მიხეილ სააკაშვილი: დაუსტვინეთ, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს!

მიხეილ სააკაშვილი: დაუსტვინეთ, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს!

აი, ამიტომ არის სიცხე კარგი, თუ მიხეილ სააკაშვილი ზამთარში თვეში ორჯერ აფრენდა, ახლა ყოველკვირეულზე გადავიდა და სავარაუდოდ, აგვისტოში მისი "ფრენები" ყოველდღიური გახდება.  

თქვენ მხოლოდ დაუსტვინეთ და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ, – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვის ტელევიზიასთან ჩართვისას გააკეთა. ინტერვიუს დროს სტუდიაში იმყოფებოდა მოლდოვის ახალი მთავრობის მეთაური მაია სანდუ. სააკაშვილმა სანდუ შეაქო და განაცხადა, რომ ის უაღრესად პატიოსანი ადამიანია.

ამაზე მოლდოვის პრემიერმა უპასუხა, რომ მას მაინც სჭირდება დახმარება. ჰოდა, მიხოსაც მეტი რა უნდოდა? დაიცა გულის ფიცარზე მჯიღი და აღმოსთქვა დიდი რუდუნებით: დაუსტვინეთ, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გავისარჯოთ და ბრძოლებში დავიხარჯოთო!

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინაში ძვალი არ გადაუგდეს, თვალი მოლდოვისკენ უჭირავს. თუმცა დიდად საეჭვოა, ვინმემ დაუძახოს... უფრო სწორად, ვინმემ დაუსტვინოს.

შეგახსენებთ, მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა. 8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ სოციალისტურ პარტიასა და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა. ამის მიუხედავად, 11 ივნისს კიშინიოვში ორი მთავრობის სხდომა გაიმართა.