ვახტანგ გომელაური თანამშრომლებთან ერთად ვანო გოლაშვილის საფლავზე მივიდა

ვახტანგ გომელაური თანამშრომლებთან ერთად ვანო გოლაშვილის საფლავზე მივიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით მის საფლავზე მივიდა. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“1 წელი გავიდა სპეცოპერაციის შემდეგ. ძალიან მძიმეა ყველასთვის, მათ შორის, ჩემთვისაც. იმ დღეს ვანო გოლაშვილი დაიღუპა, რამდენიმე კაცი დაგვეჭრა. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. ყველაფერს ვცდილობთ, რომ მის ოჯახს ცოტათი მაინც შევუმციროთ, შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მისმა დაღუპვამ მიაყენა, არა მარტო მის ოჯახს, მთლიანად სამსახურს, მთლიანად ქვეყანას. ყველანი ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. მე მინდა შევეხო ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დაიჭრნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებაში, ისინი ყველანი გმირები არიან. ჩვენთან ერთად იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ შემიძლია არ აღვნიშნო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომლებიც მართლა გმირულად შევიდნენ ორმხრივ ცეცხლში და აქრობდნენ, რომ ცეცხლი სხვა სახლებზე არ გადასულიყო, ასევე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც დაჭრილებს ადგილზე უტარებდნენ პირველად დახმარებას და გადაჰყავდათ საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, ვანო გოლაშვილს ვერ ვუშველეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გადაგვერჩინა, თუმცა ის თითქმის გადაყვანის დროს დაიღუპა, უკვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ღიად ვერ ვიტყვი“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა.

„ერთი ტკივილიანი წელი გავიდა, რომელსაც ვერ ვეგუებით და ვერ ვაცნობიერებთ ჯერ კიდევ, რა მოხდა, რატომ მოხდა. ნამდვილად მეამაყება ჩემი მეუღლე რომ ჩვენი ქვეყნის გმირია, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის და დარდის ფასად გვიჯდება ყველაფერი“- განაცხადა ივანე გოლაშვილის მეუღლემ, თამუნა ხელაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.