გიორგი მარგველაშვილის წერილი დონალდ ტრამპს

გიორგი მარგველაშვილის წერილი დონალდ ტრამპს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა მისალოცი წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, რომელშიც მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერის გამო.

“თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეპოქის შექმნას შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში. სხვა ქვეყნებისთვის ამერიკა ყოველთვის თავისუფლების შუქურა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი იყო.

არსებული არასტაბილური და ცვალებადი გარემოს პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებით გადალახავს არსებულ გამოწვევებს და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, ნება მომეცით დავადასტურო, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად გადალახავენ სხვადასხვა გამოწვევებს და მტკიცედ იდგებიან საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მომავალში ქართულ-ამერიკული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს ყველა სამომავლო წამოწყებაში და სიმშივიდესა და სტაბილურობას ვუსურვებ მეგობარ ამერიკელ ხალხს”, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის წერილში.