ეკო-მეგობრული დღე თბილისში აღინიშნება

ეკო-მეგობრული დღე თბილისში აღინიშნება

დღეს, ‘’ახალგაზრდული ასოციაცია დრონი’’-ს მოხალისეები ეკო-მეგობრულ დღეს მასპინძლობენ. ღონისძიების ფარგლებში, კუს ტბაზე, ცისკარის პლატფორმის სივრცეში, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურულ -საგანმანათლებლო აქტივობა. პროგრამის პარტნიორია Erasmus+ ახალგაზრდებისთვის, ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში და ,,ცისკარის პლატფორმა’’. დაგეგმილია ვორკშოპები: მინის, ალუმინის ქილებისა და ქაღალდის გადამუშავების თემებზე, ასევე, ნივთების განახლების, ნარჩენების სეპარაციისა და სხვა ეკო საკითხებზე. დღის ფარგლებში გაიმართება “ცოცხალი ბიბლიოთეკაც”, სადაც წიგნები იქნებიან ის ადამიანები, ვისაც სურს, საკუთარი ისტორია გაუზიაროს მკითხველს და მათ კითხვებს უპასუხოს. ღონისძიებაზე შეხვდებით ისეთ წიგნებს, როგორიცაა: მწვანე აქტივისტი, წიგნი სწრაფ მოდაზე, წიგნი ნულოვან ნარჩენებზე და ვეგანი. ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული ვორკშოპები სხვა აქტივობებთან პარალელურ რეჟიმში, 20:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი და ხელით დამზადებული ნაწარმის, ეკო-მეგობრული პროდუქციის ბაზრობა. საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი - „რეალური ფასი“, რომელიც ეხება ტანსაცმლის წარმოებას, მის შემქმნელებს და ამ ინდუსტრიის გავლენას მსოფლიოზე. ახალგაზრდების განცხადებით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებამ მეტი გაიგოს ეკოლოგიური მდგრადობის შესახებ . ,,როგორ უნდა ვიყოთ ეკო-მეგობრულები ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ შეგვიძლია, ჩვენ, მოქალაქეებს, საკუთარი წვლილი შევიტანოთ პლანეტის გადარჩენაში და პატარ-პატარა ნაბიჯებით, ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს. ეკო-მეგობრული დღე არის კარგი საშუალება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად’’-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.