63 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება

63 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად, 63 მოქალაქე  დაზარალებულად ცნო. მათ ზუგდიდისა და ხობის რაიონებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ამ პროცესს და ინვესტორისთვის მიწის  გადაცემას  ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ  ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა. ისინი კი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების  მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. დოკუმენტის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ  შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების  მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, 63 დაზარალებულ მოქალაქეს ზუგდიდისა და ხობის რაიონის სოფლებში: ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში,  მდებარე  67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ, რომელთა საერთო ფართობი 379 403 კვ/მ შეადგენს. 

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს.