მაია ცქიტიშვილი: გუბერნატორების გათავისუფლება გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება

მაია ცქიტიშვილი: გუბერნატორების გათავისუფლება გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება

დღეს, 26 ივლისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილ გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეგიონებში დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ ადამიანებსა და ახალ უნარებს საჭიროებს:

"ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩვენი მხრიდან. შევაჯამეთ ის პროექტები და 4 თვე, რომელიც ერთად ვიმუშავეთ. მადლობაც გადავუხადეთ ერთმანეთს იმ დროისთვის, რაც ერთმანეთთან სათანამშრომლოდ გვქონდა. გვინდოდა გუბერნატორებს სოზარ სუბარისთვის მოეყოლათ, თუ რა პროექტები ხორციელდება რეგიონებში, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ფორმატიც შესაძლებელი იქნება".

ცქიტიშვილის თქმით, გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ უკავშირდება: 

"ლევან შონია მუშაობს გუბერნატორად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროიდან, ასევე აკაკი მაჭუტაძეც ამ პერიოდიდანაა გუბერნატორი, ამიტომ ვერ დავუკავშირებ ამას კვირიკაშვილის კადრების დევნას. ეს არის ის ახალი გამოწვევები, უფრო ეფექტიანი მართვის საჭიროება, რეგიონებთან უფრო ახლოს ყოფნის საჭიროება, ამიტომ პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. რეგიონული განვითარების სამინისტრო რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის ერთ-ერთ მთავარ უწყებად, რეგიონული განვითარების ფონდი კვლავ ჩვენი სამინისტროს სფეროა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კავშირზე ვიქნებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ასევე ჩვენთან რჩება დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების შემუშავება და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური სტრატეგიების შემუშავების ნაწილი, ასევე საჯარო მმართველობის პოლიტიკის ფარგლებში გვაქვს კომუნიკაცია რეგიონებთან",- განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ სოზარ სუბარის სამსახურს ძირითადად ევალება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და პრემიერის აპარატს შორის კოორდინაცია".