ვირთა ვარამი

ვირთა ვარამი

ისინი ბევრნი იყვნენ, თითქმის უთვალავნი, თითქმის მთელი "თფილისი" იჯდა მრგვალ მაგიდასთან და ბაასობდა. პაპიროსის კვამლი უკვე ჭერში ასულიყო და ატმოსფერულ წნევას ზემოდან დასწოლოდა... აი, ისე, სიღნაღიდან ალაზნის ველზე ჩაწოლილი ნისლი რომ მოსჩანს ხოლმე. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ-მეთქი - ნიკუშა, მაკუშა, ნარკუშა, ნოდარა, ჯულიეტოვიჩი და კიდე ისა... სამოცდაათს რო გადაალაჯა და მაინც თინეიჯერ გოგოსავით ხუნტრუცობს... ჰო, კაცო, სიცილის დროს მჟავე კომბოსტოსავით რო უხდება ხოლმე სახე... მარინა, ჰო, მარინა ბერიძე. ნიკა გვარამიამ ნაფაზი დაარტყა, ნოდარა მელაძეს ფაქიზ სიფათში შეაფუილა და ენის მოჩლექვით წაუსისინა:

- პატივცემულო ფილდ-კომანდერ, ამ შაბათს რა გვაქვს, რით ვუშლით ნერვებს ბიძინა ივანიშვილს?

- რა გვაქვს და... ხეების გლეჯვის ახალი ციკლი დავიწყეთ... უფრო სწორად, ბიძინამ დაიწყო, გადათხარა და გაანადგურა გურიის ფლორა და ფაუნა, ტყეში ირემი აღარ დატოვა, ცაში არწივი და მიწაში ხე-ტყე. კიდევ ისა... თბილისის ქუჩებში შეტაკებებია, კრიმინალები აღარ ინდობენ ერთმანეთს, მიდის გარჩევები, სისხლი უკვე ცას შესჩუხჩუხებს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ამ კვირაში დაახლოებით ასი ათასი ადამიანი გაიქცა საქართველოდან და ამდენივემ თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, ამდენი კიდე იმ კვირაში აპირებს თავის მოკვლას. ვაკესა და ორთაჭალაში შიმშილით დახოცილი ხალხი ორღობეებში ყრია, ამ დროს კალაძე იძახის, გამოქანდითო. ნაძალადევსა და დიდუბეში მიდის მასობრივი გაუპატიურებები. გლდანსა და მუხიანში მასობრივად აყაჩაღებენ პატიოსან მოსახლეობას, სახლებში უვარდებიან, ჯერ ტ...ნავენ, მერე კლავენ. ო, ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?! - ამოიგმინა ნოდარ მელაძემ.

- ეგ კარგია, ნოდარ, მაგრამ იცოდე, ყველა სიუჟეტს დაპარელება უნდა გაუკეთო ბიძინა ივანიშვილთან, ამას წინებზე ჯულიეტოვიჩმა თითი რომ დაიწვა, ეგეც კი ივანიშვილს უნდა დავაბრალოთ! - გამოცოცხლდა გვარამია და თვალები მეგი გოცირიძის სტილში დააჭყიტა.

- აბა, რა, უმფროსო, აბა, რა? - ლამის "ჩესტი" აუღო მელაძემ.

- ბიჭებო, ძააან მაგრები ხართ, ბიძინა ივანიშვილი თავისი პარტიის წევრებს რომ ჭამს დანა-ჩანგლით, მაგაზე როდის ამზადებთ სიუჟეტს? - დაიჭყანა მარინა ბერიძე.

- მალე, ქალბატონო მარინა, მალე... ჯერ უნდა გამოვაცხადო, რომ მე ეკა ბესელია ვარ, მერე კი საზოგადოებას ვაჩვენებ, როგორ ჭამს ბიძინა ეკას!

- კი, მაგრამ საზოგადოებას ეგ როგორ უნდა აჩვენო? - ჩაეკითხა ბერიძე.

- ჰმ... კარგი, რა, რა უნდა მაგას? მოიყვანე ერთი-ორი დამთხვეული და ალაპარაკე, თუ როგორ გამოიტანა მავანმა, ანუ სანდო წყარომ ივანიშვილის სახლიდან ამბავი, როგორ დაკლა ბიძინამ ეკა, როგორ გაფუფქა ადუღებული წყლით, როგორ მოხარშა და მერე როგორ შეჭამა. აქ შესაძლებელია მეორე ვერსიის გათამაშებაც - ბიძინას უნდოდა ეკას შეჭმა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოახერხა და სოლოლაკის სასახლიდან თავი დაიხსნა, ჩვენი ჟურნალისტი მიეხმარა.

- ძალიან საინტერესო ვერსიებია, უმფროსო, შენ სხვა ვერსიებიც გექნება, - მიუგო ჯულიეტოვიჩმა და აბდულ შაჰილივით მოტვლეპილ თავზე ხელი გადაისვა. 

- მაქვს, აბა, არ მაქვს? ჩემი ვერსიები და ფანტაზიები უშრეტია, ჩემო ჯულიეტოვიჩ! - გაიბღინძა გვარამია.

- უდავოდ ნიჭიერი ხარ, მაგრამ ბოლო დროს უცნაურობები დაგჩემდა, ხან წითელ წიწაკას მაჭმევ სტუდიაში, ხან კიდენა, რა ვიცი... თან ლაპარაკის დროსაც წაუგიჟებთ ხოლმე შენ და მიშა, - ამოიკვნესა ეკა კვესიტაძემ.

- ნუთუ? - თვალები ზე აღაპყრო გვარამიამ მრავალმნიშვნელოვნად.

- დიახ, მე, გენაცვალე, ჩემი ქმარი უტიაშვილის კი არ მექცევა ასე, - მიუგო კვესიტაძემ.

- ესე იგი, შენ ჩემს გენიოსობას არ აღიარებ, ხომ? - მკაცრი გამომეტყველება მიიღო გვარამიამ და სახე ჭიანი კარტოფილივით გაუხდა.

- მე ეგ არ მითქვამს.

- წნევა ხომ არ გაგიზომო?

- არა, ამჯერად საჭირო არ არის! - ტუჩი აიტმუკნა ეკამ.

- კარგი... კიდევ რა გვაქვს, ნოდარ, კიდევ რით უნდა დავაბოლოთ ჩვენი მრევლი?

- რითა, უმფროსო, და... უახლოეს ხანში ციდან ტალახიანი წვიმა წამოვა!

- რათა?

- ოჰ, ვერ მიხვდა შენი უნიკალური გონებაააა? მთელი გურია და აჭარა ხო გადათხარა ბიძინამ? ჰოდა, ეს ტალახი ავიდა ცაში და იქიდან წამოვა წვიმადააა! - ხელები აღაპყრო მელაძემ და თვალები უცნაურად გადაატრიალა, რამდენიმე წუთით დაელმდა.

- აი, გეუბნები, რააა... გენიოსი ხარ, ოღონდ ჩემს მერე! - შესძახა გვარამიამ და ნაფაზი დაარტყა.

- სიუჟეტს დავადებთ ძაან მძიმე მუსიკასააა... ციდან კიდე წამოვა ტალახი, ჭუჭყი, ძონძი და წუმწუმაიიი... ალაგ-ალაგ გაიელვებს ბიძინას სახეეე... თან იქნება ჭექა და ქუხილიიი!

- მაგაააარ! სხვათა შორის, მიშამ კიდე შემახსენა, ნოდარას გაუფრთხილდიო, ცივი ნიავი არ მიაკაროო!

- მართლა? ეგ ჩემთვის დიდი პატივია, უმფროსო, სუ იმაზე ვფიქრობ, ბატონ მიშას როგორ დავემსგავსო-მეთქი!

- მიშა ერთადერთია და განუმეორებელი, ბრიყვო! - წამოხტა ზეზე ჯულიეტოვიჩი.

- კარგი, ეხლა ნუ დაჭამთ ერთმანეთს... ისე, მიშასნაირი რო გახდე, ჯერ მე უნდა დამემსგავსო, პირდაპირ გამორიცხულია, - გაინაზა გვარამია.

- ჰოდა, ეგრეც ვიზამ! - გაიჭიმა მელაძე და დანარჩენებს ენა გამოუყო.

- ეხლა წადით, მარტო დამტოვეთ, ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზე უნდა ვიფიქრო... ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობ - "როგორ გავათავისუფლოთ საქართველო ოლიგარქისგან"... ხომ კაი სათაურია, ნოდარ?

- კარგია, მაგრამ რაღაც აკლია, უმფროსო, - თქვა მელაძემ და ცხვირზე თითი გაისვა ვიოლინოს ჯოხივით.

- მაგალითად, რა?

- უნდა იყოს - "როგორ გავათავისუფლოთ ჩვენი სანუკვარი ქვეყანა ბოროტი ოლიგარქისგან".

- ვააა... გეუბნებით, გენიოსია-მეთქი ეს ბიჭი!

- ოღონდ შენს მერე, ნიკა, - დაიჭყანა ისევ მარინა ბერიძე.

- ნუ, ეგ თავისთავად... წადით, დამტოვეთ, შედეგების შესახებ ხვალ შეგატყობინებთ, - აიქნია ხელი გვარამიამ.

ისინი ფეხის წვერებზე შემდგარნი გაიკრიფნენ ოთახიდან. მთელი "თფილისი" გაუჩინარდა კარს მიღმა. ნიკამ ერთი ამოიხვნეშა და უფალს შეჰღაღადა: ოჰ, ღმერთო, მაინც და მაინც მე რატომ ამკიდე ასეთი ტვირთი? თუმცა, თუ არა მე, მაშ, ვის? აბა, ვინ არის ჩემი მსგავსი? ის ჩოილარი გაიქცა ჰოლანდიაში და ყოველი კვირის ბოლოს იძახის, უნდა ჩამოვიდეო. ჰმ... სად უნდა ჩამოხვიდე, ტოოო, ეგრევე ციხეში გიკრავენ თავსა. შენ თუ გგონია, მელაძე და მელია გიშველიან, ძალიან ცდები. აგერ, კირკიტაძე მიაბრძანეს "კაპეზეში" და აღარავის ახსოვს.ვანოც დაივიწყეს. არა, კვესო როგორ აქეზებდა, ჩამოდიო... ესეც კაი შებერტყილია, მერე წამოწვება შოთას მკლავზე და უყურებს სეირს. თავიდანვე არ უნდა გაქცეულიყო ჩვენი ჩოილარი და ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად.

- ნიკა, ეკა ბესელიას ვიდეოებზე თექვსმეტი "ნაციონალი" დააპატიმრეს და რა ვქნათ? - შემოაღო კარი მელაძემ.

- გამოაცხადე, რომ ჩაუდეს ამ დედამოტ...ნულებმა, მერე გამოიყვანეთ მაგათი ნათესავ-მეგობრები და ალაპარაკეთ, რომ ძაან მაგარი ადამიანები არიან, თბილები და კეთილშობილები, მაგას არ იზამდნენ. ბოლოს გაუშვი ვერსია, ეგ ყველაფერი ბიძინას დავალებით კეთდება-თქო.

- ესე იგი, ბიძინამ დაავალა სუსს და სუსმა ჩაუდო "ნაციონალებს", ხო? - გაებადრა სახე მელაძეს.

- ჰო, აბა, სხვა ვერსია გვაქვს? ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, ამ დედამოტ...ნულებს! - დაიწყო ბოლთის ცემა გვარამიამ. ჰო, კიდე ისა... ჯანგოს დაურეკე, აქუმ ელისაშვილი მიიყვანოს სტუდიაში და რაც შეიძლება ბევრი ყ..ეობა ალაპარაკოს, პირდაპირ კალაძეს დაადოს ხელი. ჭუტას "პირველშიც" გადარეკე, ერთი კაი შოუ მოაწყონ დაპატიმრებულების თემაზე, არასამთავრობოები მიიყვანონ და ადამიანის უფლებებზე გაუშვან ბაზარი. კიდე მოვიფიქრებ რაღაცებს და დაგიძახებ.

- კარგი, უმფროსო, მაგრამ აღარ ვთქვათ ხაზგასმით, რომ დღეს ეკა ხარ?

- არა, მაგაზე თავი შევიკავოთ, ეხლა დაკავებულებს უნდა მივხედოთ და გამოვიხსნათ მტარვალი ოლიგარქისგან!

- მეც ეგრე ვფიქრობდი! - გაიხურა კარი მელაძემ.

გვარამია სავარძელში ხვნეშით ჩაეშვა და ღრმად ამოიგმინა: ო, როგორ მძულს ბიძინა ივანიშვილი, ვერ ვიტან, მეზიზღება, რომ შემეძლოს, დიდი სიამოვნებით დავხვრეტდი... თუ ვერ დავხვრეტდი, სიცოცხლეს გავუმწარებდი. კი ვუმწარებ სიცოცხლეს, მაგრამ პირწავარდნილი ანაკონდაა, არ მოქმედებს, ისე იქცევა, გეგონება არაფერი ხდება. ნიკოლოზ, რატომ გძულს ეს ადამიანი, შენ ხომ კაცთმოყვარე ლიბერალი ხარ? - ჩასძახა იმავე წუთს მეორე "მე"-მ, მეორე ნიკოლოზმა. ჰმ... კაცთმოყვარე და ლიბერალი... ვერ ვიტან ამ სიტყვებს, როცა საქმე ეხება ჩემს მამულს, ჩემს დედულს, ჩემს სამშობლოს. ჩვენ ვაშენებდით ქვეყანას, ვაგებდით გზებს, ვღებავდით ფასადებს... მერე რა, რომ ზოგს ვკლავდით, ზოგს კიდე ვტ...ნავდით, ამას ხომ მამულის სიყვარული ითხოვდა? აბა, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, თქვე ჩემისებო? მოვიდა ეს ანაკონდა, გამოძვრა ჭორვილის სოროდან და ყირაზე დაგვიყენა მთელი ცხოვრება. ეხლა მამუნათებენ, წითელ წიწაკას ჭამ და ჩვენც გვაჭმევო, კუჭები დაგვიავადდაო, ტრაკები გვეწვისო. არადა, თუ წითელ წიწაკას არ ჭამ და ტრაკი არ გეწვის, რაა მამული?! - ასე წაეჩხუბა პირველი "მე", ანუ პირველი ნიკოლოზი მეორე "მე"-ს, ანუ მეორე ნიკოლოზს.

- უმფროსო, ერთი იდეა მაქ და უნდა გაგანდო, - ისევ შემოყო თავი კარებში მელაძემ.

- ჰო, მითხარი, რა ჩემი ფეხები გინდა?!

- ამაღამ რო გამოვაცხადოთ, თბილისში წყალი მოწამლულია და არ დალიოთო, როგორი იქნება?

- მძიმე მუსიკა დაადე და "სტრაშნი" ხმით გამოაცხადე, ონკანებში წუმწუმა მოდის-თქო, თან დააკომენტარე, მაგ წუმწუმას სოლოლაკის საიდუმლო სასახლიდან უშვებენ-თქო!

- მეც ეგრე ვფიქრობდი! - გაიხურა კარი მელაძემ.

გვარამია კვლავ ჩაიძირა ფიქრებში: ესე იგი, თუ ტრაკი არ გეწვის, რაა მამული? რაღა წიწაკით უნდა გეწვოდეს, აჯიკა არ წავა? - გამოეპასუხა მეორე "მე". წიწაკა უფრო გამოკვეთილია, უფრო ეფექტურია! - გაბრაზდა პირველი "მე". დაიღალა, ძალიან დაიღალა ნიკოლოზი, ბოლო დროს მოჩვენებებიც მოეძალა, ბადრი პატარკაციშვილი გამოეცხადება ხოლმე, არაფერს ეუბნება, დგას და უბრალოდ იღიმის. ასეთი დუმილი უფრო მძიმეა, ამ დროს ორგანიზმის ქავილი ეწყება შიგნიდან. ამას როდემდე გაუძლებს, არ იცის. თუმცა უნდა გაუძლოს, მეტი რა გზა აქვს? არ უნდა, შვილებმა და შვილიშვილებმა ივანიშვილის საქართველოში იცხოვრონ. ერთი ხანობა ფიქრობდა, თუ სალომე პრეზიდენტი გახდებოდა, საერთოდ წასულიყო სამშობლოდან, მაგრამ გადაიფიქრა, ვის უნდა დაუტოვოს ქვეყანა, ვის, ქოცებს? ნურას უკაცრავად!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"