გვითრევს თუ არა კომპანია "არგო" აზარტულ თამაშებში?!

გვითრევს თუ არა კომპანია "არგო" აზარტულ თამაშებში?!

ბიზნესი ბიზნესია. ის ნებისმიერ შემთხვევაში მოგებაზეა გათვლილი და საჭიროებს რეკლამას, პიარს. თუმცა ამ მხრივაც არსებობს მორალი და წითელი ხაზები, რომელთა მიღმაც იწყება არასასიამოვნო მოვლენები. ამჯერად წარმოგიდგენთ ერთ თვალსაჩინო მაგალითს, ანუ იმას, თუ როგორ იყენებს რეკლამას ზოგიერთი კომპანია საქართველოში.

სს "არგო". მისამართი: .თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი. საქმიანობა - ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოება-რეალიზაცია.

დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი და კომპანია "არგომ" დაუყოვნებლივ გააჩაღა სარეკლამო კამპანია ლუდ "ჰერცოგის" თავსახურავებით და დაიწყო ადამიანების წახალისება ტოტალიზატორის მიმართულებით. კამპანია დაიწყო 2018 წლის 12 ივნისს და გრძელდება 30 სექტემბრამდე. სქემა მარტივია, სს "არგოს" ხელმძღვანელობამ ფინანსთა სამინისტროში აიღო ლიცენზია და ლუდ "ჰერცოგის" თავსახურავებში, ასე ვთქვათ, ჩადო ტოტალიზატორამდე მისასვლელი წამახალისებელი ფრიბეთები.

რაოდენობა: ფრიბეთი   1 - 49 000    ცალი, ფრიბეთი  5 - 10 000 ცალი, ფრიბეთი  10 - 1 000 ცალი. ქულა 10 (10 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 280 000 ცალი, ქულა  20 (20 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 300 000  ცალი, ქულა  30  (30 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 160 000 ცალი, ქულა  50 (50 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 200 000  ცალი.

***

ვინც ტოტალიზატორების სისტემაში ერკვევა, იოლად მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე. ვინც ვერ ერკვევა და შესაძლოა სამომავლოდ დაინტერესდეს, მათთვის საჭირო იქნება მცირეოდენი განმარტება. კომპანია "არგო" სხვა პრიზებსაც ათამაშებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ტოტალიზატორ "აჭარაბეთისკენ" მიმავალი გზა: კომპანიის განმარტებით, ყველა ბოთლის თავსახურში არის 10-ნიშნა უნიკალური კოდი, ყველა კოდს აქვს წინასწარ განსაზღვრული შესაბამისი პრიზი.

"მომგებიანი კოდის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კოდის რეგისტრაცია "აჭარაბეთის" ვებსაიტზე თამაშობისთვის სპეციალურად გამოყოფილ ფანჯარაში. მომხმარებელი კოდის დარეგისტრირების შემდგომ იგებს ფრიბეთებსა და ქულებს მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს ქულები და გადაცვალოს ფრიბეთში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს".

ხვდებით, რა ხდება? ჩვენ და მით უმეტეს ახალგაზრდებს, რომელთაც უფრო ნაკლები ნებისყოფა აქვთ, კომპანია "არგო" თავისი სარეკლამო კამპანიით, ანუ წინასწარ განზრახვით გვიჩენს ინტერესს, რომ დავიწყოთ თამაში ტოტალიზატორში. არა, ჩვენ, კარგ ოჯახებში აღზრდილები ვართ, მაგრამ რაკი ლუდი გვიყვარს და ხელში ბრიბეთი უფასოდ გვივარდება, რაკი ბედი კარზე მოგვადგა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაღაცა მოვიგეთ, აუცილებლად ვინტერესდებით ამ სქემით. დიახ, ჩვენ შევდივართ იმ ჭაობში, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი ადამიანი გადაიყვანა ჭკუიდან, უამრავ ახალგაზრდას მოაკვლევინა თავი და დააკარგინა ყველაფერი - ფული, ქონება, სიცოცხლე. მართალია, "არგოს" თავის უსტარში განმარტებული აქვს, რომ 18 წლამდე ასაკის პირები ამ აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: კი, მაგრამ ვინ და როგორ გააკონტროლებს სავაჭრო ქსელს, სადაც ლუდს თითქმის ყველა ყიდულობს? გამოდის, კანონის ის მუხლი, სადაც 18 წლამდე ასაკია დაფიქსირებული, არ მუშაობს, უბრალოდ ფარატინა ქაღალდია.

მოდით, ახლა ჩავიხედოთ "კანონში აზარტული თამაშების შესახებ". მუხლი 3: "აზარტული თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის  (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის,  სამორინეს მაგიდის , კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა (გარდა აზარტული ტურნირისა), ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში".

როგორც ხედავთ, აზარტული თამაში, რომელიც მთლიანად და თუნდაც ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობასა და ფულზე, ტარდება მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან აზარტულ კლუბში. ესე იგი, აზარტული თამაში არ უნდა გასცდეს დახურულ შენობას. ამოცანა კი გვეკითხება: კანონის რომელი წესია დაცული "არგოს" მიერ წამოწყებული სარეკლამო კამპანიისას? არც ერთი!

ჩვენ ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. მას შემდეგ, რაც ის გაეცნო ვითარებას, ასეთი პასუხი მივიღეთ:

"წახალისება გამოდის, თუ ასეა, უბედურებაა ეგ აზარტულები და სამუშაო ჯგუფი გვაქვს ამაზე შექმნილი. მივაწვდი ამ ინფორმაციას ჯგუფს".

იგივეს ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე: "რა თქმა უნდა, წახალისებაა. ამას არც უარყოფენ, თავადვე წერენ, რომ ეს წამახალისებელი აქციაა. საჩივარს ვინც შეიტანს სასამართლოში, მოიგებსო. იურისტებთან კონსულტაცია გავიარე და ასე მითხრეს".

არის თუ არა ეს შემთხვევა, ანუ სარეკლამო კამპანია წახალისებისა და ჩათრევის მცდელობა? ამ შეკითხვით ჩვენ მივმართეთ კომპანია "არგოს" მარკეტინგის სამსახურის უფროსს, შორენა ჩაჩუას, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული გათამაშება არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს:

- ქალბატონო შორენა, გასაგებია, რომ ლიცენზია აღებული გაქვთ და გათამაშება ტარდება კანონიერად, მაგრამ ეს რამდენად ჯდება მორალის ფარგლებში?

- ნახეთ რაშია საქმე... ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, როგორც ყველა სფეროში, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. აქ არ არის რაღაცის დაძალება, ეს არის აქცია, რომლის გამოყენება შეუძლია ადამიანს. თუ არ უნდა, გვაქვს სხვა პრიზებიც.

- კი, ბატონო, თქვენ ვებ-გვერდზე მითითებული გაქვთ, რომ 18 წლამდე ასაკის პირები აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ სავაჭრო ქსელში ვინ იყიდის და როგორ იყიდის, თქვენ როგორ გააკონტროლებთ?

- რას ლაპარაკობთ? ჯერ ერთი, 18 წლამდე ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია, თუ რომელიმე მაღაზიაში მოხდება ამდაგვარი ფაქტი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა და მაღაზიის მფლობელმა უნდა აგოს პასუხი.

- კი, ქაღალდზე ასეა.

- ეგ ერთი... მეორე - არსებობს კიდევ ათასნაირი გადასამოწმებელი ფაქტორი, თვითონ ვებგვერდზე არსებობს უამრავი წინაღობა.

- ასევე არსებობს უამრავი ფაქტორი, რომ არასრულწლოვანების ხელში მოხვდეს ეს თავსახურები. შეიძლება უფროსმა მიიტანოს სახლში ლუდი... ესეც რომ არ იყოს, შეიძლება ზრდასრულ ადამიანსაც წაუცდეს ხელი და გახდეს ტოტალიზატორის მსხვერპლი. ჩემი აზრით, თქვენი გათამაშება ყველასთვის არის ერთგვარი სტიმული.

- არასწრულწლოვანი ფიზიკურად ვერ იზამს. ვებ-გვერდზე არის ძალიან ბევრი დაცვითი მექანიზმები. იქ უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის სკანირებული ვერსია და ძალიან ბევრი პირადი მონაცემები, რომლებიც მერე მოწმდება.

- მე ვარ ზრდასრული, არ მაინტერესებს ტოტალიზატორი, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ მაძლევთ სტიმულს. ახლა  მეტყვით, ეგ თქვენი საქმეა, რას იზამთო, მაგრამ მე გელაპარაკებით წახალისებაზე, სტიმულზე, ჩათრევაზე და ასე შემდეგ.

- ეს არის თამაშებზე ფსონის დადება.

- დიახ, ფსონის დადებაზე გელაპარაკებით.

- კი, ბატონო, მაგრამ... აი, ისეთია...

- არა, მესმის, რომ ჩემი გადასაწყვეტია, ვითამაშებ თუ არა, მტკვარში გადავხტები თუ ტოტალიზატორში, მაგრამ თქვენ ამის სტიმული არ უნდა მომცეთ. აგერ, კანონში წერია, დასაწყისშივე, მე-3 მუხლში, რომ მსგავსი აზარტული თამაშები არ უნდა სცდებოდეს დახურულ სივრცეს, რასაც "არგო" აკეთებს, ამაზე არაფერი წერია, აზარტული თამაშების გატანა მაღაზიებში წარმოუდგენელია. ასეთი პრეცედენტი სადმე არსებობს?

- ესეც დახურული სივრცეა. ის კოდი, რაც თავსახურში არსებობს, არაფერი არ არის. ამ შემთხვევაში დახურული სივრცე არის ონლაინ-სივრცე, ხვდებით?

- დახურული საიდან გამოდის, როცა მაღაზიაში ვყიდულობ?

- მაღაზიაში თქვენ პროდუქტს ყიდულობთ.

- კი, პროდუქტს ვყიდულობ და ვიგებ ტოტალიზატორის ბრიბეთს.

- იქ წერია უბრალოდ ციფრები, მეტი არაფერი. თუ შემდგომში დახურულ სივრცეში არ შეხვალთ, ვერაფერს ვერ დაინახავთ. იმ დახურულ სივრცესთან წვდომა გექნებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იდენტიფიცირება მოხდება თქვენი.

- მაგრამ სტიმული არსებობს გარეთ.

- გარეთ... ჰო, ნუ, პრინციპში, ჩვენ ასე არ ვთვლით, რადგან ახალი მომხმარებლები არც კი ყოფილან ამ კამპანიის პროცესში.

- ახალი მომხმარებლები არ გაჩნდნენ?

- იქ არა, იმათთან.

- ანუ ვინც აქამდე თამაშობდა, ისევ ის ხალხი თამაშობს?

- რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ზოგს ერთი პროდუქტი უნდა, ზოგს - მეორე, მაგის გამო ეხლა, რა ვიცი.

- მე ბევრგან გავიარე კონსულტაცია, ზოგმა მითხრა, განსაკუთრებული არაფერიაო... მაგალითად, ეკა ბესელიამ მითხრა, ეს წახალისებააო.

- უკაცრავად, ეკა ბესელია ვინ არის?

- პარლამენტარია, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

- ჰო, რა ვიცი, როგორ გითხრათ... საქართველოში რაც არის დაწერილი კანონი, იმის მიხედვით ასეა.

***

როგორც ხედავთ, შორენა ჩაჩუა მომანტებში იბნევა, მას არ აქვს მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია. ის ჩვენ დაგვპირდა, პასუხს ოფიციალურად ჩამოვაყალიბებ და მალე გადმოგიგზავნითო. გავიდა სამი დღე, ეტყობა, ვერ შეადგინა კომპანიისთვის სასურველი უსტარი და ჩვენც იძულებული გავხდით, მასთან გასაუბრების ეპიზოდი შემოგვეთავაზებინა.

***

საქართველოში ტოტალიზატორების მსხვერპლთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ქართულ მედიაში ხშირად ვკითხულობთ გამაოგნებელ ისტორიებს, საზოგადოებაში, სანაცნობოში, სამეგობროში ხშირად გვესმის ასევე გამაოგნებელი ამბები, თუ როგორ გაუბედურდა და როგორ განადგურდა მავანი, გადის წლები და ეს სფერო მაინც ვერ დარეგულირდა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მედიასა და სოციალურ ქესლებში გავრცელებული ისტორიებიდან:

სოსო, 42 წლის:

"უკვე 10 წელია, თამაშმა ჩამითრია, ოჯახი არ მყავს, ამიტომ დასაკარგიც არაფერი მაქვს თანხის გარდა. ბევრი თანხა დავკარგე და ახლაც ვკარგავ ყოველდღიურად. სათამაშო დაწესებულებებში 16-17 წლის ბიჭები ხშირად დადიან. 15 წლის ბავშვიც მინახავს. გვერდით დამიჯდა და ჩუმად მკითხა, უკვე შემოვედი და პრობლემა ხომ აღარ შემექმნება, ვინმე ხომ აღარ შემამოწმებსო? ძალიან ბევრი არასრულწლოვანი დადის".

ლაშა ხუჭუა: "იქნებ იმათ მაინც დაეხმაროთ, ვისაც ძალიან არ აქვს შეტოპილი. მე სამწუხაროდ ყველა და ყველაფერი დავკარგე, მათ შორის საკუთარი თავის რწმენა. 12წელია ვებრძვი საკუთარ თავს და ამასობაში საკუთარი ოჯახი გავანადგურე".

გიგი: "ადრეულ ასაკაში დავიწყე თამაში. იმ დროს ონლაინ კაზინოები არც იყო, დავიწყე ტოტალიზატორით. ვთამაშობდი მცირე თანხით და შევატყე, რომ თანხას ვზრდიდი და ეს ყველაფერი უკვე ჩვევაში გადამეზარდა. შემდეგ შემოვიდა ონლაინ კაზინოები, სადაც უკვე ინტერნეტით ვდებდი ფსონებს, შემდეგ შემოვიდა რულეტკა, პოკერი და სხვა აზარტული თამაშები. გადავედი რულეტკაზე. ეს გაცილებით მარტივი იყო. ერთხელ მოვიგე, რამდენჯერმე წავაგე. შემდეგ გამიჩნდა მოთხოვნა, რომ სულ მეთამაშა. ხშირად, ვაგებდი. თუმცა მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ ყველა თანხას, რასაც მაძლევდნენ, იქ ვდებდი. ხშირად თამაშის გამო ფულს ვსესხულობდი. ამან გარესამყაროს მომწყვიტა. ჩემს გარშემო ბევრი ადამიანია ჩართული ამაში. ვესაუბრები ხშირად, რომ დაანებონ თავი. ჯერჯერობოითი ეს საუბარი უშედეგოა. ჯერ პრობლემას ვერც აცნობიერებენ. მეც საკმაოდ გვიან გავაცნობიერე, როდესაც ამ ყველაფრის გამო სუიციდის მცდელობა მქონდა. დიდი ხანი სახლში ვიჯექი, რაც მქონდა ვყიდდი, საზოგადოებასთან კონტაქტი არ მინდოდა. 24 საათი ვიჯექი და ვთამაშობდი. ვალები დამედო, ავიღე სესხები, რომელსაც ვეღარ ვიხდიდი".

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" შეიქმნა. დედებმა იგრძნეს დიდი საშიშროება და დაიწყეს ბრძოლა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად არ გამოიჩინა ნება, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ამ ორგანიზაციის განცხადებით, ძალადობა, დამცირება და ადამიანის უფლებების დარღვევა სათამაშო ბიზნესისათვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა:

"ხმამაღლა განვაცხადეთ არაერთხელ მაღალი დონის შეხვედრებზე და ასევე ტელე თუ ბეჭვდითი მედიის საშუალებით, რომ განუკითხაობაა იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები ასობით ლარს აგებენ. ვწუხვართ ამ საზარელი ფაქტების გამო".

ნანა ებრალიძე, ფსიქოლოგი: "აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება, ეს არის თამაშისადმი ავადმყოფური ლტოლვა. ლუდომანია დაავადებაა, რომელიც ცვლის ფსიქიკას და ინტერესთა არეალს. ადამიანმა შეიძლება დაივიწყოს ოჯახი, ყველა სხვა ინტერესი, რაც კი ცხოვრებაში ჰქონია. კაზინოში გარემო ფაქტორებიც ხელშემწყობია: სიბნელე, უფასო სასმელი, არანაირი საათი. კარგავენ დროის განცდას და ღამით შესულები გარეთ დილით გამოდიან. ეს ყველაფერი იწვევს სტრესს".

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. როგორც ჩანს, ლუდის ზოგიერთ მწარმოებელს ამიტომაც გაუჩნდა იდეა, ლუდის გამოყენებით კაზინოებში შეიტყუოს ჩვენი ახალგაზრდები და ძველგაზრდები. თემა ვრცელია და მრავალწახნაგოვანი, ამიტომაც უნდა განვაგრძოთ საუბრები, ახსნა განმარტებები, უბედურება საჭიროებს სასწრაფო წესით მოკვეთას. გაგრძელება იქნება.

გელა ზედელაშვილი