ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვარამია ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვარამია ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას

"რუსთავი 2"-ის 9%-ის წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასთვის დღეს წარდგენილი ბრალდება სამართლიანია, თუმცა ციფრი ცოტაა.

გიორგი ყავლაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ კომპანია დაახლოებით 30 მილიონით აზარალა და არა 6 მილიონით, როგორც ამას გენპროკურატურა ამტკიცებს.

„ვეთანხმები უბრალოდ ცოტაა ეს ციფრი. მეტად ყავს კომპანია დაზარალებული, დაახლოებით 30 მილიონით მაინც, 6 მილიონი არაფერი არ არის. ალბათ როდისმე მაგ დასკვნამდეც მივა პროკურატურა და ვფიქრობთ, რომ ის რაც ბრალის სახით წარედგინება მას, ნამდვილად აქვს დამსახურებული“,- ამბობს ყავლაშვილი.

ადვოკატი ტელეკომპანიის შემოსავლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას სავარაუდოდ ინტერ მედიასთან ჰქონდა კავშირი. 

„ვფიქრობთ იმასაც რომ ინტერმედიასთანაც არსებობს კავშირები, თორემ რატომ გაუჩნდებოდა სურვილი ინტერმედია უკეთეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა, ვიდრე ის კომპანია, სადაც იყო მენეჯერი. ესაა მისი მენეჯერობა რითაც თავს იწონებს“ ამბობს ყავლაშვილი.

კითხვაზე, რის საფუძველზე ამბობს, რომ გვარამიამ რუსთავი 2-ს 30 მილიონის ზარალი მიაყენა, ყავლაშვილი სარეკლამო შემოსავლებს ასახელებს:

„40-50 მილიონი აქვს კომპანიას სარეკლამო შემოსავალი და წლების განმავლობაში ამას თუ უკარგავ, იმათი ჯამია. ეს 30 მილიონი ხომ  ერთბაშად არ არის აღებული. საუბარია 2014, 2015, 2016, 2017 წლებზე. ამ პერიოდის განმავლობაში 2, 3 და 5 მილიონი რომ იყოს წლიური შემოსვლიდან აღებული, საკმაოდ დიდი ციფრი მოიყრის თავს“- ამბობს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.

გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილის თქმით, გადასახედია შესყიდვები.

„შესყიდვებშია კიდევ ჩასახედი, გვგონია ჩვენ, რომ შესყიდვებში საკმაოდ დიდი ცოდვები აქვს. ბინების გადაფორმება გადმოფორმების საკითხები ჩვენთვის არ იყო ცნობილი, როგორც ჩანს პროკურატურამ რაღაცეები დაადგინა“ უთხრა პრაიმტაიმს ყავლაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას, ყავლაშვილი ამბობს, რომ მას არავის დაკავება არ გაუხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს.

„დაკავება არავისი არ გამიხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს, მუხლი და ზიანი ისეთია. ფინანსურად ნამდვილად პასუხი უნდა აგოს- დააბრუნოს ზიანი მან და მისმა დომინანტმა პარტნიორებმა.

ჩემი მარწმუნებელი (ნინო ნიჟარაძე) გაანადგურეს. თავისივე თანაგუნდელის ქვრივს 1 მილიონი არ მისცეს,  თავის წილში, მეტი არაფერი არ უნდოდა. მაგათი ქმედებით, ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი“. ამბობს ყავლაშვილი.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გვარამიას გარდა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თავად გვარამია მიაწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებას. 

„თვითონ იტყვის ყველაფერს. დღეს ხო გაიშვირა ხელი, მარტო კი არ ვიღებდი გადაწყვეტილებებსო, ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას. ასე, რომ გვარამიას იმედი ამ საკითხში უნდა ვიქონიოთ“- განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა "პრაიმტაიმს".

წყარო: primetime.ge/news