ვახტანგ გომელაური: ქვეყანამ ტერიტორიები 2008 წლის ომის დროს დაკარგა

ვახტანგ გომელაური: ქვეყანამ ტერიტორიები 2008 წლის ომის დროს დაკარგა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში შექმნილი ვითარება შეაფასა და განცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის დაკავება საოკუპაციო ძალების მხრიდან, მოწმობს იმას, რომ ისინი არავის და არაფერს ერიდებიან.
მინისტრის თქმით, ტერიტორიები როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ქვეყანამ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, ამიტომ არასწორია განცხადება, თითქოს დღეს ხელისუფლებამ “კიდევ 500 მეტრი დაკარგა”.
“ცუდია, რომ ამბობენ, გაავლებენ ღობეს და დაკარგა სახელმწიფომ კიდევ ტერიტორიები. ეს ტერიტორიები ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ. სადაც ღობე არ არის, იქ გადავდივართ, შევდივართ? ვერა. დაკეტილია. ღობე იქნება იქ, თუ რუსული ჯარი იდგება, ჩემთვის ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ღობეს ავლებენ და გამყოფ ხაზს აკეთებენ, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ კიდევ 500 მეტრი დაკარგა, არასწორია”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა ზუგდიდში, სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნაზე გააკეთა.