დიდი ცვლილებების ჟამი

დიდი ცვლილებების ჟამი

2019 წელი დიდი ცვლილებების წელი იქნება და ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ გაკეთდება, რასაც შეიძლება სხვა დროს 4-5 წელი მოუნდეს.
ბიძინა ივანიშვილის სტილია ეს - მას უყვარს ბოლო მომენტში მთელი ძალების, მთელი ენერგიის მობილიზება და ერთი შეხედვით კრიზისული სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.
ასე მოხდება ეს 2019 წელსაც…

2019 წელი დაიწყო თუ არა, მავანნი და მავანნი ისეთ აპოკალიფსურ სურათს ხატავენ, თითქოს ქვეყნის დასასრული ახლოვდება და ბიძინა ივანიშვილი მის მიერ აშენებულ ქვეყანას, რომლის გადარჩენისთვის მილიარდები აქვს გაღებული, ახლა მისდგომია და თვითონვე ანგრევს.
ამ საყოველთაო განგაშსა და მოთქმა-ვაებაში აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკოსები ოპოზიციური სპექტრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები, რაღაც უხილავი ძალებისგან მართული მედია - როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული, გაურკვეველი წარმოშობის სექტისმაგვარი ჯგუფები სოციალური ქსელებიდან და ა. შ. და ა. შ.
მოკლე რომ მოვჭრათ, ქვეყანაში დიდი განგაშია გამოცხადებული.
გასაკვირი ის არის, რომ ამ ხელოვნურად აგორებული განგაშის ფონზე არავინ ჩანს ისეთი, რომელიც დასაბუთებულად და არგუმენტირებულად შეეცდება დაამტკიცოს, რომ ეს ცრუ განგაშია და სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდება და სულ სხვა პროცესები იწყება, პროცესები, რომლებიც არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ და გამოსწორებისკენ არის მიმართული.
საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი პირობას ასრულებს და იმ დაპირებების შესრულებას იწყებს, რომლებიც მან 2018 წლის 5 ნოემბერს თავის ცნობილ მიმართვაში გააჟღერა.
გთავაზობთ ფრაგმენტს ამ მიმართვიდან:
"მიუხედავად წარმატებებისა, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად რჩება არსებული სიდუხჭირე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს! მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!
სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვისა და პოლიტიკის შემუშავებაში!
…მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდე განვაცხადე - მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს".
ბიძინა ივანიშვილი სიტყვის კაცი გამოდგა და 2019 წლის პირველი დღეებიდანვე უაღრესად სერიოზული და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მართვის ხარვეზების თუ სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პესიმისტურად უყურებს დროის მცირე მონაკვეთში გრანდიოზული რეფორმების განხორციელების რეალობას, თუ აღებული ტემპი შენარჩუნდება, დარწმუნებული ვართ, ერთ წელიწადში მართლაც მოხერხდება ამ მიმართვაში გაცხადებული დაპირებების შესრულება.
მხოლოდ სამი კვირა გავიდა 2019 წლის დაწყებიდან და უკვე დაიწყო სერიოზული საკადრო ცვლილებები სუს-ში, რაც, როგორც ჩანს, მხოლოდ საკადრო ცვლილებებით არ შემოიფარგლება და ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სტრუქტურაში სერიოზული რეფორმების გატარება გაგრძელდება.
მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე გაგრძელდა და ახალ ფაზაში შევიდა გასულ წელს საბანკო სექტორში განხორციელებული რადიკალური ხასიათის რეგულაციები, რის გაკეთებასაც ადვილად გასაგები მიზეზების გამო, ხელისუფლების მხრიდან, დიდი რისკი და გამბედაობა სჭირდებოდა.
საბანკო სექტორში წესრიგის დამყარების და ამ სფეროს კანონის ჩარჩოებში მოქცევის სეერიოზულ განაცხადად უნდა მივიჩნიოთ თი-ბი-სი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული პროცესები.
საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანის სრულიად სამართლიანად ითხოვს ქართული სახელმწიფოსგან, დიაცვას იგი ათეული წლების განმავლობაში საბანკო სექტორში გამეფებული განუკითხაობისა და თვითნებობისგან, რომლის გამოც უამრავ ადამიანს განუზომლად დიდი ტრაგედიები დაატყდა თავს.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობის ქომაგად ასაღებს თავს, 2007 წელს სრული კარტ-ბლანში მისცა კომერციულ ბანკებს და თითქმის ყოველგვარი შეზღუდვები მოუხსნა.
ის, რაც "ნაცმოძრაობის" დროს მოხდა, ძალიან ჰგავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ კარგად დაგეგმილ და კარგად ორგანიზებულ გენოციდს, რომლის სქემაც საკმაოდ მარტივად გამოიყურება - ჯანდაცვის სფეროში აბსოლუტურად დაუცველი და სახელმწიფოსგან უპატრონოდ მიტოვებული ადამიანები საკუთარი თავის თუ თავიანთი ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულნი ხდებოდნენ, კომერციული ბანკებისთვის მიემართათ და კაბალური პირობებით გამოეტანათ სესხები, რომლებიც ავტომატურად მიემართებოდა გაძლიერებულ მადაზე მოსული საავადმყოფოებისა და კლინიკების სალაროებში, "ხალხზე მზრუნველი" და "ხალხის მოყვარული" ხელისუფლება კი მშვიდად და აუმღვრევლად უყურებდა ამ შემზარავ და გულისმომკვლელ "სანახაობას".
კომერციული ბანკები, ფაქტობრივად, "ნაცმოძრაობის" უბოროტესი რეჟიმის საიმედო და უერთგულესი პარტნიორები იყვნენ.
მოვა დრო და ვინმე აუცილებლად დაწერს "ნაცმოძრაობის" და მისი პარტნიორი ბანკების დანაშაულებრივი საქმეების მწუხარე მატიანეს, სადაც ციფრების, სტატისტიკური მონაცემების, დოკუმენტური მასალების საფუძველზე დეტალურად აღინუსხება, რამდენი მილიონი თუ რამდენი მილიარდი ააღლიტეს ისედაც მრავალგზის გატყავებულ მოსახლეობას.
ისეთი კოლოსალური ციფრები იქნება ეს, გაოცდებით და შეძრწუნდებით ამ ბოროტმოქმედების გრანდიოზული მასშტაბებით.
სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე, ჭარბვალიანობა, სამუშაო ადგილების სიმცირე - ყველაფერი ეს "ნაცმოძრაობის" დროიდან მოჰყვება საქართველოს უმძიმეს ტვირთად და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას დიდი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.
"ქართული ოცნების" მიერ შემოღებულმა საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ ჩაჭრა სიკვდილ-სიცოცხლის ის ჯაჭვი, რომლითაც ადამიანები კომერციულ ბანკებთან იყვნენ მიბმული, ამას მოჰყვა ახალი რეგულაციები საბანკო სექტორში, ყოველივე ეს კი იმით დაგვირგვინდა, რომ საქართველოს 600 000 მოქალაქეს საბანკო დავალიანებები გაუნულდათ.
ცოტაა ყოველივე ეს?
არა, ნამდვილად არ არის ცოტა, თუ სინდისი გაქვს, თუ სიკეთის დანახვის სურვილი გაქვს, აუცილებლად დაინახავ, თუ რა უდიდესი საქმე გაკეთდა საქართველოს ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ათასობით და ათიათასობით სიცოცხლე რომ გადაარჩინა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, თუნდაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებით, ესეც ცოტაა? ესეც არაფერს ნიშნავს?
პირდაპირ ვთქვათ: ყველა აქ ჩამოთვლილ სასიკეთო საქმეში და იმ სასიკეთო საქმეებშიც, რომლებიც აქ არ გვიხსენებია, ბიძინა ივანიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის!
მათ საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ყოფნის და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ამ ქვეყნისთვის ჯერ კიდევ კარგად ვერ გაუცნობიერებია და ვერ შეუფასებია.
ბიძინა ივანიშვილი უნდა იყო, რომ საერთაშორისო მასშტაბის ისეთი უმძლავრესი მაფია დაამარცხო, როგორიც "ნაცმოძრაობა" იყო.
ბიძინა ივანიშვილი უნდა იყო, რომ ამ ცხრათავიანი ურჩხულის ერთ-ერთ მთავარ თავს მამუკა ხაზარაძეს და სხვა ხაზარაძეებს სილის გაწვნა შეჰბედო და არ შეგეშინდეს.
ბიძინა ივანიშვილი უნდა იყო და მისნაირად უნდა გიყვარდეს ადამიანები, რომ ნაციონალებისგან ძირგამორეცხილ სახელმწიფოში მთავარ პრიორიტეტად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დაისახო მიზნად და ეს მიზანი კონკრეტულ საქმედ აქციო.
ერთმა ჩემმა მეგობარმა პოეტმა დაწერა: ვიღაც-ვიღაცები ბიძინა ივანიშვილზე აუგს რომ ამბობენ, მათ მაგივრად მე მრცხვენიაო.
მეც ასე ვარ - მეც მრცხვენია, როცა ავყიები და ფარისევლები, პროფესიონალი ცილისმწამებლები და პროვოკატორები, უტიფარი, ურცხვი, უზნეო ადამიანები ბიძინა ივანიშვილს ლანძღავენ და სრულიად დაუმსახურებლად ლაფსა და ტალახს ესვრიან.
მრცხვენია, რომ ქართველი საზოგადოება ამ უმსგავსობას ითმენს და სათანადოდ ვერ იცავს იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენს გამო სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე, თავისი ოჯახის უსაფრთხოება.
იმისიც მრცხვენია, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც 800 000 მოქალაქეს შეუძლია ხმა მისცეს თავის ჯალათებს, მისი ღირსების შეურაცხმყოფელებს და ფეხქვეშ გამთელავებს და ეს გააკეთოს ისე, რომ არც შერცხვეს.
მიზეზთა და მიზეზთა გამო, რომელთა ახსნას აქ არ შევუდგები, საქართველო ყოველდღე ბეწვის ხიდზე გადის.
ბეწვის ხიდზე გადის ბიძინა ივანიშვილიც, ვიღაც-ვიღაცები კი, იმის ნაცვლად, რომ გაამხნევონ, ყიჟინას სცემენ ველურებივით - იქნებ დაიბნეს, იქნებ წონასწორობა დაკარგოს და ფეხი დაუცდეს…
ბიძინა ივანიშვილს რომ ფეხი დაუცდეს, მერე თქვენ რა ხეირი ამით, თქვე საბრალოებო, საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას მტრად რომ მოკიდებიხართ და საკუთარ სამარეს საკუთარი ხელით რომ ითხრით?
როგორც გითხარით, რაღაც უცნაური ტენდენცია მკვიდრდება ამ ქვეყანაში - იმ უამრავ კარგ საქმეებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული, არავინ არ ლაპარაკობს - არც ივანიშვილის მტრები და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოყვრები.
მტრები, გასაგებია, რატომაც დუმან, მაგრამ ამ მოყვრებს მაინც რატომ ჩაუქინდრავთ თავი მორცხვად, აი, ეს კი ნამდვილად მაკვირვებს.
ასეა თუ ისეა, ამ უმადურობით, ბოღმით და შურით გატენილ ქვეყანაში ივანიშვილს სიკეთე აქტივში არ ეთვლება, სამაგიეროდ, ყველა პრობლემა, დიდიც და პატარაც, მას ბრალდება.
ასე მოხდა ახლაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებითაც.
მავანნი და მავანნი საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს სია ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს საკუთარი ხელით ჩამოწიკწიკებული და რომ არა სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე მდგარი პერსონების სიფხიზლე და შეუპოვრობა, `ქართული ოცნების~ საპარლამენტო უმრავლესობა ახალი წლის წინა დღეებში ამ სიის გაპარებას აპირებდა.
ამ ვერსიას აწვება `ნაცმოძრაობის~ დედალ-მამალი ბულბული გვარამია და კვესიტაძე, "ზაჟიგანიაგაფუჭებულ" მანქანასავით ათუხთუხებული უგულავა, რომელიც საუბრის დროს თავგამოდებული ცდილობს, როგორმე დაიქოქოს და გამალებული იქნევს ხელებს, მაგრამ ფუჭი თუხთუხის მეტი არაფერი გამოსდის.
ამ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული გია ხუხაშვილი, რომელმაც ბოლო ხანებში მოვლენათა პირუთვნელი არბიტრის და მედიატორის როლი მოირგო. იაფფასიან, მაგრამ სენსაციურ-სკანდალური შეფერილობის მდარე პროდუქციას დახარბებული ჩვენი მედიასაშუალებები ხუხაშვილის სწორედ ამ სტატუსით იწვევენ.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი. მას მოსწონს ის იუსტიციის საბჭო, რომელიც ყავს და თურმე ამაყობს კიდევაც ამით", - განაცხადა ხუხაშვილმა.
კი, მაგრამ, სად და როდის თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ან ეს იუსტიციის საბჭო მომწონს ან მოსამართლეთა იმ სიაზე ვგიჟდები, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში წარადგინაო?
მოვუსმინოთ თავად ბიძინა ივანიშვილს:
"საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგებლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა ობიექტური საფუძველი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღიო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა. ამ ფონზე გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა".
ქალბატონი ეკას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვისაც (ისე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის) დღემდე გაუგებარია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მისი მოულოდნელი გადადგომა?
თუ წარმოდგენილი სია არ მოსწონდა, მანამდე ეთქვა ის, რაც 27 დეკემბერს თქვა და გაეგრძელებინა ბრძოლა ამ სიის შესაცვლელად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, განა ასე არ აჯობებდა მისთვისაც და საქმისთვისაც?
ეს სია, როგორც ირკვევა, არა მარტო ქალბატონ ეკას, არამედ კიდევ ბევრს არ მოსწონს.
როგორც ჩანს, არ მოსწონს ის ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ მას რა შეეძლო გაეკეთებინა _ საჯაროდ ხომ ვერ გამოვიდოდა და ხომ ვერ იტყოდა, ეს სია არ მომწონს და სხვა სია მომიტანეთო?
მისი ოპონენტები (ზოგჯერ მის მხარდამჭერთა ნაწილიც) ძალიან ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს ავტორიტარიზმისკენ უბიძგონ და მისგან ახალი სააკაშვილი შექმნან, რომელიც ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებებს - დაიჭერს, დააპატიმრებს, გაათავისუფლებს, მაგრამ არაფერი გამოსდით ამ მცდელობიდან.
არანორმაური, არაადეკვატური შეიძლება ვუწოდოთ სიტუაციას, როცა ადამიანს, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის, ნახევარი ქვეყანა ხელ-ფეხზე ჩამოებღაუჭება, რომ იმ გეგმების განხორციელების საშუალება არ მიეცეს, რომლებიც ამავე ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი.
არანორმალური, არაადეკვატური ჰქვია იმ სიტუაციასაც, როცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართული, უწყვეტი შავი პიარით, რომელსაც შავბნელი ძალები ახორციელებენ, ლამის არის, მთელი მოსახლეობა დააკომპლექსონ, მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის და ტერორის ქვეშ ამყოფონ და ადამიანებს ტვინებში ჩაუმონტაჟონ, რომ ყველა პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილშია.
ამ შავბნელი ძალების უტიფრობა იქამდე მივიდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ასეთი ლოზუნგიც კი წამოაყენეს: ყველა მინუს ერთი.
ამ მინუს ერთში, ცხადია, ივანიშვილს გულისხმობენ…
ამ მკრეხელური ლოზუნგის ავტორებს სათანადო პასუხი გაეცა "საერთო გაზეთის~ (N45, 2018 წ.) ფურცლებზე გამოქვეყნებული წერილიდან, რომლის ფრაგმენტებსაც აქ გთავაზობთ:
"ყველა - 1 რომ დაუჩემებიათ ამ პოლიტიკურ არამზადებს და პარაზიტებს, აბა, წარმოვიდგინოთ, როგორი და რანაირი იქნება საქართველო, მინუს ყველა ის საქმე, რაც ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის?
საქართველოს მინუს სამების ტაძარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ რესტავრირებული და აღდგენილი უამრავი ეკლესია-მონასტერი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის წყალობით გადარჩენილი თეატრები და მუზეუმები, საქართველოს მინუს მის მიერ აშენებული მუსიკალური ცენტრები, სტადიონები, პარკები, გზები, ხიდები, სკოლები, საავადმყოფოები, სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობები, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ რესტავრირებული უნივერსიტეტის I კორპუსი და ოპერის თეატრი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარჩენილი უამრავი სიცოცხლე, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის პენსიით თუ სტიპენდიით შიმშილით სიკვდილისგან დახსნილი უამრავი ადამიანი, საქართველოს მინუს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული და აწყობილი უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოს მინუს ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის მიერ თავიანთ აქტივში ჩათვლილი და მისაკუთრებული, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მიერ უხმაუროდ და ინკოგნიტოდ დაფინანსებული ასევე უამრავი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, იდეა, მიმართულება.
დაბოლოს, საქართველოს მინუს 2012 წლის შემოდგომაზე "ნაცმოძრაობის" კრიმინალურ-ფაშისტურ რეჟიმზე გამარჯვება, რომლის მიღწევა ბიძინა ივანიშვილის თავგანწირვის და თავდადების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ახლა იმაზე დავფიქრდეთ, ზემოთჩამოთვლილი მინუსების შემდეგ რა რჩება იმ საქართველოსგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეები გამოვაკელით?~
***
2019 წელი დიდი ცვლილებების წელი იქნება და ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ გაკეთდება, რასაც შეიძლება სხვა დროს 4-5 წელი მოუნდეს.
ბიძინა ივანიშვილის სტილია ეს - მას უყვარს ბოლო მომენტში მთელი ძალების, მთელი ენერგიის მობილიზება და ერთი შეხედვით კრიზისული სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.
ასე მოხდება ეს 2019 წელსაც…

ვახტანგ ხარჩილავა