მიხეილ სააკაშვილი: ბურჯანაძეს არ ვენდობოდით, ეს არის სრული სისულელე და აბსურდი!

მიხეილ სააკაშვილი: ბურჯანაძეს არ ვენდობოდით, ეს არის სრული სისულელე და აბსურდი!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

ჩემს წინააღმდეგ .. განაჩენი ძირითადად ეფუძნება ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ბურჯანაძემ თქვა, რომ დავიბარე ჩემთან და საიდუმლოდ გავანდე, რომ მე გავეცი ვალერი გელაშვილის ცემის განკარგულება და ამას მეტს აღარ ვიზამდი. ერთი წამით დავუშვით, რომ მართლაც გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, არ აღიქვამდა სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი. ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული. საერთოდ, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის?! ეს ხომ არის კომედია, სამართალზე და დაცინვა ყველაფრით, რაც კანონთან არ არის დაკავშირებული.

რატომ არიან გაჩუმებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ადამიანები, ვისაც სამართლებრივი პროცესების დაკვირვება ევალება და რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი. აქ ხომ აზრთა სხვადასხაობაზე არ არის საუბარი. საუბარია ყველანაირი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და დემოკრატიული ნორმების სრულ უარყოფაზე. ეს რა თქმა უნდა, ყველას შეეხება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ უსამართლობას გადავლახავთ და მოვიპოვებთ სამართალს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემათან დაკავშირებით 8 წელიწადი მიუსაჯა, ხოლო საბოლოო ჯამში 6 წელი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და 2 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აეკრძალა.