ზაზა ოქუაშვილის საქმეზე საგანგებო არბიტრმა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები გაიზიარა

ზაზა ოქუაშვილის საქმეზე საგანგებო არბიტრმა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები გაიზიარა

მედიის მხრიდან გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო სასამართლოში ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
 
2019 წლის 19 ივლისს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფარგლებში დანიშნულმა საგანგებო არბიტრმა გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები და არ დააკმაყოფილა ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა საქართველოსთვის დროებითი ღონისძიების დაკისრების შესახებ. ოქუაშვილი ითხოვდა დროებით ღონისძიებას, რათა არ აღსრულებულიყო  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.   თუმცა, საგანგებო არბიტრმა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები გაიზიარა და ოქუაშვილის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
 
 
საქმის ქრონოლოგია:
 
მიმდინარე წლის 2 აპრილს საგანგებო არბიტრმა გამოიტანა გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა და დაავალა მოპასუხე მხარეს − საქართველოს, თავი შეეკავებინა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებისაგან.
 
თუმცა, ამავე საარბიტრაჟო ინსტიტუტის ფარგლებში,  არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ ძალა დაკარგა 2 ივლისს. გადაწყვეტილება ძალადაკარგულად ჩაითვალა, რადგან საქმე არ გადაეცა საარბიტრაჟო ტრიბუნალს. საქმე საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გადაეცა იმის გამო, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, არ აღიარებს მოცემულ დავაზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის იურისდიქციას და, საარბიტრაჟო წესების შესაბამისად დადგენილ 90 დღის ვადაში, მის მიერ არ განხორციელდა ხარჯების წინასწარი გადახდა. 
 
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტისათვის მხარეების მიერ გადასახდელი თანხა ჯამში იყო 520,000 ევრო. აქედან, გადასახდელი 260,000 ევრო, როგორც ხარჯების კუთვნილი ნახევარი, გადაიხადა ზ. ოქუაშვილმა.   იმის გამო, რომ საქართველო მოცემულ დავაზე არ აღიარებს აღნიშნული საარბიტრაჟო ინსტიტუტის იურისდიქციას, სახელმწიფომ არ გადაიხადა არბიტრაჟის ხარჯების მეორე ნახევარი.  სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტმა მიუთითა ზ. ოქუაშვილს, რომ თავად გადაეხადა მთლიანი ხარჯი და ქართული მხარის გადასახდელი ხარჯების გადასახდელად, ზ. ოქუაშვილისვე მოთხოვნით, ვადა დაუნიშნა 2 აგვისტომდე, რაც ზ. ოქუაშვილის მიერ არ შესრულდა.
 
იმის გამო, რომ  არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილებამ 2 ივლისს ძალა დაკარგა, 2019 წლის 15 ივლისს ზ. ოქუაშვილმა კვლავ მიმართა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტს და მოითხოვა საგანგებო არბიტრის ხელახალი დანიშვნა და საქართველოს სახელმწიფოსთვის დროებითი ღონისძიების ხელმეორედ დაკისრება.  ამ მოთხოვნისას ზ. ოქუაშვილი ეყრდნობოდა იმავე საფუძვლებს, რომელთაც უთითებდა პირველი საგანგებო არბიტრაჟის ფარგლებში.
 
მოცემული მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, იუსტიციის სამინისტრომ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა,  წარადგინა შემდეგი არგუმენტები: 
 
ზ. ოქუაშვილს არ ამოუწურავს ადგილობრივ დონეზე მისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი საშუალებები და პირდაპირ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს ისე, რომ არ მიუმართავს ადგილობრივი სასამართლოსთვის აღსრულების გადადების ან განწილვადების მოთხოვნით;
ოქუაშვილმა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწვეტილების ცნობა-აღსრულების მოთხოვნით მიმართა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან თითქმის ორ თვეში, კერძოდ 20 მაისს. თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება მისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, გასაკვირია, რატომ იცდიდა ის ამდენ ხანს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ფარგლებში გასამართი აუქციონის ჩატარება, „აღსრულების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოითხოვს გრძელვადიან პროცედურებს (რამდენიმე თვეს − რეალიზებისთვის განკუთვნილი ქონების აღწერა, შეფასება) და სახეზე არ იყო  გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც ოქუაშვილი უთითებდა თავის განაცხადში.
 
იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ არგუმენტების წარდგენის შემდეგ 2019 წლის 19 ივლისს საგანგებო არბიტრმა არ დააკმაყოფილა ზ. ოქუაშვილის მოთხოვნა  და მიუთითა, რომ არ არსებობს დროებითი ღონისძიებების დადგენის გადაუდებელი აუცილებლობა, რასაც, სხვა გარემოებებთან ერთად, მოწმობს ზ. ოქუაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოსადმი მიმართული დაგვიანებული მოთხოვნა საგანგებო არბიტრის 2 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოში ცნობა-აღსრულების შესახებ.
 
ასევე, საგანგებო არბიტრმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ  ზ. ოქუაშვილს  უნდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილების ვადის გასვლის შესაძლებლობა და წინასწარ თავად გადაეხადა მოპასუხის (საქართველოს) ხარჯის ნაწილი, რათა ტრიბუნალს გადასცემოდა საქმე და ვადის გასვლა აერიდებინა თავიდან.
 
საგანგებო არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება, ასევე, დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ საქმე ეხება სახელმწიფოს მიერ თავისი სუვერენული უფლების განხორციელებას − გადასახადების მოკრებას, რა დროსაც საგანგებო არბიტრის უფლებამოსილება შეზღუდულია, ვინაიდან არ უნდა მოხდეს სახელმწიფო სუვერენიტეტში არასათანადო ჩარევა. არბიტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს საგადასახადო დავალიანებასთან, რომლის არსებობას თავად განმცხადებელიც აღიარებს.