დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ. პირველი გახლავთ ის, რომ „ევროპული საქართველო“ და მე პირადად ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ როგორც ეგზიტპოლები აჩვენებს, ამ არჩევნებზე ამ შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გავზარდეთ მხარდამჭერების ბაზა, ამ არჩევნებზე ჩვენი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ბევრმა ფაქტორმა. ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, რომელიც „BCG ReaserCh“-მა ჩაატარა, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე - სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი დავით ბაქრაძე. შესაბამისი მონაცემები პარტიაში რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინეს.

უფრო კონკრეტულად, ეგზიტპოლების შედეგებით, გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37%-მა, სალომე ზურაბიშვილს - 34%-მა, დავით ბაქრაძეს კი 17%-მა დაუჭირა.