გიორგი გახარია: ძმაო, მამუკ, ვიღებ კალამს და გიძღვნი სალამს, ამ წერილს ვატან ჭუჭულიკას!

გიორგი გახარია: ძმაო, მამუკ, ვიღებ კალამს და გიძღვნი სალამს, ამ წერილს ვატან ჭუჭულიკას!

როგორც უკვე იცით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ წერილი გაუგზავნა. როგორც თავად ხაზარაძემ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, ეს იყო მუქარის წერილი. მართალია, მან შინაარსი არვის გააცნო, მაგრამ "ლიდერმა" მაინც მოიპოვა და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უცვლელად გთავაზობთ:

"ძმაო, მამუკ, ვიღებ კალამს და გიძღვნი სალამს. ამ წერილს გიგზავნი სასწრაფო წესით, ვატან ჩემს კურიერ ჭუჭულიკას. მარტო მაგას ვენდობი. სხვათა შორის, მეგონა, წერის დროს ქათქათა ფურცელზე მელანი დამეწუნწკლებოდა, მაგრამ შენ წარმოიდგინე, ასე არ მოხდა - მელანი აღმოჩნდა მეტად ხარისხიანი. ჰო, აგერ წუნწკლებზე გამახსენდა... გავიგე, შენს ბანკში ერთი საკითხი აქოთებულა, 2008-ში სესხი აგიღია და აღარ დაგიბრუნებია, შენ და ბადრის შეგიტყაპუნებიათ. არა, მერე კი დაგიბრუნებიათ, მაგრამ ახლა ნება იბოძე და ხალხი გაარკვია, რა დაუმალე სახელმწიფოს? ვერ გავიგე, ფული გაათეთრე, ბიჭო? გეუბნები, სანამ პროკურატურა იტყვის, სანამ შენი საერთაშორისო იმიჯი შეილახება და მიიწუნწკლ-მოიწუნწკლება, თვითონ დაალაგე სიტუაცია.

ძმაო, მამუკ, მე წერილებს არ ვწერ, ყველას პირში ვეუბნები სიმართლეს, მაგრამ შენ გენდობი, გიგზავნი ელვა-დეპეშას ჭუჭულიკას ხელით. ვიცი, არ გააბაზრებ... თუ გააბაზრებ, ეგეც მკიდია, მაინც არავინ დაგიჯერებს. წერტილი"!!!