გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს.

საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) როლზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.