გრიგოლ ვაშაძის 800 ათას "სჩემტა" მომხრე გურჯაანში

გრიგოლ ვაშაძის 800 ათას "სჩემტა" მომხრე გურჯაანში

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის წინა დღეს, ანუ 15 დეკემბერს ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავში გრანდიოზულ და არნახულ საპროტესტო აქცია დააანონსა. ე.წ. ლიდერები ტრაბახობდნენ, აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება, ჩამოსული, ვერჩამოსული თუ არჩამოსული სტუმრები ნახავენ, რომ ზურაბიშვილი საქართველოში პრეზიდენტად არავის სჭირდებაო. ამ შემთხვევაშიც ჩაფლავდა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, სირცხვილი და დოზანა ჭამა ბაჭუტაძე-ვაშაძე-სააკაშვილის ტანდემმა - თბილისიდან თელავისკენ გაქანებული რამდენიმე მანქანა (არადა, იძახდნენ, თბილისიდან 10 ათასი მანქანა იქნებაო) გურჯაანში, ველისციხის გადასახვევთან შეაჩერეს და უთხრეს, სხვა გზით, ანუ ყვარლის გავლით წადითო. აი, ამათაც ეს უნდოდათ, დაიწყეს ჭიდაობა, გამიშვი-დამიჭი და ხელების პარჭყვა. პოლიციელებმა არ გაუშვეს. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები წიხლებით შესდგნენ სამართალდამცავების მანქანებს. სწორად მოიქცნენ, რომ იქვე არ დაიწყეს პროვოკატორების დაპატიმრება, მათი იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს მომდევნო დღეებში.

პროვოკატორები ვერ ჩავიდნენ თელავამდე. პრეზიდენტის ინაუგურაციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. დააკვირდით "დრონით" გადაღებულ ფოტოს - აქ, სავარაუდოდ, 200-მდე ადამიანია დაფიქსირებული, თუნდაც 300 და 500 იყოს. თუ ამას გამოვაკლებთ პოლიციელებს, დარჩება სადღაც ასიოდე ადამიანი. თუმცა "ნაციონალებს" თუ დავუჯერებთ, აქ არის 800 ათას "სჩემტა" პროტესტანტი. სხვათა შორის, არეულობისას გაისმა თავის მართლებაც, რეგიონებიდან ხალხი ვერ ჩამოვიდაო. სასაცილოა, ეტყობა, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას დაავიწყდა, რომ თვითონ რეგიონში იმყოფებოდნენ, თანაც იმ რეგიონის დედაქალაქის მისადგომებთან, სადაც სალომე ზურაბიშვილმა წააგო. ამოცანა გვეკითხება, რატომ არ გამოვიდა იმ ქალაქის მოსახლეობა ქუჩაში, სადაც ვაშაძემ გამარჯვება იზეიმა? ვგულისხმობ თელაველებს, რომელთაც გარედან შესვლა არ სჭირდებოდათ. ახლა ხვდებით, რომ არავითარი 800 ათასი ადამიანი არ არსებობს? სულ ვამბობდი და ვიმეორებ: "ნაცებმა" არჩევნები გააყალბეს!

გელა ზედელაშვილი