიო საუბრიდანაც დადასტურდა, რომ ის სწორედ ამისთვის და ძველი სახალხო გვარდიის შემოსაბრუნებლად დაბრუნდა. აქაც იბადება შეკითხვა: რა უნდა გააკეთოს ირაკლი ღარიბაშვილმა ათასობით განაწყენებულის შემოსაბრუნებლად? სამსახურები უნდა ჩამოურიგოს? იქნებ ფული უნდა დაურიგოს? სამართლიანობა უნდა აღადგინოს? ვიმეორებ, ამის გაკეთება მხოლოდ დარჩენილ დროში კი არა, დაახლოებით 10 წლის განმავლობაშიც შეუძლებელია. მომავალ არჩევნებამდე რჩება მხოლოდ ერთი - იმედის დაბრუნება, ნიჰილიზმის აღმოფხვრა და რწმენის შენარჩუნება. მოდით, ვაღიაროთ, ვინმეს მოსწონს თუ არა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ქართულ საზოგადოებაში ნამდვილად აქვს ჭარბი ნდობა, მაღალი რეიტინგი და შეუბღალავი ავტორიტეტი. მართალია, ეს ყველაფერი თავისი წარსულის წყალობით მოიპოვა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება (უპირველესად მას ნუ დაავიწყდება), რომ ამ ეტაპზე ეს მაინც ავანსია. თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაჯდება "ქართული ოცნების" ოფისში და კვირაში ორჯერ "ნაციონალების" საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებს, ან მათთან ხელჩართულ ბრძოლაზე გადავა, ასე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, მან უნდა შეძლოს "ქართული ოცნების" მომხრეთა დარაზმვა მკაფიო იდეოლოგიისა და ტრადიციული ფასეულობების გარშემო. ცოტა ტრაფარეტულად გამომივიდა, მაგრამ დაახლოებით ასეა.

გარდა იმისა, რომ საჭიროა ხალხთან მუდმივი კონტაქტი და რეგიონებში მერების გამოღვიძება, ასევე აუცილებელია სწორი პიარი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ინტერნეტ-სივრცეს. რეგიონებში კი შედის ნელ-ნელა ინტერნეტი, მაგრამ ჩვენი მასმებისა თუ ბებია-ბაბუების თაობებისთვის უკვე დაგვიანებულია. მათთვის რჩება ტელევიზორი და უმეტეს შემთხვევაში გაზეთი. ამ უკანასკნელს საერთოდ აღარავინ აქცევს ყურადღებას და მათ შორის დღევანდელი ხელისუფლებაც. მე პირადად, როცა მივხვდი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ კალამი აღარ იყო საკმარისი, ჩემს რაიონში (სიღნაღში) ფიზიკურად წავიმუშავე, მოვიარე სოფლები და შევხვდი ადამიანებს. თქვენ წარმოიდგინეთ, გლეხები საუბარს იწყებდნენ არა საკუთარ პრობლემებზე, არამედ ფსიქოლოგიურ მომენტზე - მაგალითად, ბოლოს როდის ნახეს თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომ არ გამოჩენილა არჩევნების შემდეგ, არ მოუკითხავს, რა უჭირთ, რა ულხინთ... სად არის რაიონის მერი, რომელსაც ადრე ერქვა გამგებელი, არც კი იცნობენ და ასე შემდეგ. სოფლებში ადამიანებს უპირველესად სჭირდებათ არა მატერიალური დახმარება (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ ყურადღება და სითბო. შეიძლება ყველას მატერიალურად ვერ დაეხმარო, ყველას ოქროს კოშკები ვერ აუგო, მაგრამ ვალდებული ხარ, ხშირად მიხვიდე და მისი სატკივარი გაიზიარო. მახსოვს, არჩევნების მეორე ტურის პერიოდში როგორ დადიოდნენ თანამდებობის პირები თუ დეპუტატები და როგორ ეხვეწებოდნენ მოსახლეობას, ოღონდ ახლა ხმა მოგვეცით, გვერდიდან აღარ მოგშორდებითო. მეტიც, ადამიანებს ლამის ძალით უჭყუნავდნენ თავიანთი მობილურების ნომრებს, დაგვირეკეთ, მხოლოდ ერთხელ დაგვირეკეთო. გავიდა დრო, ჩაიარა ყველაფერმა და თითქმის ყველა ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა. ახლა რა უნდა ქნას ირაკლი ღარიბაშვილმა? ეს ნომრები უნდა აღადგინოს და ისეთივე ატმოსფერო უნდა შექმნას, როგორიც მეორე ტურის დროს იყო. კი, მაგრამ როგორ? - იკითხავთ თქვენ. როგორ და... ჩემი აზრით, ყველა რაიონის მერი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) "დასაპაშოლებელია" თანამდებობიდან. ასევე გახლავთ "დასაპაშოლებელი" პარტიის თითქმის ყველა რაიონული თუ რეგიონული თავმჯდომარე, რომლებმაც არჩევნების პერიოდში კაი გვარიანი თანხები მოტეხეს და ზოგან ბენზინიც კი მოიპარეს. ხაზგასმით ვამბობ: რეგიონული ორგანიზაციები გასაწმენდია ღიპიანი, მოქეიფე და ფეხებზემკიდია ტიპებისგან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხართეძოზე იყვნენ წამოწოლილები და იძახდნენ, რომ არჩევნები ისედაც მოგებული ჰქონდათ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ ტელევიზორში ილაპარაკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალალად განაცხადა, ჩემი ნათესავების პრობლემა მართლაც იყო, რამდენიმე განზე გავწიე, ჩემ სახლში აღარ მოდიანო. ეს სრული სიმართლეა. თუკი ირაკლი ნათესავებს შეელია, მაშინ ასევე უნდა შეელიოს ზოგიერთ პარტიულ მეგობარსაც, პარტიაში ჩაბუდებულ ვითომ პატრიოტებს და რაც მთავარია, "ოცნების" ქურქში დამალულ "ნაციონალებს".

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" რომელიღაც კომპანია დაიქირავა, რომელიც ახალ კადრებს შეარჩევს. მართალია, პარტიის ლიდერებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს, მაგრამ თუ ვინმეს მაინც მოუვა ასეთი აზრი და ამ აზრს რეალობად აქცევს, ეს იქნება სრული კრახი. რას ჰქვია, დაქირავებული კომპანია შეარჩევს? რა, რომელიღაც ჯგუფი ინკუბატორის როლს იკისრებს და ახალ კადრებს გამოჩეკავს? არ გადამრიოთ, ასე ჩვენ მივიღებთ წაშლილ სახეებს და არაფრის მაქნის პარტიულ მუშაკებს. "ქართულ ოცნებას" 2012 წელს მომხრეები არ არ აკლდნენ, ძალიან ბევრი ბრწყინვალე კადრი დაიკარგა. სამაგიეროდ პარტიაში ისეთი უცხვირპირო ხალხი გაჯეჯილდა, მაგალითად, როგორიცაა ვინმე არმაზ ახვლედიანი. აღარაფერს ვამბობ "რესპუბლიკელებზე", ანუ ბერძენიშვილებზე. თუმცა რატომ არ ვამბობ? როგორც დავით ("სტუკაჩოვ" - ასე ეძახის ირმა ინაშვილი) ბერძენიშვილი იძახის, ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი ჩვენი მოთხოვნით გაუშვაო. მოთხოვნით კი არა, შანტაჟით, ახვრობით და ულტიმატობითო, უნდა ეთქვა "სტუკაჩოვს". ალბათ გახსოვთ, წინა მოწვევის პარლამენტში, როცა ირაკლი ალასანია გაუშვეს თავის "სასტავიანად", "ქართულ ოცნებას" მძიმე დღეები დაუდგა, უმრავლესობა დადგა საშიშროების წინაშე, რომ უმცირესობაში აღმოჩნდებოდა. ისიც გემახსოვრებათ, რომ არა თეა წულუკიანის პრინციპული გადაწყვეტილება (ის ალასანიას პარტიის წევრი გახლდათ), პარლამენტში აუცილებლად აიჭრებოდა სიტუაცია. აი, ამ დროს მიუხტნენ "რესპუბლიკელები" ივანიშვილს და ულტიმატუმი წაუყენეს - ან ჩვენ, ან ირაკლი ღარიბაშვილიო. რა უნდა ექნა ბატონ ბიძინას? თუ ეს ახვრებიც გავიდოდნენ უმრავლესობიდან, მაშინ უკვე იქმნებოდა კაი გვარიანი კრიზისი. მართალია, მაშინ მან "ბარტყი" კი გადაუგდო "სტუკაჩოვებს", მაგრამ მოგვიანებით მაინც ოსტატურად მოიშორა და დღეს ამიტომაც იკბინებიან შემოდგომის ბუზებივით. სხვათა შორის, მსგავსი, ნეხვიდან ამოსული ბუზები კიდევ მრავლად არიან "ქართულ ოცნებაში" და მართლა მაგარი კაცი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი, თუკი ისინი დაიფრინა.

რაკი ეს საქართველოა, რაკი ამ ქალაქში ჯონდომ ბონდო დააორსულა და ყველაფერი მოსულა, უკვე დაიწყეს ჭორაობა, თითქოს ივანიშვილმა ღარიბაშვილი ასპარეზზე კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის ჩასაძირად გამოიყვანა. მე არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ კალაძესა და ღარიბაშვილს, ადრე მეც მომიკრავს ყური მათ დაპირისპირებაზე (თუმცა ღარიბაშვილმა ეს კატეგორიულად უარყო), მაგრამ არა მგონია, ახლა მაგის დრო იყოს. თუ რამე მართლაც იყო, ახლა უნდა დაივიწყონ, რადგან ნათქვამია, მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაო და რასაკვირველია, ვერც ირაკლი გავა მარტო ფონს.

და ბოლოს... შემოდგომის ბუზები კიდევ ეცდებიან, სათავიანთოდ გამოიყენონ ირაკლი ღარიბაშვილის მდგომარეობა და სახელი. ზუსტად ისეთივე სპექტაკლებს დადგამენ, როგორც მისი პრემიერობის პერიოდში დგამდნენ, მაგრამ იმედია, წარსულ გამოცდილებას გაითვალისწინებს და ამ კუთხითაც გამოიჩენს სიხისტეს. ფარისევლობა, პირში სიცილი და ზურგს უკან ხანჯლის ალესვა ბევრისთვის პროფესიაა და სწორედ ასეთებს უნდა ერიდოს "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი. ჩემი აზრით, ეს თანამდებობა მისთვის ხელახალი ტრამპლინია, დიდი ალბათობით 2020 წლისთვის განახლებულ პარლამენტში ვიხილავთ. ვნახოთ, დაველოდოთ, წესით მოვლენები ისე უნდა განვითარდეს, როგორც ქართველი ხალხის ჯანსაღ ნაწილს სურს. მალე გამოჩნდება, ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც არის გაუჭრელი ჯოკერი თუ გამოუსწორებელი ოპტიმისტი! 

გელა ზედელაშვილი

"თავისუფალი გაზეთი"