კახა კალაძე: ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო

კახა კალაძე: ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო

თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება:

პარტიის თავმჯდომარისგან დღეს მოვისმინეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც  ეხება 2020 წელს არჩევნების პროპორიული წესით ჩატარებას. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საარჩევნო ბარიერი საერთოდ უქმდება და ნულოვანი ხდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ საშულებას, თუ საზოგადოების მხრიდან მათ ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, მოხვდნენ პარლამენტში.
ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. 
ვფიქრობ, პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. 
2012 წლიდან მოყოლებული „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს საზოგადოების მხრიდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას თუ იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. 
ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და მის განვითარებას.  სასესიო კვირის ბოლოს უკვე დაიწყება განხილვები ამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელთაც აქვთ სურვილი, მომავალში იყვნე წარმოდგენილები საქართველოს პარლამენტში, უნდა შემოვიდნეს დიალოგში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. 
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპოტესტო მუხტი, რაც არის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული, ჩავაცხროთ. 
რაც შეეხება აქციებს, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, მე ამაზე არაერთხელ გავაკეთე განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. შეიძლება მეტი იყოს ვიღაცის პასუხისმგებლობა, შეიძლება - არა, ამის გარჩევა ახლა არ დავიწყოთ. ამას ჩვენი მხრიდან მოყვა შესაბამისი რეაგირება, უმკაცრესი განცხადებები და შედეგიც - პარლამენტის თავმჯდომარემ შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ის დაბრუნდა და გადაგა ღირსეული ნაბიჯი, დატოვა თანამდებობა. არ დაუწყია გარჩევა, ვისი ბრალი იყო და რა მოხდა რეალურად. 
საღამოს განვითარებულ მოვლენების დროს ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ ძალიან მძიმე სურათი - დაშავებული ახალგაზრდა ადამიანები. ეს იყო უმძიმესი სანახავი. ინსპირირება და მოწოდებები, რომ მომხდარიყო დაპირისპირება და შტურმი პარლამენტის შენობაზე, გააკეთეს იქ მყოფმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, მე მათ დესტრუქციულ ძალას ვუწოდებ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ! მათ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა! 
რაც შეეძლება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამაზე იქნება რეაგირება. გენინსპექციას, პროკურატურას აქვს დაწყებული მოკვლევა და არცერთი შემთხვევა, სადაც იქნება ძალის გადამეტების გამოვლინება, რეაგირების გარეშე არ დარჩება.