თემურ ქორიძე: გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეულია მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი შემოსავლების გზების გახმაურების შიშით

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეულია მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი შემოსავლების გზების გახმაურების შიშით

ჟურნალისტი თემურ ქორიძე საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნას და აღნიშნული ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება:

„ჯერ ვნახოთ, რას წერს ბატონი გიგა კობალაძე, საქართველოში მოქმედი საავტორო უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი (აქვე ბოდიშს გიხდით ვრცელი ამონარიდისთვის):

„...ევრაზიული კავშირი EACOP დაფუძნდა  2017 წლის აგვისტოში ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) საპირწონედ და კონკურენტად. CISAC მუსიკის სფეროში მსოფლიო გაერთიანებაა და მასში გაწევრიანებულია მსოფლიოს 239 ორგანიზაცია.  საქართველოც მისი წევრია.

რუსეთმა, მასში გაწევრიანების მიზნით, დაიწყო ზეწოლა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაზეც (GCA). მოლაპარაკებას აწარმოებდა და თბილისში, ოთხკაციან ამალასთან ერთად პირადად შემხვდა ანდრეი კრიჩევსკი, რომელიც ერთდროულად არის RAO-ს, EACOP-ის, IP CHAIN-ის, ამ სფეროში მოქმედი კიდევ რამდენიმე რუსული კომპანიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ამაში მას ეხმარებოდა კიდევ ერთი RAO-ს ქუდქვეშ შექმნილი რუსული ორგანიზაციის (FONMIX) ქართველი წარმომადგენელი ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილი, რომელიც ასევე რამდენჯერმე შემხვდა ამ მიზნით. ეს ბატონები დაჟინებით ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას, რომ გვესარგებლა IP CHAIN-ის ტექნიკური მხარდაჭერით და შევსულიყავით ევრაზიულ კავშირში, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, რადგან ამით შესუსტდებოდა საქართველოს, როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყნის როლი მსოფლიო არენაზე და მოხდებოდა განვითარების არსებული დინამიკის შეფერხება და უკუსვლა.

უარით გაღიზიანებულმა რუსეთმა მიმართა უკვე მრავალგზის ნაცად, ციხის შიგნიდან გატეხვის მეთოდს. დასაყრდენად, ალექსანდრე (ბაკუნა) გვარიშვილის დახმარებით, მოძებნა რუსეთის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილი ქართველი მომღერლები... ვისი მეშვეობითაც დაიწყო ჩვენი დისკრედიტაცია და ამ გზით საავტორო უფლებების სფეროში არეულობის შეტანა. ამ ბატონებმა დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელმაც თითქოს უნდა მართოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებები და შეაგროვოს მათი ჰონორარი, რაც, სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ორგანიზაციას ამის იურიდიული უფლებამოსილება არ აქვს...

მთელი ამ პროცესის შეკავების მიზნით, ჩვენ, ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებთან, ბრავო რექორდსთან და GMI Rights Management-თან ერთად ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას: არა ინტელექტის ოკუპაციას!

მჯერა, რომ კამპანია წარმატებული იქნება, გვეყოფა გონიერება გავითვალისწინოთ უკრაინის მაგალითი და თავიდან ავიცილოთ ინტელექტუალური საკუთრების ოკუპაცია.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე!“

ჩემი აზრით, ბატონი გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეული უნდა იყოს არა ქართველი კომპოზიტორებსა და შემსრულებლებზე ზრუნვით, არამედ მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი (ფარული, არადეკლარირებული) შემოსავლების გზების გახმაურებისა და, საბოლოოდ, მისი დაკარგვის შიშით. აქედანვე უნდა მომდინარეობდეს საქართველოში მორიგი ურაპატრიოტული აჟიოტაჟის შექნის სურვილი საქართველოს მიმართ ახალი „რუსული ინტერესებისა“ და „საქართველოს ინტელექტუალური ოკუპაციის“ თაობაზე. უფრო ზუსტად, ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღების მთავარიდან მეორეხარისხოვანზე, მაპატიეთ - მთავარიდან არარსებულზე - გადატანის ბავშვური მცდელობა.

პრობლემა გაცილებით უბრალოა - ქართველი კომპოზიტორების, მუსიკოს-შემსრულებლების ინტელექტუალური საკუთრების გავრცელებისა და მოხმარების ძირითადი არეალი გახლავთ სწორედ რუსეთი და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთსა და ევრაზიული კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გარეშე ქართული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, უბრალოდ, შეუძლებელია. იგი ასევე შეუძლებელია ინტელექტუალური საკუთრების მომხმარებელთა (რესტორნები, კაფე-ბარები, სასტუმროები...) რეალური კონტროლის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებულ ათასობით ობიექტში შესაბამისი აპარატურის დამონტაჟებას გულისხმობს. ახლად შექმნილი ქართული საავტორო უფლებების დამცველი ასოციაცია რუსი პარტნიორების დახმარებით, სწორედ ამას აპირებს.

იძულებული ვარ, გავიმეორო, რომ აქ საქართველოს, ბელარუსის ან ყაზახეთის რომელიმე რესტორანში რუსული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება არ იგულისხმება - ამას რუსული სპეცსამსახურები ბატონ გიგა კობალაძესთან, მის ქართველ ოპონენტ ალექსანდრე გვარიშვილთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და თვით ლეიბორისტ შალვა ნათელაშვილთან შეუთანხმებლადაც მშვენივრად გაართმევენ თავს.

აქვე, დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა ვუთხრა ჩემს ქართველ კოლეგა-ჟურნალისტებს - ზოგადად, „ინტელექტის ოკუპაციაზე“ საუბარი ძალიან, ძალიან სამარცხვინოა, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, შეუძლებელია. გაცილებით გონივრული, კეთილშობილური და მომგებიანი იქნება, თუ დაპირისპირების გაღრმავებაზე კი არა,  მხარეებს შორის შეთანხმებაზე ვიზრუნებთ. ყველა ომი და დაპირისპირება ხომ საბოლოოდ ზავით და მორიგებით მთავრდება. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ასეთი მიდგომა, შესაძლოა, მთლიანად რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებასაც წაადგეს.

შემიძლია კომპრომისული ლოზუნგიც შემოგთავაზოთ - არა ომს და დაპირისპირებას!“ - აცხადებს თემურ ქორიძე.